მიმდინარეობს საიტის განახლება

ქართული კომპანიების 6 ნაკლი

N1 ქართული კომპანიების ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე დიდი ნაკლია კომპანიის მესვეურთა დამოკიდებულება თანამშრომლების მიმართ. დამსაქმებელი ნაკლებად ან საერთოდ არ ზრუნავს დაქირავებულის ინტერესთა დაკმაყოფილებაზე. აქ საუბარია არამხოლოდ ხელფასის რაოდენობაზე, არამედ თუნდაც ელემენტარულ სამუშაო პირობებზე. ხშირად მოქმედებს პრინციპი “არ არსებობს შეუცვლელი თანამშრომელი”. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი კადრების ხშირი ცვლისა, რაც დიდ პრობლემად არ მიაჩნიათ დამსაქმებლებს. მათ არ ესმით ელემენტარული რამ, რამდენად მნიშვნელოვანია დასაქმებულის მოტივაცია მისი ეფექტურად მუშაობისთვის. მოტივირებული თანამშრომელი ხომ კომპანიის წარმატების გარანტია.

N2 ცუდად განაწილებული ფუნქციები: ბუნდოვნადაა განსაზღვრული ვის რა ევალება, რომელი თანამშრომელი რაზე არის პასუხისმგებელი. ქართული კომპანიების ნაკლია ასევე ფუნქციების არათანაბრად განაწილება. ზოგიერთ დასაქმებულს ძალიან ბევრი საქმის გაკეთება უწევს, მაშინ როცა ზოგიერთი საერთოდ არაა დატვირთული.

N3 არარეალური მოთხოვნები ახალი თანამშრომლებისადმი. მაგალითად, როცა დამლაგებლის ვაკანსიაზე მინიმუმ 2 უცხო ენის ცოდნასა და 3 წლიან გამოცდილებას მოითხოვენ. მსგავსი მოთხოვნებით კომპანიამ შეიძლება ბევრი კარგი პოტენციური მუშა-ხელი დაკარგოს.

N4 უფუნქციო ეიჩარი. ახალი კადრების აყვანისას კომპანიის უფროსის ნებას უფრო გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ეიჩარს. სამსახურში აყვანილი თანამშრომელი შეიძლება საერთოდ არ იყოს მისი შესაფერისი და ეს იყოს არა ეიჩარის შეცდომის, არამედ იმის ბრალი, რომ ეიჩარს საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა ამ საკითხის გადაწყვეტაში.

N5 მცდარი წარმოდგენა უფროსის უფლება-მოვალეობებზე. “უფროსი ფეხი-ფეხზე გადადებული უნდა იდჯდეს და სხვებს აკეთებინებდეს საქმეს”. სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა – უფროსებს, დირექტორებს, მაღალი თანამდებობის პირებს ყველაზე ბევრი და საპასუხისმგებლო სამუშაო უნდა ჰქონდეთ.

N6 მწყრალი დამოკიდებულება ახალ მედიასთან. წარმოუდგენელია იყო წარმატებული კომპანია 21-ე საუკუნეში და არ გქონდეს ფეისბუქის გვერდი! ახალი მედია თანდათან ფეხს იკიდებს საქართველოში, ამიტომ მისადმი არასერიოზული მიდგომა კომპანიების მხრიდან უბრალოდ უპატიებელია!