უბედურმა შემთხვევამ ჭიათურაში ორი მაღაროელი იმსხვერპლა. აფეთქება „ითხვისის“ მაღაროზე დღის პირველ ნახევარში მოხდა. ადგილზე დაიღუპნენ: – როლანდ ნოზაძე, „მაღარმშენის“ ცვლის უფროსი და იუზა სამხარაძე- „ითხვისის“ მაღაროს მეორე უბნის გვირაბგამყვანი. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ითხვისის მაღაროს გაბურღვისა და აფეთქების შემდეგ დიდი რაოდენობით გრუნტის წყალმა ამოხეთქა, რამაც მაღაროელები იმსხვერპლა. საქართველოს მეტალურგთა და მეშახტეთა პროფკავშირის თავმჯდომარე თამაზ დოლაბერიძე პასუხისმგებლობას მაღაროს ადმინისტრაციას აკისრებს, რადგან მათ უბედური შემთხვევის თავიდან ასაცილებლად პრევენციულ ზომებს არ მიმართეს. პრევენციულ ზომებში მაღაროს გახსნამდე და აფეთქებამდე გეოლოგების მიერ ტერიტორიის დეტალური შესწავლა იგულისხმება.