ხანგრძლივი ისტორიული პროცესის შედეგად ჩამოყალიბებული მშრომელთა სოციალური, მატერიალური და შრომითი უფლებებისა და ინტერესების დაცვის საიმედო გაერთიანება – პროფკავშირი, საზოგადოებრივი და საწარმოო პროგრესის ინსტრუმენტიც არის. ის როგორც ინსტიტუტი მოწოდებულია დაიცვას დასაქმებულის შრომის ყველა პირობა, თავად შრომის ფსიქოლოგიური ატმისფერო, დრო და შრომის პროცესის ყველა წვრილმანიც კი, რათა ეს შრომა მშრომელს ერთ დიდ დამთრგუნველ პროცესად არ ექცეს.
სამწუხაროა მაგრამ ფაქტია საწარმოო-შრომითი პროცესის ჰუმანიზაცია არ წარმოადგენს სწორხაზოვან პროგრესულ ხაზსს. ამ პროცესს ზიგზაგისებური ფორმაც აქვს და ხშირად უკუსვლაც განუცდია. ხშირად დიდი ხნის წინ უკვე გავლილ ეტაპს თავი კვლავ გამოუვლენია, ახალ გარსაცმში შეფუთულს კვლავ დაუმკვიდრებია თავი საწარმოო-შრომით ურთიერთობებში. პროფკავშირის მიმართ სოცილური პარტნიორობის არა მოსურნეთათვის ასეთ ძველი „სიახლეა“ ფლექსიბილიზაციის მეთოდი. ამ მეთოდს მიმართავენ რათა მშრომელთა სოციალური, მატერიალური და შრომითი უფლებებისა და ინტერესების დამცველი გაერთიანება-პროფკავშირი საწარმოო-შრომით ურთიერთობებში “თამაშგარე“ მდგომარეობაში ჩააყენონ. ფლექსიბილიზაცია გველივით მოქნილია და მასავით მაცდუნებელი. იგი დასაქმებულს მასზე მზრუნველის ნიღბით ევლინება და მას პროფკავშირის მიერ მისთვის სახიფათოდ შერაცხული „ნაყოფის“ დაგემოვნებას სთავაზობს. თითქოსდა მისი „დაგემოვნების“ შედეგად მარტოკაცი დასაქმებული მატერიალურ ფუფუნებას და ზეადამიანურ „სრულყოფილებას“ ეზიარება. ფლექსიბილიზაციის აპოლოგეტები დასაქმებულს უბიძგებენ უარი თქვას პროფკავშირზე და მარტოკაცად მიუჯდეს დამსაქმებელთან მოლაპარაკების მაგიდას. პროფკავშირი „მესამე ძალაა“, ის სრულიად ზედმეტია და დაე დასაქმებულმა მისგან დამოუკიდებლად იმოქმედოს. ამ სამყაროსავით ძველი რომაული გამოთქმა „დაყავი და იბატონე“ ყველაზე უფრო ნათლად გამოხატავს ფლექსიბილიზაციის დაფარულ ზრახვას.
ფლექსიბილიზაციის მეთოდის თავზე მოხვევის შედეგად ნაკუწდება მშრომელთა საერთო სტრატეგიული ინტერესები, იგი გადაიფარება ცალკეული დასაქმებულის გარდამავალი ხასიათის, მოკლე ვადიანი, უაღრესად სპეციფიკური ინტერესით. ფლექსიბილიზაცია პირველ რიგში ეხება სამუშაო დროს, შრომის ორგანიზაციასა და ხელფასს. მას ეს ყოველივე მოქნილობის საბაბით გამოჰყავს დასაქმებულთა შრომითი ინტერესების კოლექტიური მოქმედების ფორმებითა და სამართლებრივი ნორმებით დამცავი სისტემიდან, პროფკავშირთან კოლექტიური შრომითი მოლაპარაკებებით მიღწეული სატარიფო შეთანხმებებიდან. ფლექსიბილიზაცია არა მხოლოდ ცალკეული დასაქმებულის შრომას, არამედ მთელი შრომის ბაზრის რეგრესს ესწრაფის. იგი დასაქმებულს დამსაქმებელთან ფსევდო-დიალოგში ითრევს, რამეთუ კარგად იცის რომ მარტოკაცი სამუშაოს მაძიებელი სრულიად უმწეოა, რადგან მას ზურგს არ უმაგრებს პროფკავშირის კოლექტიური მოქმედების ძალა, შესაბამის კანონში დაფიქსირებული თავისი სამართლებრივი სტატუსითა და სოციალური გარანტიებით.
