მიმდინარეობს საიტის განახლება

უმუშევრობის დაძლევა ქვეყნის მთავარი გამოწვევაა

საქართველოს მოსახლეობისთვის მთავარ პრობლემად კვლავ დასაქმება რჩება. კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის კვლევის შედეგებით გამოკითხულთა 58%, საქართველოსთვის ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად, სამუშაო ადგილების შექმნას მიიჩნევს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში უმუშევრობა გასულ წელს 16.3%-ს შეადგენდა. სხვადასხვა კვლევების, მათ შორის ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა (IRI) და საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული კვლევების (NDI) მონაცემები დაახლოებით ოთხ-ხუთჯერ მეტია.

შერჩეული მეთოდოლოგია ამ განსხვავების მხოლოდ ერთი მიზეზია.

სტატისტიკის სამსახური უმუშევრობის დონეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის თანახმად ითვლის. მის მიხედვით, დასაქმებულად ითვლება ნებისმიერი პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას მოგების, შემოსავლის (ფულადი ან ნატურით) მიღების მიზნით, მიუხედავად შემოსავლის ოდენობისა, საქმიანობის ტიპისა და ხანგრძლივობისა. შესაბამისად, ვთქვათ, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულები, რეპეტიტორები, კერძო ტაქსების მეპატრონეები, საცალო ვაჭრობით დაკავებული ფიზიკური პირები და ა.შ., თუ გამოკითხვის მომენტის წინა შვიდი დღის განმავლობაში ერთი საათით მაინც მუშაობდნენ შემოსავლის მიღების მიზნით, დასაქმებულად ითვლებიან.

სტატისტიკის სამსახურის მიერ დასმული კითხვა მარტივია: მუშაობდით თუ არა გასული შვიდი დღის განმავლობაში ერთი საათით მაინც შემოსავლის მიღების მიზნით?

კითხვას სხვაგვარად სვამენ საერთაშორისო ორგანიზაციები. მაგალითად, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის შეკითხვა ასეთია: თვლით თუ არა თავს დაუსაქმებლად? ამ კითხვაზე საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი უარყოფითად პასუხობს.

ქვეყნის მოქალაქეთა დიდი ნაწილი თავს დასაქმებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში თვლის, თუ ის „ვინმემ” დაასაქმა. ყველაზე პოპულარული „ვინმე” კი სახელმწიფოა. სხვა დანარჩენ შემთხვევაში მოქალაქეთა დიდი ნაწილი, თვითდასაქმებიდან თუნდაც იმაზე მაღალი შემოსავალი ჰქონდეს, ვიდრე მას დამსაქმებელი შესთავაზებდა, თავს მაინც დაუსაქმებლად თვლის.  წელს დასაქმებულთა 61.9 პროცენტი თვითდასაქმებულებზე მოდის.umushevroba