ენერგეტიკული სისტემა სტრატეგიული მნიშვნელობის დარგია ყველა ქვეყნისთვის და ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. საქართველოს განვითარება ენერგეტიკული სისტემის სრულყოფაზეა მნიშვნელოვნად დამოკიდებული.
ათენის ხელშეკრულებამ 2005 წლიდან აამოქმედა ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება. ამ გაერთიანების უმთავრესი მიზანია ევროკავშირისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების ენერგეტიკული სისტემების გაერთიანება, რათა ევროკავშირის ენერგეტიკული და ეკოლოგიური კანონმდებლობა გავრცელდეს დღეს ევროპის კავშირის არაწევრ ამ ევროპულ ქვეყნებზეც.
2007 წლიდან საქართველო ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში სარგებლობდა დამკვირვებლის სტატუსით, 2013 წლიდან ოფიცალური განაცხადიც გააკეთა მის წევრობაზე და 2016 წელს გახდა კიდეც ამ გაერთიანების წევრი.
საქართველოს გაწევრიანება ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში დღეს განიხილება როგორც სტრატეგიული სატრანზიტო პროექტების განხორციელების მნიშვნელოვანი წინაპირობა.
საქართველოს განვითარებისათვის აუცილებელია კონკურენტ უნარიანი ენერგო სექტორის განვითარება და ამ დარგში ევროპული სოციალური და შრომითი სტანდარტების დამკვიდრება. ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებას ინვესტიციების, ვაჭრობის, ენერგეტიკული ქსელების, ენერგეტიკოსთა პროფესიული და სოციალური განვითარების თვალსაზრისით დიდი შესაძლებლობები გააჩნია.
საქართველო ევროკავშირთან ასოცირებულ ურთიერთობებში იმყოფება, შესაბამისად უკვე აკისრია ევროპის ენერგეტიკული კანონმდებლობის პაკეტის განხორციელების ვალდებულება. საქართველოში ევროპული ენერგეტიკული კანონმდებლობის დანერგვა სათანადო ევროპულ ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას გულისხმობს. ასევე ამ პროცესის თანმდევია დარგში ცივილიზებული შრომით ურთიერთობების, სოციალური პასუხისმგებლობის, დიალოგისა და პარტნიორობის განვითარება. გაერთიანებაში წევრობა ქვეყნისთვის ინსტიტუციურ და ტექნოლოგიურ წინსვლასაც ნიშნავს. ერთობლივი პროექტების მეშვეობით საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები გაიზრდება.
ევროპი ენერგეტიკული გაერთიანება ის პლატფორმაა, სადაც საქართველოს შეუძლია იმ ქვეყნებთან თანამშრომლობა, რომლებთანაც დღეს პირდაპირი ენერგეტიკული კავშირი არ გააჩნია. ქვეყანას ამ ფორუმში მონაწილეობით ეძლევა საშუალება საგანგებო ენერგეტიკულ სიტუაციებში ათენის ხელშეკრულების შესაბამისად აამოქმედოს ურთიერთდახმარების ხელშეკრულება. ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრ საქართველოს ეძლევა ინსტრუმენტი რითაც იგი განახორციელებს ევროკავშირის პირდაპირ რეაგირებას
საქართველოს სახელმწიფოს შეუძლია ისარგებლოს ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრობით და მოითხოვოს პასუხი რუსეთის ფედერაციის ანტისამართლებრივ ქმედებებზე, როგორიცაა მცდელობა ოკუპირებული აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის კონტინენტურ შელფზე დაიწყოს ნავთობის მოპოვება, ხოლო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მილსადენების მშენებლობა.
ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს წევრობა ასევე თანხვედრაშია საქართველო – აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიასთან.
ევროკავშირი უახლოს წლებში ერთიანი ენერგო ბაზრის ჩამოყალიბებაზეა ორიენტირებული და მის ურთიერთობა ენერგეტიკულ საკითხებში მესამე ქვეყნებთან ასევე ერთიანი გახდება.
ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში მონაწილეობა საქართველოს შესაძლებლობებს სთავაზობს, ქვეყანას ახალი ქმედითი ბერკეტი ეძლევა მისი სუვერენიტეტის დასაცავად ენერგეტიკულ სფეროში, ცივილური სოციალურ-შრომითი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად.