მიმდინარე წლის 9 ივნისს ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროზე, აღმოსავლეთ ველის მე-3 სამრეწველო უბანში, სამთო მაშველებისა და მაღაროელებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი აწარმოებდა ნახშირის ფენებში წარმოქმნილი ხანძრის ლოკალიზება-ლიკვიდაციას.
დაახლოვებით 17:00 საათზე სამთო დარტყმის შედეგად ტალღამ გელა ქათამაძე ისროლა და ამის შედეგად მან სახეზე ტრავმები მიიღო, ხოლო ერთი საათის შემდეგ კი ცხელი ჰაერის გამოფრქვევის შედეგად დანარჩენებმა – (გოჩა კუბლაშვილი, ბეჟან ჭუმბურიძე, თამაზ ფუტკარაძე, თამაზ გაბელაშვილი, ვაჟა კირკიტაძე, მალხაზ ბოჭორიშვილი) სახისა და ხელების დამწვრობა მიიღეს.
დაშავებულ მაღაროელებს ტყიბულის საავადმყოფოში ჩაუტარდათ პირველადი სამედიცინო დახმარება, რის შემდეგაც ხუთი მათგანი რეანიმობილებითთბილისის დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს, ერთი ქუთაისის კატასტროფის ცენტრში, ხოლო ერთი მკურნალობას აგრძელებს ტყიბულში.
პირველივე წუთებიდანვე საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის წარმომადგენელი, გიორგი ბაბუხადია საავადმყოფოშიიმყოფებოდა.
დამწვრობის ცენტრის მკურნალი ექიმების შეფასებით მაღაროელებს მე-2 და მე-3 ხარისხის დამწვრობა ქონდათ მიღებული და მათი მდგომარეობა კვალიფიცირდებოდა როგორც საშუალო სიმძიმის. ორი მაღაროელის მდგომარეობა იყო შედარებით მძიმე.
მოგვიანებით, მდგომარეობის გაუარესების გამო, აუცილებელი გახდა დაშავებული ვაჟა კირკიტაძის ქუთაისიდან თბილისში გადმოყვანა.
დღეის მდგომარეობით დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია. სასუნთქი გზების დაზიანება არც ერთ მათგანს არ აღენიშნება. ექიმების თქმით მკურნალობა მიმდინარეობს, სიტუაცია სრულ კონტროლს ექვემდებარება, კრიზისული სიტუაცია დაძლეულია და არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ტყიბულელ მაღაროელთა პროფკავშირული ორგანიზაციის ორგანიზებით, 11 ივნისს დაშავებულები 20-მდე ტყიბულელმა მაღაროელმა მოინახულა.
შპს ,,საქნახშირის“ (ჯი-აი-ჯი ჯგუფის) ადმინისტრაცია მკურნალობისა და მასთან დაკავშირებულ ხარჯებს საკუთარ თავზე იღებს.
კომპანიის ადმინისტრაციიას წარმომადგენლის განცხადებით ბრიგადის მუშაობის დროს ჩამოიშალა ნახშირის დიდი ფენა, რომლის შედეგადაც გამოიფრქვა მაღალი ტემპერატურის მქონე ჰაერის დიდი მასა, რომელმაც გამოიწვია მაღაროელების დაშავება.
ამის პარალელურად კი იმ უბანზე სადაც ზემოთაღნიშნული საწარმოო შემთხვევა მოხდა, ხანძარი გაძლიერდა და აუცილებელი გახდა უბანთან მისასვლელი დერეფნის მთლიანად ამოლუქვა, რაც გადაკეტავდა 1-ელ საწარმო უბნამდე მისასვლელსაც, რაც იმას ნიშნავდა, რომ დაახლოვებით 160 ადამიანის სამუშაო ადგილი დაიკარგებოდა. თუმცა სამთო მაშველებმა და მაღაროელებმა იმდენი შეძლეს, რომ 1-ელ უბანზე არსებული სამუშაო ადგილები გაუქმებას გადარჩა და მხოლოდ მე-3 საწარმოო უბნის ამოკეტვა მოხდა შესაბამისი ინერტული მასალით.
რატომ მოხდა ზემოთ აღნიშნული ფაქტი, ვინ არიან დამნაშავეები და შეიძლებოდა თუ არა ამ ფაქტის თავიდან აცილება, ეს საწარმოში უბედური შემთხვევების კვლევის კომისიამ უნდა დაადგინოს, რომლის მუშაობაშიც პროფკავშირის წარმომადგენელიც მიიღებს მონაწილეობას. როგორც პროფკავშირს კომპანიის ადმინისტრაციიდან აცნობეს, კომისიის 1-ლი სამუშაო შეხვედრა სამშაბათს უნდა გაიმართოს.
მომხდართან დაკავშირებით საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პოზიცია ასეთია:
– მდგომარეობის გამოსასწორებლად აუცილებელია შეიქმნას შრომის დაცვის ინსპექცია, რომელიც განახორციელებს, როგორც მონიტორინგს, ასევე მოახდენს რეაგირებას აღმოჩენილ დარღვევებზე როგორც ტექნიკური, ასევე შრომით-სამართლებრივი თვალსაზრისით.
– აუცილებელია საქართველოს პარლამენტმა მოახდინოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 176-ე კონვენციის რატიფიცირება, რომელიც დამატებით ვალდებულებებს აწესებს დამსაქმებლისთვის, მაღაროებზე ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების ამაღლების მიზნით.
– შრომის კულტურის ამაღლების, სამუშაო ადგილებზე კოლექტიური პასუხისმგებლობის ამაღლებისა და სოციალური პარტნიორობის მოდელის გაძლიერების მიზნით ასევე აუცილებელია საქართველოში დაინერგოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ,,შრომის დაცვისა და უსაფრთხოების სისტემების მართვის 2001 წლის სტანდარტი, რომელიც ითვალისწინებს შრომის რისკების ყოველდღიურ რეჟიმში მონიტორინგს, შეფასებას და აღმოფხვრას, დამსაქმებლისა და დასაქმებულების წარმომადგენლების მიერ შექმნილი ორმხრივი მუდმივმოქმედი კომისიის მიერ.
წყარო: საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი
ფოტო: სოფო აფციაური