უსაფრთხოდ შრომა – მშრომელთა უმთავრესი უფლება!

სუვერენული სუბიექტის სტატუსი   მშრომელთათვის საბაზრო ეკონომიკის პირობებში გადამწყვეტი მნიშვნელობის საკითხია, მაგრამ ამ სტატუსის მოსაპოვებლად მშრომელმა უპირველეს ყოვლისა უსაფრთხო შრომის უფლება უნდა მოიპოვოს. 2006 წელს საქართველოს  შრომის კოდექსში გაქრა შრომის უსაფთხოების სისტემა,  მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიანი სამუშაო აბსტრაქციად, ხოლო საწარმოო ტრავმატიზმისა და პროფესიული დაავადებების გამოკვლევა – აღრიცხვა  ზედმეტ ფორმალობად იქნა მიჩნეული.

ამ ანტისოციალური და ანტიჰუმანური რეფორმის შედეგად სამუშაო ადგილზე მშრომელი ე.წ. მოლაპარაკე იარაღად იქცა, რადგან მისთვის ძირფესვიანად იქნა მოსპობილი სახელმწიფოს კონტროლი შრომის სამართლებრივ და ტექნიკურ უსაფრთხოებაზე.

თუ საქართველოს კურსი ევროპული  სოციალური ღირებულებებისაკენ არა  აბსტრაქცია, არამედ კონკრეტული რამ არის მაშინ მას არა ფორმალური, არამედ სრულიად რეალური შრომის უსაფრთხოების სისტემა ესაჭიროება. ასეთი ქმედუნარიანი სისტემის  საუკეთესო მაგალითი შეიძლება იყოს  ესტონეთის შრომის უსაფრთხოების სისტემა. ესტონეთი  ტერიტორიითაც და მოსახლეობითაც  საქართველოზე მცირეა, ბუნებრივ-კლიმატური პირობებითაც არაა განებივრებული, მას არა აქვს არც გაზისა და  არც ნავთობის საბადოები, საზღვარგარეთაც  არ ჰყავს დიდი დიასპორა. სამაგიეროდ ესტონეთს აქვს მაღალი შრომის კულტურა და ეს შრომა ამ ქვეყანაში დაცულია. შრომის ინპექციას ესტონეთში დიდი ისტორია აქვს.  სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე ესტონეთის პარლამენტმა სასწრაფოდ მიიღო კანონი „ შრომის დაცვის შესახებ“, შრომის ინსპექციამ კანონით სხვა უფლებებთან ერთად შრომის ჰიგიენური პირობების კონტროლისა და თავად შრომის უფლებაზე ზედამხედველი დეპარტამენტის ფუნქციაც მიიღო გახდა და დეპარტამენტის. ამ დეპარტამენტის სტრუქტურებმა ესტონეთის ეკონომიკის ყველა სფერო მოიცვეს. ესტონეთმა ევროპასთან  ინტეგრაცია ევროპულ სოციალურ სტანდარტებთან დაახლოებით განახორციელა.

საქართველოს შრომითი რესურსი დასაცავად დასაქმებულები უნდა გადიოდნენ  წინმსწრებ და  პერიოდულ გასინჯვებს, რომ მშრომელებში არ მოხდეს  დაავადებების განვითარება, რის  შდეგადაც მუშაკი ან დაინვალიდდება, ან  შრომის არაჯანსაღის პირობების გამო ადვილად გახდება  ტექნიკის, ან ტექნიკური პროცესის მსხვერპლი.

სამუშაო ადგილზე ზიანის ანაზღაურების წესიც დასაქმებულისთვის დამთრგუნველ ხასიათს არ უნდა ატარებდეს და  ზიანის ანაზღაურებისას კომპენსაციის მიღებას თვეები და წელი არ უნდა სჭირდებოდეს, რადგან დღესაც კი გამოძიება, აპელაცია, კასაცია, გადაწყვეტილების ჩაბარება  მრავალი თვე შეიძლება გაგრძელდეს. კარგია როცა დასქმებული პროფკავშირშია გაწევრიანებული, თუ  არადა მაშინ „ვაი დამარცხებულს“.

ევროპული მიდგომა საწარმოო ტრავმებისა და პროფესიული დავადებების მიმართ ეყრდნობა სქემა, რომლის მიხედვითაც დამსაქმებელი და სახელმწიფო აერთიანებენ რესურსებს დასაქმებულის დასაცავად სამუშაო ადგილზე.

საქართველოში სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას დიდად წაადგებოდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის #81  კონვენციის  “შრომის ინსპექციის შესახებ“ რატიფიცირება. შემდგომი ნაბიჯები უნდა იყოს # 102 კონვენციის „ სოციალური დაცვის მინიმალური სტანდარტების შესახებ.“ და  # 121  კონვენციის”საწარმოო ტრამვების კონპენსაციის შესახებ“ რატიფიცირება. დასაქმებულს ამ შემთხვევაში გარანტირებული ექნება დახმარება ავადმყოფობის, უმუშევრობის, მოხუცებულობის შემთხვევაში. ბავშვის დაბადება, ან მარჩენალის დაკარგვა გაღატაკების სინონიმი აღარ იქნება. დეტალურად იქნება გაწერილი  საწარმოში უბედური შემთხვევებით და დაავადებებით მიყენებული ზიანის კონპენსირების სქემის  ძირითადი პრინციპები. დამსაქმებლებს ვალდებულებად დაეკისრებათ კონპენსაციის გაცემა და  დაზარალებული დასაქმებული მას მიიღებს შრომის უნარის დაკარგვის მთელ პერიოდში. დასაქმებულისათვის კონპენსაცია იქნება მისი ხელფასის არანაკლებ 50%, ხოლო მარჩენალ დაკარგულისათვის არანაკლებ 40%. დასაქმებული დაზღვეული იქნება დასქმების პირველივე დღიდან.

საქართველოში არსებული უმუშევრობის მაღალი დონე, დასაქმების მსურველებს ხშირად უბიძგებს იმუშაოს მძიმე, საშიშ და მავნე პირობებში. ეს რა თქმა უნდა  იწვევს  შრომის უნარის  მასობრივ დაქვეითებას, რაც თავის მხრივ  განაპირობებს რეპროდუქციული უნარის გაქრობას. შემთხვევითი არაა, რომ გაეროს ხალხთმოსახლეობის  აღწერის  მიხედვით საქართველო დემოგრაფიულად გაქრობის ქვეყნების სიაშია შეყვანილი.

ამ ვითარების გამოსწორების უმოკლესი გზა კი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ევროპული სტანდარტების შესაბამისი სამართლებრივი და  ტექნიკური უფლებებით აღჭურვაშია, აუცილებელია სმმხრივი კომისიის სრული მოცულობით ჩართვა ამ საკითხში და უპირველეს ყოვლისა სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მხრიდან პროფკავშირებთან სოციალური პარტნიორობის განვითარება. ეს ცვლილებები აუცილებელია, რადგან საკითხი ეხება ადამიანის უმთავრესი უფლებას – სიცოცხლის უფლებას.

დავით არაბიძე