უმუშევრობა 13-წლიან მინიმუმზეა: <<ეს არის დიდი ტყუილი>>!გამოყენებულია გაზეთ რეზონანსის პუბლიკაცია
ავტორი: მარი ჩიტაია
საქართველოში უმუშევრობის ოფიციალური სტატისტიკა რეალობას მკვეთრად ასცდა. თუკი სტატისტიკის სამსახური გვარწმუნებს, რომ ქვეყანაში უმუშევრობის დონე 11,8%-ია, სპეციალისტების შეფასებით, ეს მაჩვენებელი რეალურად 3-ჯერ მეტია. როდესაც მოსახლეობის უმრავლესობა უმუშევრობაზე წუხს და შრომის მაძიებელთა ჯანსაღი თაობა ქვეყნიდან გარბის, დასაქმების სტრუქტურის გაუმჯობესებაზე საუბარი ნამდვილად უხერხულია. თურმე საქართველო უმუშევრობის დაბალი დონით უსწრებს ისეთ ევროპულ ქვეყნებს, როგორებიცაა ესპანეთი, ხორვატია, სერბეთი, მაკედონია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე, 2015 წელთან შედარებით, 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.8 პროცენტი შეადგინა. ასე რომ, შარშან უმუშევრობის დონემ ბოლო 13 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. რაც უნდა პარადოქსი იყოს, უმუშევრობის ოფიციალური დონე საქართველოზე გაცილებით მაღალი აქვთ იმ ქვეყნებს, სადაც ქართველები სამუშაოდ გარბიან. ერთ-ერთია საბერძნეთი, სადაც მოსახლეობის 23,8% უმუშევრად აღირიცხება. ესპანეთში ეს მაჩვენებელი 19,6%-ს შეადგენს, ხოლო იტალიაში 11,7%-ია. საქართველოზე მაღალი უმუშევრობის მაჩვენებელი აქვთ ხორვატიას – 15,0%, სერბეთს – 19,5%, მაკედონიაში კი ეს ნიშნული 23,6%-ს აღწევს. რაც შეეხება რეგიონში არსებულ მდგომარეობას, საქართველოსთან შედარებით, ოდნავ უკეთესი ვითარებაა თურქეთში, სადაც უმუშევრობის დონე 10,8%-ია. სომხეთში კი, პირიქით, უარესი ვათარებაა (18,8%). ოფიციალურად, უკეთესი ვითარებაა (8,8%) უკრაინაში, ხოლო ყველაზე უკეთესი – რუსეთში (5,5%), რომელსაც მხოლოდ 1%-ით აჭარბებს აზერბაიჯანი (6,5%). სამივე ეს მონაცემი, ისევე როგორც საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალური სტატისტიკა, ეჭვს იწვევს. ციფრებთან ერთად, განსხვავებაა ოფიციალურ მონაცემებშიც. 2009 წელს, როცა უმუშევრობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი – 16,9% – იყო, დასაქმებულთა რაოდენობა 1,656 მლნ ადამიანს შეადგენდა. 2017 წლის მდგომარეობით, დასაქმებულთა რიცხვი, 2009 წელთან შედარებით, სულ რაღაც 100 ათასი ადამიანით არის გაზრდილი, თუმცა უმუშევრობის დონე, ოფიციალურად, მკვეთრად გაუმჯობესებულია და 11,8%-მდეა ჩამოსული. ქართველი სპეციალისტების შეფასებით, მეთოდოლოგიურმა პრობლემამ უკვე სავალალო ზღვარს მიღწია და ამ მხრივ მიდგომა აუცილებლად არის შესაცვლელი. “ჩვენ გვაქვს მეთოდოლოგიის პრობლემა. საქართველოს კანონით, ადამიანი, რომელმაც თვეში თუნდაც 1 დღე შემთხვევით წაიმუშავა და შესაბამისი თანხა მიიღო, უკვე დასაქმებულად მიიჩნევა. ეს არის წარმოუდგენელი. ასეთი მეთოდოლოგია როცაა, არ უნდა გვიკვირდეს, რომ უმუშევრობის მაჩვენებელი “მცირდება”. დასაქმებულად მიიჩნევა, ასევე, ვინც სოფელში მიწის უმნიშვნელო ფართობს ფლობს. ამ დროს დაუსაქმებელთა ძალიან დიდი არმია სწორედ სოფლის მოსახლეობაა. ამას ემატება თვითდასაქმებულთა პრობლემა. არის ქვეყნები, სადაც თვითდასაქმებულები ცალკე კატეგორიად აღირიცხება. საქართველოში კი ეს სეგმენტიც დასაქმებულთა რაოდენობის შესავსებად გამოიყენება. გარდა ამისა, თუ პირი არ მიმართავს შრომის ბირჟას და ინტენსიურად არ ეძებს სამუშაოს, დასაქმების მაძიებლად არ მიიჩნევა. ერთი სიტყვით, უამრავი ხარვეზია, რის გამოც უმუშევართა მონაცემებს არასწორად ანგარიშობენ. ფიზიკური პირებისგან საშემოსავლო გადასახადი მკვეთრად არ არის გაზრდილი და ესეც მიუთითებს, რომ დასაქმების მაჩვენებელი ხელოვნურად არის