ტყიბულში შვიდი მაღაროელი დაშავდა

ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროს მე-3 საწარმოო უბანზე, მაშინ, როდესაც სამთო მაშველებისა და შპს “საქნახშირის“ მაღაროელებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი რამდენიმე საათის წინ წარმოშობილი ხანძრის კერის სალიკვიდაციო სამუშაოებს აწრმოებდა,  ჯერ ერთმა, ხოლო ერთი საათის შემდეგ, დაახლოვებით 18:00 საათზე, კიდევ ექვსმა მაღაროელმა სახის და ხელების დამწვრობა მიიღო.

“7 მაღაროელია დაშავებული, დაახლოებით 17:00 საათზე სამთო დარტყმის შედეგად ტალღამ 1969 წელს დაბადებული გელა ქათამაძე ისროლა და ამის შედეგად მან  სახეზე ტრავმები მიიღო, ხოლო ერთი საათის შემდეგ კი მეთანის აალების შედეგად დანარჩენებმა – (გოჩა კუბლაშვილი – 1965, ბეჟან ჭუმბურიძე – 1954, თამაზ ფუტკარაძე -1964, თამაზ გაბელაშვილი – 1953, ვაჟა კირკიტაძე – 1958, მალხაზ ბოჭორიშვილი – 1960) სახისა და ხელების დამწვრობა მიიღეს.

ჩვენი წარმომადგენელი საავადმყოფოში იმყოფება. მისი თქმით ორი მაღაროელის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, რომელთაგან ერთი, თავად უბნის უფროსია.

რატომ მოხდა ზემოთაღნიშნული ფაქტი, ვინ არიან დამნაშავეები და შეიძლებოდა თუ არა ამ ფაქტის თავიდან აცილება, ეს საწარმოში უბედური შემთხვევების კვლევის კომისიამ უნდა დაადგინოს, რომლის მუშაობაშიც პროფკავშირის წარმომადგენლის გათვალისწინებას, კანონის შესაბამისად მოვთხოვთ კომპანიის ადმინისტრაციას“ – განაცხადა საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტმა, თამაზ დოლაბერიძემ.

დამწვარი მაღაროელების მდგომარეობა მძიმეა. ერთ-ერთი მეშახტე კი, რომელსაც მსუბუქი დამწვრობა აქვს, მკურნალობის კურსს ტყიბულის საავადმყოფოში აგრძელებს. მაღაროს მფლობელი კომპანიის „საქნახშირ ჯი-აი-ჯის“ დირექტორის მოადგილე ბეჟან ბალავაძის თქმით, აფეთქება მაღაროდან გამოსულმა ჰაერის დიდმა ტალღამ გამოიწვია.magaro