საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარის, თამაზ დოლაბერიძის განცხადებით, ფოთის მეტალურგიული ქარხანა კვლავ დასაქმებულთა შეურაცხყოფისა და ღირსების შელახვის კერად რჩება.
მიმდინარე წლის მაისის თვეში, შპს “მოულდს ენდ მეტალს ჯორჯია“-ს მფლობელობაში არსებულ ფოთის მეტალურგიულ ქარხანაში, სამუშაოდან ქარხნის რიგითი თანამშრომელი ამირან გამზარდია გაანთავისუფლეს.
განთავისუფლების მიზეზად ადმინისტრაციამ ამირან გამზარდიას მიერ შრომის კონტრაქტითა და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა დაასახელა, თუმცა განთავისუფლებული ამირან გამზარდიას თქმით მსგავსი მიზეზი არ უნდა არსებობდეს, რადგან ის ქარხანას მუშაობის ბოლო მომენტამდე პირნათლად ემსახურებოდა.
კომპანიის ამ ქმედების რეალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია და ამას სასამართლო აუცილებლად დაადგენს, თუმცა კომპანიაში საკადრო პოლიტიკის განხორციელების პროცესში კომპეტენციის პრობლემები რომაა და დასაქმებული ადამიანიც რომ დიდად არაფრად მიაჩნიათ ესეც აშკარაა.
ამჟამად ქარხანაში ამირან გამზარდიას ოჯახის რამდენიმე ნათესავი მუშაობს, რომლებსაც ადმინისტრაციიდან ფარული მუქარა უკვე შეუთვალეს იმ მოთხოვნით, რომ თუ ბატონი ამირანი პროფკავშირის მიერ გამოყოფილ იურისტზე უარს არ იტყვის და სასამართლოში სარჩელს მაინც შეიტანს, მათაც გაანთავისუფლებენ სამსახურიდან.
“სწორედ ესაა ის საწარმო, საიდანაც 2013 წლის მარტში განხორციელებული გაფიცვის დასრულების შემდეგ, გაფიცვის აქტიური მონაწილეების მიმართ ტოტალური დევნა განხორციელდა და ყველა მათგანი (20-ზე მეტი) თითქოსდა ღამის ცვლაში ძილის გამო გაანთავისუფლეს სამსახურიდან.
საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი ბოლომდე იბრძოლებს ამირან გამზარდიას უფლებების და ინტერესების დასაცავად. მისთვის გამოყოფილია ადვოკადი, რომელიც ორშაბათს, ფოთის საქალაქო სასამართლოში შეიტანს სარჩელს შპს ,,მოულდს ენდ მეტალს ჯორჯია“-ს წინააღმდეგ.
ჯერჯერობით საქართველოს ინდუსტრიულ ობიექტებში დისკრიმინაციული, ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი გარემოა და ამაზე სერიოზული რეაგირებაა საჭირო ხელისუფლების მხრიდან“ –.აცხადებს თამაზ დოლაბერიძე.