ხარვეზებით სავსე შრომის კოდექსი, გენდერული სტერეოტიპები და დისკრიმინაცია – ეს ყველაფერი თანამედროვე ქართველი ქალებისთვის სირთულეებს ქმნის შრომით ბაზარზე, თუმცა სქესობრივი და ასაკობრივი ექსპლუატაციის შესახებ დღეს ბევრს არ საუბრობენ, ფაქტები ამის შესახებ ისედაც მეტყველებენ. შრომით ბაზარზე სქესობრივ და ასაკობრივ დისკრიმინაციას თვითონ დამსაქმებლები ქმნიან. მაგ: “გათხოვილი ხართ?” ”რამდენი შვილი გყავთ?” ”ახლო მომავალში დაფეხმძიმებას ხომ არ გეგმავთ?” – ქალებისა და გოგონების უმრავლესობა ასეთ შეკითხვებს დამსაქმებელთან ინტერვიუზე საქართველოში ხშირად გაიგონებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ შეკითხვების დასმა, ფედერალური კანონმდებლობის თანახმად, უკანონოა, ხოლო აკრძალვა იმ სიკეთის დაცვას ემსახურება, რასაც ქალთა შრომითი უფლებები ეწოდება. დღეს, ქალები საზოგადოებაში კვლავ რჩებიან დისკრიმინირებულ ჯგუფად, შესაბამისად, მათი წვდომა და კონტროლი საზოგადოებრივ სიკეთეზე არათანაბარია, გენდერული როლის მიხედვით დაწესებული ქცევის მოდელებისა და მოლოდინების გამო უთანასწორობისა და ჩაგვრის მრავალ შემთხვევას აქვს ადგილი. საქართველოში გენდერული უთანასწორობა, შრომის ბაზარზე და განასაკუთრებით შემოსავლის მიხედვით, დასტურდება ოფიციალური მონაცემების პირველადი მიმოხილვით. საშუალო სტატისტიკური ქალის შემოსავალი საქართველოში მამაკაცის შემოსავლის მხოლოდ 2/3 – ს შეადგენს, რაც შრომის ბაზარზე არსებული სეგრეგაციითა და გენდერული როლების ტრადიციული აღქმითაა გამოწვეული. 2015 წელს საქართველოში, საშუალო ხელფასი 855 ლარია , მონაცემების მიხედვით მამაკაცის საშუალო ხელფასმა შეადგინა – 1030 ლარი, ხოლო ქალისამ- 650, სხვაობამ კი – 387,40 ლარი. ქალების პროცენტული მაჩვენებელი განათლების სფეროში 70 % შეადგენს, ხოლო ხელფასი ქალისა მამაკაცის ხელფასზე 122 ლარით ნაკლებია . მედიცინაში ქალისა და მამაკაცის ხელფასს შორის სხვაობა კი 284 ლარია. სამსახურში დაწინაურების და ხელფასის ზრდის მხრივ ორივე სქესს მეტ-ნაკლებად თანაბარი შესაძლებლობა აქვს, თუმცა ქალებს, მამაკაცებთან შედარებით, პრემიის მიღების დაბალი შანსი გააჩნიათ. შეგვიძლია ვთქვათ , რომ ხელფასების გენდერული განსხვავების მიზეზები საქართველოში ნაკლებადაა შესწავლილი. ქალები მთელი მსოფლიოს მუშახელის თითქმის ნახევარს შეადგენენ და ზოგჯერ წამყვან, აღმასრულებელ თანამდებობებზეც გვხვდებიან , ძირითადად მაინც თანასწოროპის პრინციპს მოკლებულები რჩებიან. პარლამენტში არჩეული ქალების რაოდენობის თვალსაზრისით საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგი აქვს. პარლამენტის 150 წევრიდან მხოლოდ 17-ია ქალი, ანუ, ჯამში, 11.3%. არსებული მდგომარეობის ფონზე, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის დოკუმენტში „საქართველო 2020“, რომლის სამ მიზანთაგან ერთ-ერთს ადამიანური რესურსების განვითარება წარმოადგენს, არ მოიძებნება სულ მცირე ჩანაწერიც კი იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო გეგმავს ხელი შეუწყოს ქალებს, როგორც ჯგუფს, რომ მათ შეძლონ უფრო მეტად ეფექტურად შესვლა და შემდგომ კი განვითარება შრომის ბაზარზე, სრულყოფილი განათლების მიღება და ა.შ .
რთულია იბრძოლო ანაზღაურების სხვაობაზე გენდერულ ჭრილში და შრომით ბაზარზე ზოგად უთანასწორობაზე, მაგრამ აუცილებელია სისტემური აქცენტირება მაქსიმალური რეალიზების საკითხებზე . პირველ ყოვლისა, თვით ქალთა სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური სტატუსის ასამაღლებლად, ვინაიდან თვითრეალიზაციისკენ, ეკონომიკური დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვა მათი უფლებაა. ამას გარდა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქალის მიერ ოჯახში თუ ოჯახს გარეთ გაწეული შრომა მნიშვნელოვნად განამტკიცებს სახელმწიფოს ძლიერებას.
სალომე კარანაძე