411 დაღუპული და 716 დაშავებული – ეს სამუშაო ადგილზე ბოლო 9 წლის სტატისტიკაა, რომელსაც სპეციალისტები საგანგაშოდ მიიჩნევენ. პროფკავშირები ხელისუფლებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ.
28 აპრილი მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მშრომელთათვის არის დღე, როდესაც ყველა ერთად იხსენებს იმ ადამიანებს ვინც სამუშაო ადგილებზე დაკარგა ჯანმრთელობა და ხშირად სიცოცხლეც. მშრომელების და მათი პროფკავშირების მოთხოვნაა სამართლებრივად და ტექნიკურად უსაფრთხო, ჰიგიენურად დაცული სამუშაო ადგილები.
ეს დღე პროფკავშირებმა ტრადიციულად საპროტესტო აქციით აღნიშნა და ხელისუფლებას სამუშაო ადგილებზე დარუპულთა და დაშავებულთა საგანგაშო სტატისტიკა შეახსენა.
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ყოველდღიურად დედამიწაზე რამდენიმე ათასი ადამიანი სხეულის დაზიანებას იღებს, 3 ათასამდე კი – იღუპება. მდგომარეობა სახარბიელო არც საქართველოშია, სადაც სამუშაო პროცესის დროს გარდაცვლილთა და დაზარალებულთა რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს. გაერთიანებული პროფკავშირების ცნობით, ბოლო 9 წლის განმავლობაში სამუშაო ადგილზე 416 ადამიანი დაიღუპა და 716 მძიმედ დაშავდა. 28 აპრილი სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილ და დაშავებულთა საერთაშორისო დღეა. როგორც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში აცხადებენ, ორგანიზაცია თავის საქმიანობაში მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა და უთმობს შრომის უსაფრთხოების საკითხებს, რადგან ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის ყველაზე ღირებული. „სამწუხაროდ, საქართველოში შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებული საკანონმდებლო ბაზა, ამ მიმართულებით მოქმედი ინსტიტუციების უფლება-მოვალეობები და სამუშაო ადგილებზე მომხდარი უბედური შემთხვევების სტატისტიკა არ გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის დასაქმებულების სიცოცხლე და ჯანმრთელობაა პრიორიტეტული”, – აცხადებენ პროფესიულ გაერთიანებაში. მათივე განცხადებით, 2007-2016 წლებში საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით საწარმოო ტრავმებისგან 416 ადამიანი დაიღუპა და 716 მძიმედ დაშავდა. „2016 წელს გარდაიცვალა 58 და მძიმედ დაშავდა 84 ადამიანი. 2015 წელს გარდაიცვლა 42, ხოლო მძიმედ დაშავდა 80 დასაქმებული. სამწუხაროდ 2011 წლიდან დღემდე სამუშაო ადგილებზე სასიკვდილო შემთხვევების დინამიკა მზარდია. ზემოაღნიშნული დროის მონაკვეთი არის ის პერიოდი, როდესაც უკვე აღარ ფუნქციონირებდა შრომის სახელმწიფო ინსპექცია, რამაც ხელი შეუწყო უბედური შემთხვევების ზრდას სამუშაო ადგილებზე. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მრავალი წელია, რაც მოითხოვს საქართველოს მთავრობისაგან შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 81-ე კონვენციის – “შრომის ინსპექციის შესახებ მრეწველობასა და ვაჭრობაში” რატიფიცირებას და ქმედითი შრომის სახელმწიფო ინსპექციის შექმნას”. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი აცხადებს, 2017 წელს სამუშაოს შესრულებისას 11 ადამიანი დაიღუპა. „ყველაზე მეტი შემთხვევა გარდაცვალების და საწარმოო ტრამვების მიღების, ფიქსირდება მშენებლობსა და მძიმე მრეწველობაში ( მაღაროები, მეტალურგიული ქარხნები). წელსაც, 4 თვე არ გასულა და სამუშაოს შესრულებისას უკვე 11 ადამიანი დაიღუპა. დინამიკა მზარდია, რადგან ამის პრევენციისთვის სახელმწიფოს მხრიდან აქტიური მუშაობა არ მიმდინარეობს. გვაქვს შრომითი ინსპექცია, თუმცა ეს ორგანო ქმედითი არ არის”, – განაცხადა პეტრიაშვილმა.
სტატიის ავტორი: დავით არაბიძე
შრომის უსაფრთხოება ბევრის მომცველი ცნებაა და მისი უპირველესი ამოცანაა არ დაუშვას წარმოების პროცესში ჩაბმული ადამიანის დაშავება, მუშაკის მიერ პროფესიული დაავადების შეძენა და მისი სიცოცხლის მოსპობა. შრომის მაქსიმალური მწარმოებლობის პირობებში მუშაკი ასევე მაქსიმალურად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი კომფორტული პირობებით.
შრომის უსაფრთხოება და დაცვა ეს არის სისტემა რომელიც აერთიანებს კანონებს, კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს, სოციალურ-ეკონომიკურ, ორგანიზაციულ, ტექნიკურ, ჰიგიენური და სამკურნალო-პროფილაქტიკურ ღონისძიებებს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს დასაქმებულის შრომისუნარიანობა, ჯანმრთელობა და სიცოცხლე.
შრომის დაცვა როგორც დისციპლინა სოციალურ-ეკონომიკურ კატეგორიას მიეკუთვნება და ძირითადად ოთხი ნაწილისაგან შედგება: შრომის კანონმდებლობა და ორგანიზაციული საკითხები, შრომითი სანიტარია, უსაფრთხოების ტექნიკა და ხანძარსაწინააღმდეგო უსფრთხოება.
დაუცველი შრომის პირობებში დასაქმებულმა შეიძლება მიიღოს მოტეხილობა, ღრძობა, ჭრილობა, კიდურების ამპუტაცია, დამწვრობა, მოყინვა, მოწამვლა, ნერვული სტრესი, ცნობიერების მოშლა, სასუნთქი და გულ-სისხლძარღვტა სისტემის ფუნქციონირების დარღვევა, უცხო სხეულების მოხვედრა თვალსი, ყურში და სასუნთქ ორგანოებში, ასევე ტრავმამ შეიძლება იგი საერთოდ გამოასალმოს სიცოცხლეს.
შედუღებითი და ლითონის ჭრითი სამუშაოების წარმოებისას საამქროში ჰაერი აეროზოლით, მავნე აირებითა და მტვრით ბინძურდება, ხდება აზოტის ჟანგეულის ოზონისა და ნახშირის ჟანგის დაგროვება. ამ პირობებში დასაქმებული საჭიროებს რესპირატორს „Астра-2“-ს ან „РУ-60М“-ს და რძის რეგულარულ მიღებას, თუ არ იქნა დაცული ეს პირობები მუშაკის ჯანმრთელობა სწრაფად შეირყევა, დაავადდება და კანიც კი გაუყვითლდება.
ულტრაიისფერი სხივები ელექტროოფთალმიას იწვევს, ინფრაწითელი სხივები კი თვალის ბროლი დაბურვას – კატარაქტას. ეს რომ არ მოხდეს დასაქმებულს ხარისხიანი სინათლის ფილტრები და ქიმიურ ფილტრიანი რესპირატორები ესაჭიროებათ.
დაუცველი შრომის გამო მშრომელმა დაზიანება შეიძლება მიიღოს დარტყმის ტალღით, მაღალი ტემპერატურითა და წნევით, ნახშირორჟანგით, ისევე როგორც მაღალი ძაბვით განიცადოს თერმული, მექანიკური, ქიმიური და ბიოლოგიური ზემოქმედება. მშენებლობებზე აზბესტის გამოყენება აჩენს მშენებლებში აზბესტოსის განვითარების საფრთხეს, ისევე როგორც ცემენტის შესუნთქვამ შეიძლება ბრონქიტი განუვითაროს. მშენებლობებზე გამოიყენება აზოტმჟავა, გოგირდმჟავა, ამიაკი, ფენოლი, ქლორი, გოგირდოვანი აირი, კაჟმიწა, ბენზინი, ბენზოლი, მეთილი, ბუტილი და ეთილის სპირტი, ასეთ პირობებში დამსაქმებელი უნდა ზრუნავდეს რომ მჟავისა და ტუტის მოხვედრისას მუშას ხელთ ჰქონდეს 5%-იანი სოდისა და 2%-იანი ბორმჟავას ხსნარები, რათა ტოქსიკურმა წვეთმა დასაქმებული არ დააბრმავოს ან კანი არ დაუწვას. მეტალურგიაში გამოიყენება ნახშირბადისა და გოგირდის ოქსიდი, რომელიც ძალზე სახიფათოა, ტყვიის ნაერთისგან ადამიანმა შეიძლება სატურნიზმი მიღოს, ალუმინისაგან ალუმინოზი, ბერილიუმისაგან ბერილიოზი, რკინის ნაერთისგან სიდეროზი, ვერცხლისწყლისგან მერკურიალიზმი, მანგანუმისაგან მანგანოკინოზი, ნიკელისაგან ნიკელის კიბო. ეს ყოველივე ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ რეალური და ქმედითი შრომის უსაფრთხოების სისტემის შექმნა სულაც არაა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების კაპრიზი, რადგან საქმე ეხება ადამიანის უპირველესი უფლების სიცოცხლის უფლების დაცვას. მაღალორგანიზებული და მაღალნაყოფიერი შრომა შესაძლებელია მხოლოდ იქ სადაც საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორი ხელმძრვანელობს სოციალური პასუხისმგებლობისა და სოციალური პარტნიორობის პრინციპებით. შრომის უსაფრთხოებას არსებული სტრუქტურა, მისი არასრული და არაქმედითი შინაარსიდან გამომდინარე, სამუშაო ადგილზე ვერ და არ იცავს დასაქმებულის ტექნიკურ და სამართლებრივ უსაფრთხოებას. ეს ფაქტი ადასტურებს ისეთის შრომის ინსპექციის შექმნის აუცილებლობას, რომელიც სოციალურ პარტნიორებს შორის ოპტიმალურად გაანაწილებს ფუნქციებს, შექმნის უსაფრთხოდ შრომის მეთოდური სწავლების ქსელს, გასწევს ამ მიმართულებით სათანადო პროპაგანდას, ოპერატიულ კონტროლს, ღონისძიებებს შესძენს კომპლექსურ ხასიათს, ხოლო პროფილაქტიკას უწყვეტობას, სტიმულირებულს გახდის ძალისხმევას შრომის დაცვის მიმართულებით.
საქართველოს პროფკავშირები ამ ამოცანების გადაწყვეტაში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების მხრიდან სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის გამოვლენას გადამწყვეტად მიიჩნევენ. ევროპის კავშირთან ასოცირებული ურთიერთობები სახელმწიფოს ნათლად მიუთითებს, რომ დროა პროფკავშირულ ინიციატივებს შრომის ტექნიკური და სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესატყვისად ეპასუხოს. 1989 წლიდან როდესაც მშრომელებმა პირველად აღინიშნეს 28 აპრილი, როგორც შრომის დაცვის საერთაშორისო დღე მალე სამი ათეული წელი შეუსრულდება და ეს დღე კიდევ ერთი შეხსენებაა სახელმწიფოსთვის თუ რამდენი რამ აქვს კიდევ გასაკეთებელი ამ მიმართულებით.