საქართველოში ზამთარში გათბობის ერთ-ერთ პოპულარულ საშუალებად კვლავაც შეშა ითვლება. ჯერ კიდევ ზაფხულში, ბაზარზე ერთი მანქანა შეშა 500 ლარი ღირდა. ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად კი, მისმა ღირებულებამ 700-900 ლარს მიაღწია.
“შეშა ძალიან გაძვირებულია, მისი ყიდვის შესაძლებლობა არა გვაქვს. დაჩეხვისთვის კიდევ 20 ლარია საჭირო. უფულობის გამო საწვავს გვიან შემოდგომაზე ვყიდულობთ, არადა, ზამთარი ახლოვდება, ცუდ ამინდებში შეშა არ შრება. აქ ხომ ექვსთვიანი ზამთარი იცის. ჩვენს ოჯახს ზამთრის გაჭირვებით გადასატანად მინიმუმ სამი რიგი შეშა სჭირდება. ფულის უქონლობის გამო ბევრი ტყეებს ჩეხავს, რითაც ბუნებასაც აზიანებს და მოსახლეობასაც, რადგან ბუნება ჩვენი ცხოვრების ნაწილია“, – ამბობს გლდანის რაიონის მკვიდრი თამილა ნინიძე.
შეშის ბაზრობები თბილისში რამდენიმე ადგილასაა. მათ შორის ყველაზე დიდი ბაზრობა გლდანის ბოლოშია, სადაც ძირითადად თიანეთის ტყეებში მოჭრილ შეშას ყიდიან. და ყველა ტყისმჭრელი ამბობს, რომ ლიცენზიის აღება მათთვის კარგა ხანია დიდ პრობლემას აღარ წარმოადგენს.
ნიკოლოზ ბიჩინაშვილი, ტყისმჭრელი: “დაახლოებით ერთი წელიწადია, რაც გარემოს დაცვის სამინისტრომ ტყის ჭრის ლიცენზიების აღება ძალიან გაამარტივა და ერთი შეხედვით, ყველას სულ ადვილად შეგვიძლია დაახლოებით, 30-50 ლარიანი ლიცენზიით ერთი მანქანა შეშა მოვჭრათ და ქალაქში გასაყიდად ჩამოვიტანოთ. მაგრამ ასე არ არის და როგორც წესი ბევრად მეტი თანხის გადახდა გვიწევს. უმეტესობა ამ გადასახადს რა თქმა უნდა არ იხდის და სულ მუქთად ეზიდება შეშას. შეიძლება მე არც უნდა ვამბობდე, მაგრამ თიანეთის ტყეები ბოლო წლებში თითქმის სულ განადგურდა და თუ ასე გაგრძელდა, ბუჩქსაც კი ვეღარსად ნახავთ“.
ნიკოლოზ ბიჩინაშვილის დახმარებით გლდანის ბაზარზე შეშით მოვაჭრე ტყისმჭრელებს თავი ისე გავაცანით, თითქოს ჩვენც ტყისმჭრელობა გვსურდა და მათგან ამ საქმიანობის შესახებ მეტად საინტერესო ნიუანსების გაგება შევძელით.
ტყისმჭრელებთან საუბარში გაირკვა, რომ მათი დიდი უმრავლესობა შეშის ჩამოსატანად ტყეში ღამე დადის და ამის მიზეზი, მათ მიერ ლიცენზიაში გადასახდელი თანხის დაზოგვის სურვილია. “ღამე კი არა, ხანდახან თვეები გავა ისე, რომ პოლიციის თანამშრომელი არ შეგხვდება გზაზე, მაგრამ ღამე მუშაობა მაინც ერთგვარი თავის დაზღვევაა“ – აცხადებენ ტყისმჭრელები, რომელთა დიდი ნაწილი მოჭრილ შეშას ბაზარზე თავადვე უკეთებს რეალიზებას და უნდა ითქვას, რომ თბილისური ცივი ზამთრის გამო კლენტურა არასოდეს აკლიათ.
გაირკვა, რომ თიანეთში ტყისჭრა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რომელსაც სატვირთო ავტომანქანა ჰყავს და ღამით, მოყინულ გზებზე სიარულს არ უფრთხის. ყველა ტყისმჭრელმა კარგად იცის, რომ მათი საქმიანობა უმეტესად კანონის დარღვევაა. მაგრამ თავს ტრადიციულად ოჯახის რჩენის პრობლემებითა და გაძვირებული ცხოვრებით იმართლებენ.
ტყისმჭრელების ერთი, მცირე ნაწილი, ძირითადად სამასალე ხეს ჭრის და მათი შემოსავალი “მეშეშეებისას“ აღემატება, მაგრამ სამასალე ხის მოჭრა და მისი დამუშავება შეშაზე ბევრად მეტ შრომას მოითხოვს და იმის საფრთხეც მეტია, რომ უკვე თბილისში ჩამოტანილ ულიცენზიო მორებს პოლიცია ჩამოართმევს.
ამასობაში შეშის ფასიც იზრდება და მოსახლეობის უმეტესობას არც ლიცენზირებული და არც ულიცენზიო შეშის შესყიდვის საშუალება არა აქვს. სოციალურად მძიმე პირობებში მყოფი მოხუცებისა და მარტოხელებისთვის უშეშობა დიდ პრობლემას ქმნის. ზოგი მათგანი ხმელ ტოტებს აგროვებს, რომ როგორმე სათბობი მოიმარაგოს.
“მარტოხელა მოხუცი ვარ. როგორც ყველას, შეშა ზამთარში მეც მჭირდება. თვეში 128 ლარს ვღებულობ, რაც ჩემს ელემენტარულ მოთხოვნილებებს ვერ სწვდება. იმედი მაქვს, ნათესავები დამეხმარებიან და საწვავს მაყიდინებენ, რომ ზამთარი გავიტანო. ახლა ღუმელის დასანთებად აქეთ-იქიდან ხმელ ტოტებს ვაგროვებ. შეშა ძალიან გაძვირებულია. ჩემი პენსიით მისი ყიდვა შეუძლებელია. პენსია ყოველთვიურად საწვავისთვის რომ გადავდო, როგორღა ვიცხოვრო, პური რით ვიყიდო?“ – ამბობს 72 წლის ნაირა ფილფანი.
შეშის გაძვირებაზე გავლენას ძირითადად გადამყიდველები ახდენენ. ისინი სათბობს თიანეთიდან ჩამოსული ტყისმჭრელებისაგან შედარებით იაფად ყიდულობენ და ძვირად ყიდიან. თბილისში დღეში რამდენიმე ათეული მანქანა შეშა შემოდის, თუმცა ფასი მუდამ ზრდადად რჩება.
სტატია გამოქვეყნდა ციფრული ფორმატით გამომავალი გაზეთ “სოლიდარობის” იანვრის ნომერში