რუსთავში ერთობლივი ბრიფინგი მოაწყო ტრანსპორტის პროფკავშირმა და კომპანია , “ინტერ ტრანსმა”. მათ ქალაქში ყვითელი სამარშუტოებისპირველ სამუშაო დღეზე და არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
ტრანსპორტის პროფკავშირის ხელმძღვანელი ლავრენტი ალანია აცხადებდა, რომ რუსთაველ მძღოლებზე ხაზების ე.წ მეპატრონეები ზეწოლას აგრძელებენ.
“ხელმეორედ განხორციელდა მძღოლებზე ზეწოლა, შედეგად ერთი მძღოლი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათზე ზეწოლას ახდენს ნარკოტიკის შეტანისთვის წარსულში დაკავებული ვინმე იმერლიშვილი და სამართალმცოდნეობის ლექტორი კოჭლამაზაშვილი. ეს ადამიანები ყველაფერს აკთებენ იმისთვის, რომ მძღოლებმა კომპანიასთან თანამშრომლობა არ დაიწყონ”, – საუბრობდა ალანია. აცხადებს, რომ თავად იმყოფებოდა პოლიციაში, როგორც დაზარალებული მძღოლების წარმომადგენელი და უწყებიდან კონკრეტულ ქმედებებს ელის.
ასევე მისი თქმით, პროცესებში უკვე წინასაარჩევნოდ ხმების მიღების მიზნით ჩართულია მძღოლების ადვოკატი და ლეიბორისტების რუსთავის მერობის კანდიდატი, რევაზ რიჟამაძე.
ალანიას განცხადებით დღეს თბილისის მიმართულებით მომუშავე სამმა ხაზმა, რომელსაც ჯერჯერობით “ინტერ ტრანსი” ვერ მართავს, მგზავრობის ღირებულება 1 ლარამდე დაწია. მაშინ, როდესაც ამ ხაზზე მომუშავე პირები აცხადებდნენ, რომ არსებული ტარიფით მოგება არ რჩებათ.
აქცენტს ამ ეტაპზე არსებულ მიღწევებზე აკეთებდა ,,ინტერ ტრანსის” დირექტორი, მამუკა მუმლაძე. აცხადებდა, რომ მძღოლებთან მოლაპარაკების შედეგად დღეს ორი ხაზი დაკომპლექტდა, სადაც მძღოლების ნახევარზე-მეტი ადგილობრივია – ამ დღეებში კი დაკომპლექტდება დანარჩენი ხაზებიც.
,, თითქმის ერთი კვირის განმავლობაში სისტემატიური მუშაობა მიმდინარეობდა მძღოლებთან. შედეგად დღეს დილის 6 საათიდან გაიშვა რუსთავი-გლდანის და რუსთავი – თბილისის რკინიგზის სადგურის მიმართულებით მომუშავე ხაზები”, – საუბრობდა მუმლაძე.
მისი თქმით, კომპანია მათთან დასაქმების მსურველ მძღოლებს, რომლებსაც საბანკო ვალები აქვთ ახალ შემოთავაზებას უკეთებს. მუმლაძის განცხადებით კომპანია მერიის ნებართვის შემთხვევაში დაასაქმებს 2001 წლის ტექნიკურად გამართულ სამარშუტოებსაც. კომპანიასთან თანამშრომლობის გარეშე კი მძღოლები ხაზებზე ვერ დარჩებიან, რადგან თბილისის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვა სანებართვო კონკურსის შედეგად, მხოლოდ ,,ინტერ ტრანს” აქვს.
ბრიფინგზე ასევე ითქვა, რომ უკვე დაკომპლექტებულ ხაზებზე ,,ინტერ ტრანსი”-ს სამარშუტო ტაქსების გარდა, თვითნებურად მგზავრთა გადაყვანაში ჩართვის შემთხვევაში სამარშუტოები რუსთავის და თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურების მიერ 100-500 ლარამდე დაჯარიმდებიან.
kkpress.ge