დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურების საშუალო მაჩვენებელი საქართველოში ოფიციალური მონაცემებით შეადგენს 552,1 ლარს, მათ შორის, მაქსიმალურია თბილისში _ 663,1 ლარი, ხოლო მინიმალური გურიაში _ 248,0 ლარი. სხვა რეგიონებში ეს მაჩვენებელი მერყეობს 427,8 ლარიდან 494,9 ლარამდე. ცხადია, ასეთი მონაცემები არ იძლევა განსაკუთრებულად ოპტიმისტური დასკვნების გაკეთების საშუალებას, მით უფრო საქართველოს ეკონომიკა სერიოზული პრობლემების წინაშე დგას და მათი გადაწყვეტის გარეშე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება სერიოზულ წინააღმდეგობასთან არის დაკავშირებული.
დღევანდელი მდგომარეობით, ქვეყნისათვის განსაკუთრებით საშიშ მასშტაბებს იღებს დიდი მოცულობის იაფი სამუშაო ძალის არსებობა, რაც ეკონომიკის განვითარების თანამედროვე ტენდენციების პირობებში, საერთოდ კატასტროფული შედეგების მატარებელია. იგი ქვეყნის უმთავრესი რესურსის ეროზიას იწვევს. მაღალი კვალიფიკაციის მუშახელი, რომელზეც დამოკიდებულია ქვეყნის განვითარება, არ შეიძლება იყოს იაფი. ზემოაღნიშნული ტენდენციები კი პირდაპირ და გარკვევით მიგვანიშნებს, რომ თუ სიტუაცია რადიკალურად შეცვლილი არ იქნა სათანადო რეფორმებისა და ეკონომიკური პოლიტიკის გატარების გზით, დიდი სურვილის შემთხვევაშიც კი საქართველოს მოქალაქეებისათვის ცხოვრების დონის გაუმჯობესების მიღწევა შეუძლებელი იქნება: არსებული რესურსის უდიდესი ნაწილი დასაქმებულია იმ სექტორებში და დასაქმებულთა სტრუქტურა იმდენად არახელსაყრელია, გამოკვეთილია საშიში ტენდენციები, რომ მათი შემოსავლების მნიშვნელოვნად ზრდა ფაქტობრივად შეუძლებელი გახდება!
ილუზია, რომ იაფი მუშახელი არის ექსპორტის სტიმულირებისა და წარმოებული საქონლის (მომსახურების) კონკურენტუნარიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, _ რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნას დაძლეული. ამდენად, იაფი მუშახელი დასაყრდენი ვერ იქნება ეროვნული კეთილდღეობის მისაღწევად და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად, ცხადად უნდა გავიცნობიეროთ. ამას მრავალი განვითარებული ქვეყნის მაგალითიც ადასტურებს. ამდენად, ზემოაღნიშნული სტრატეგიის მთავარი შეუცვლელი რესურსი უნდა გახდეს თავად ადამიანი, რომელსაც შეუძლია საკუთარ მოღვაწეობაში ორიენტირებული იყოს თვითრეალიზაციის თავისუფლებასა და შემოქმედებაზე.
უმუშევრობაზე საუბრისას, კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ეკონომისტები ყურადღებას აქცევენ, შრომისუნარიან უმუშევართა განათლების დონეა. საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა სამუშაო ძალის განათლების დონის მიხედვით. უმუშევართა 81%-ს საშუალო ან უმაღლესი განათლება აქვს მიღებული. ეს ნიშნავს იმას, რომ განათლებული სამუშაო ძალა გამოუყენებელია და მას ქვეყნის ეკონომიკაში წვლილი ვერ შეაქვს. ამავე დროს, მსოფლიო კონკურენტულობის ანგარიშის მიხედვით ქვეყანაში ბიზნესის კეთების მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი არაადეკვატური განათლების მქონე სამუშაო ძალაა. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების უმეტესობა ეგრეთ წოდებულ „სტრუქტურულ უმუშევრობას“ განიცდის. ამ ტიპის უმუშევრობა გრძელვადიანი უმუშევრობაა, რაც ძირითადად გამოწვეულია მუშახელის უნარ–ჩვევების შეუსაბამობით ბაზარზე არსებულ სამუშაოსთან. არსებობს დიდი „შეუსაბამობა“ დამსაქმებლების საჭიროებებსა და იმ უნარ–ჩვევებს შორის, რომლებსაც პოტენციური მუშახელი სთავაზობს.
კიდევ ერთი უმუშევრობის ტიპი, ციკლური უმუშევრობაა. ამ ტიპის უმუშევრობა მოკლევადიანია და ეკონომიკური რეცესიის დროს ჩნდება, როდესაც ეკონომიკური პროდუქცია მცირდება და წარმოების ციკლზე ბაზარზე მოთხოვნის კლება მოქმედებს.
ცხადია, მარტო პროფკავშირების წილი უმუშევრობასთან ბრძოლის საქმეში და ამასთან შრომითი პირობების გაუმჯობესების საკითხში ვერ შეცვლის მიმდინარე სურათს საქართველოს შრომის ბაზარზე, ამიტომაც დროულად უნდა გადაიდგას ნაბიჯები ევროპის წინაშე აღებული ვალდებულებების შესასრულებლად.