ლათინურ ენაზე სიტყვა სოლიდარობა განიმარტება როგორც მტკიცე. ფლექსიბილიზაციის ამოცანაც ამ სიმტკიცის დარღვევაა. მარტოკაცი დასაქმებული დაპირისპირებული მშრომელთა საერთო სტრატეგიულ ინტერესებთან უაღრესად დამყოლია მენეჯმენტის ნებისმიერი კაპრიზისადმი. ეს მენეჯმენტს გზას უხსნის ვოლუნტარიზმი და სუბიექტივიზმი გამოიჩინოს მშრომელთა ხელფასის, შრომის პირობებისა და სამუშაო დროის მიმართ. ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში მშრომელთა დიდი ძალისხმევით მიღწეული ისეთი მონაპოვარები როგორიც არის: შრომის მინიმალური სტანდარტი, გარანტირებული მინიმალური ხელფასი, უსაფრთხოების მინიმალური პირობები, განსაზღვრული სამუშაო დრო ფლექსიბილიზაციით ნადგურდება. ინდივიდის თავისუფლების საფარის ქვეშ დასაქმებულის ხვედრი ხდება იმუშაოს ხმის ამოუღებლად, სანამ მისთვის სრულიად მოულოდნელად ქუჩაში არ აღმოჩნდება.
ფლექსიბილიზაციით დასაქმებული აგებს და აგებს პირწმინდად, რადგან მისი შრომა უბრალოდ კი არ გადანაწილდება, არამედ დასაქმებული კარგავს ნორმალური სამუშაო დროით განსაზღვრულ ანაზღაურებას, მისი როგორც სამუშაო ძალის ფასი იაფდება, შრომითი კოლექტივი სეგმენტიზირდება და დესოლიდარიზდება, ხდება დაქუცმაცებული და სუსტი, შესაბამისად მენეჯმენტის ნებისმიერი კაპრიზის მორჩილად დამყოლი. სამუშაო დრო იზრდება, წარმოების საშუალებები წუთითაც აღარ ჩერდება, შრომა პატაგონურ ხასიათს იძენს ეს ყოველივე კი ფლექსიბილიზაციის წყალობით უკვე არა მხოლოდ ერთეულების, არამედ ყველა დასქმებულის პრობლემა ხდება.
ფლექსიბილიზაციის მცდელობის პირველივე ნიშნებს მშრომელებმა და მათმა გაერთიანებებმა აქტიური პასუხი უნდა გასცენ და არ უნდა დაუშვან რომ სამუშაო დროის სისტემასა და სატარიფო-ხელშეკრულებით სტანდარტებს შორის გაუცხოება მოხდეს, შრომითი კანონმდებლობის დამცავი ნორმების შესანარჩუნებლად სოციალური პროტესტის ყველა აპრობირებული მეთოდი უნდა იქნეს ამოქმედებული. ეს ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ როგოც კადრის, ასევე დროებით დასაქმებულმა მუშაკებმა. ყველა სამუშაო ადგილზე უნდა იყოს სრული და არასრული სამუშაო დროის მინიმალური და მაქსიმალური კვოტები. ნაწილობრივ დასაქმებული სამუშაო კვირა არ უნდა იყოს 20 საათზე, ხოლო სამუშაო დღე 4 საათზე ნაკლები. სოციალური დაზღვევა და სატარიფო ხელშეკრულებების პირობები სრულად და თანასწორად უნდა ვრცელდებოდეს ყველა კატეგორიის დასაქმებულზე. საზოგადოებრივი აზრი უნდა მობილიზდეს ფლექსიბილიზაციის მეთოდის წინაღმდეგ. სამუშაო დრო ეტაპობრივად კი არ უნდა იზრდებოდეს, არამედ მცირდებოდეს რადგან მშრომელმა უნდა შეძლოს აღიდგინოს დახარჯული ენერგია და შეძლოს ზრუნვა საკუთარი პიროვნების გონებრივ-ფიზიკურ და კულტურულ განვითარებაზე. შრომის ორგანიზაციის ფორმები, ტექნიკა და ტექნოლოგიები ადამიანის დეგრდაციას კი არ მის ჰუმანიზაციას უნდა ემსახურებოდეს. ამ ამოცანის გადაწყვეტა კი შესაძლებელია შრომის ორგანიზაციაში, ტექნიკისა და ტექნოლოგიების დანერგვაში პროფკავშირების თანამონაწილეობის უზრუნველყოფით. მისი მხრიდან ამ პროცესზე მონიტორინგი კონტროლის ელემენტებით უწყვეტი უნდა იყოს, რაც სხვა სიკეთეებთან ერთად ხელს შეუწყობს მეცნიერების სოციალური და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის მატარებელ ძალად ჩამოყალიბებას.
თუ ახალი ტექნიკა და ტექნოლოგიები, შრომის ახალი ორგანიზაცია ზრდის შრონის ნაყოფიერებას, მან დასაქმებულის ხელფასი უნდა გაზარდოს და მისი შრომის ინტენსიფიკაციიდან გამომდინარე კი სამუშაო დრო უნდა შეამციროს. სიახლის დამკვიდრებას თან უნდა სდევდეს მუშაკთა გადამზადება, ან მათთვის ახალი კვალიფიკაციის მიცემა. სიახლე არ უნდა ნიშნავდეს სამუშაო ადგილების მექანიკურ შემცირებას. გადაიარაღების პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, პროფკავშირები დროულად უნდა იღებდნენ სათანადო ინფორმაციას, რათა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისინი სტატისტის როლში არ აღმოჩნდნენ. ამ მიზნით წარმოებებში პროფკავშირების პარიტეტული თანამონაწილეობის საფუძველზე უნდა ამოქმედდნენ შრომის, ტექნიკის, ტექნოლოგიების და ეკოლოგიის სანფორმაციო-საკონსულტაციო კომისიები. მმართველობაში თანამონაწილეობა არა მხოლოდ დასაქმებულთა შრომითი, მატერიალური და სოციალური ინტერესების დაცვას, არამედ თავად შრომის ნაყოფიერების ზრდასაც დიდად შეუწყობს ხელს.
სამოქალაქო ინიციატივებით მხარდაჭერილი სოციალური აქტივობა თავის თავში შეიძლება სოციალური კონფლიქტის ელემენტსაც შეიცავდეს, მაგრამ ნათელია რომ მხოლოდ ეს მეთოდი ეხმარება საზოგადოებას შექმნას სოციალურად სამართლიანი ეფექტურად ფუნქციონირებადი ეკონომიკა.
ფლექსიბილიზაცია პროფკავშირთან ბრძოლის იარაღია, მშრომელთაგან მაქსიმალურად ბევრი „ოფლის“ გამოწურვის საშუალებაა და მისგან თავის დაცვა ზუსტად გააზრებული გეგმითა და მტკიცე დარაზმულობით არის შესაძლებელი. სოლიდარობით ანუ პროფკავშირად ორგანიზებული სიმტკიცით ამ გამოწვევას ადეკვატური პასუხი ეცემა.