გაბერილი”, – განმარტავს ეკონომისტი პაატა აროშიძე. სტატისტიკა საეჭვოა რეგიონულ ჭრილშიც, რადგან საქართველოს რეგიონებში მდგომარეობა დასაქმების მხრივ ბოლო წლების განმავლობაში არ გაუმჯობესებულა, იშვიათი გამონაკლისის გარდა. “11,8%-იანი უმუშევრობა, რასაც ოფიციალური სტატისტიკა გვეუბნება, სიმართლესთან ახლოსაც არ არის. რეალურად უმუშევრობის დონე 3-ჯერ მეტია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზოგ შემთხვევაში თვითდასაქმებულიც თავს უმუშევრად მიიჩნევს. ტაქსის მძღოლს რომ ჰკითხოთ, დასაქმებულია თუ არა, გეტყვით, რომ – არა (თუნდაც მისი ყოველთვიური შემოსავალი საშაულო ხელფასს აღემატებოდეს). გარდა ამისა, მრავალი ადამიანი, ვინც სოციალურ შემწეობას იღებს, უარს ამბობს დასაქმებაზე. ის ანაზღაურება, რომელიც მან შეიძლება მიიღოს, სოციალური შემწეობის თანხას მცირედით აღემატება, ამიტომ მუშაობა არ უღირს. რეალურად უმუშევრობის მაჩვენებელი ძალიან დიდია და თუ დათვლის მეთოდოლოგია შეიცვლება, ჩვენ რადიკალურად განსხვავებულ სურათს მივიღებთ. აჭარაში დასაქმების მაჩვენებლის გაუმჯობესებაზე იმუშავა იმან, რომ მოხდა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა. საინვესტიციო სამუშაოებს უცხოური კომპანია ახორციელებს, მაგრამ დასაქმებულთა უმრავლესობა ადგილობრივი მოქალაქეა. ამიტომ მიმაჩნია, რომ აჭარაში უმუშევრობის შემცირება რეალურად შესაძლებელი იყო. ცხადია, იგივეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონზე ვერ ვიტყვი. “აწარმოე საქართველოს” ფარგლებში აშენებული მცირე საწარმოებიც, სადაც თითოს 2-4 დასაქმებული ჰყავს, დასაქმების სტრუქტურას ვერ შეცვლის”, – დასძენს პაატა აროშიძე. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში დასაქმების სტატისტიკა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
პროფკავშირებში მიაჩნიათ, რომ გვატყუებენ ახლაც და მაშინაც, როცა უმუშევრობის დონედ 17% მიიჩნეოდა. პროფკავშირების ხელმძღვანელ ირაკლი პეტრიაშვილის ინფორმაციით, 2016 წლის მონაცემები აშკარა ტყუილია და ადასტურებს, რომ მთავრობას სიმართლის აღიარება არ სურს. “2 მლნ-მდე ემიგრანტი ჰყავს საქართველოს. შრომისუნარიანი მოქალაქეები გარბიან, რადგან სამუშაოს ვერ შოულობენ და ამიტომაც მიდიან სხვა ქვეყნებში. ცხადია, დათვლის მეთოდოლოგია, რასაც “საქსტატი” იყენებს, არანაირ სტანდარტში არ ჯდება. ჩვენთან დასაქმებულად მიიჩნევა ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სოფელში და რამდენიმე ასეულ კვადრატულ მიწას ფლობს. თუ მიწის ფლობა ნორმალური ქვეყნისთვის შემოსავალს და დასაქმებას ნიშნავს, საქართველოში ასე ნამდვილად არ არის. რამდენიმე წლის წინ ამბობდნენ, რომ უმუშევრობის დონე ქვეყანაში 16-17% იყო და აშკარად ტყუოდნენ. ახლა კი გვეუბნებიან, რომ 11,8%-ია, ცხადია, ეს უფრო დიდი სიცრუეა. გაცილებით მეტი უმუშევარი გვყავს ქვეყანაში. ამას ემატება დაქირავებით დასაქმებულთა 22%, რომელიც დადგენილ საარსებო მინიმუმზე ნაკლებ ხელფასს იღებს. ცალკე საკითხია ისიც, თუ რამდენად საკმარისია საარსებო მინიმუმი იმ გამოწვევებთან, რომელსაც ადამიანი ყოველთვიურად აწყდება. რეალურად უმუშევრობა რომ დაითვალო, უნდა არსებობდეს დასაქმების სამსახურები, უმუშევრობის ბანკი და სხვა, რის მიხედვითაც შედარების ზუსტი მონაცემის დადგენა შესაძლებელი იქნება. აღიარება გვიჭირს და ამიტომ სტატისტიკა რეალობის შეგრძნებასაც მოკლებულია. სახელმწიფომ არ იცის, რა რეალური გამოწვევების წინაშეა. ბოლოს და ბოლოს, უნდა დადგეს დრო, რომ ვარდისფერი სათვალე მოიხსნან და რეალობას თვალი გაუსწორონ”, – აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი