მიმდინარეობს საიტის განახლება

ტრანსპორტის მუშაკთა პროფკავშირი ავტობუსის მძღოლის გარდაცვალებაში დამნაშავე პირის დასჯას ითხოვს

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების საპრესკონფერენციო დარბაზში, საქართველოს ტრანსპორტისა და გზის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტმა, ლავრენტი ალანიამ, ყვითელი ავტობუსის მძღოლებთან და კონტროლიორებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.

პრესკონფერენციაზე პროფკავშირმა, მძღოლებმა და კონტროლიორებმა დააფიქსირეს მათი მკვეთრად უარყოფით პოზიცია 17 ივლისს, ფონიჭალაში ყვითელი ავტობუსის მძღოლის, ვალერი ესვანჯიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით და მოითხოვეს მძღოლის სიკვდილში დამნაშავე პირის უმკაცრესად დასჯა. მძღოლების გულისწყრომა განსაკუთრებით იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ აღნიშნულ დანაშაულში ბრალდებული ადამიანი სასამართლომ დაკავებიდან მეორე დღესვე გაათავისუფლა.

ლავრენტი ალანიას განცხადებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მძღოლებზე ძალადობენ და მსგავსი ფაქტები სასწრაფოდ უნდა იყოს აღმოფხვრილი და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. ალანია აპირებს გამოაქვეყნოს სტატისტიკა, სადაც ასახული და აღნუსხულია მძღოლებზე თავდასხმებისა და მათზე ძალადობის ფაქტები.

პრესკონფერენციაზე ასევე გაკეთდა განცხადება, რომ სამშაბათს, 22 ივლისს ამ შემზარავ ფაქტთან დაკავშირებით, ტრანსპორტის მუშაკთა პროფკავშირის ინიციატივით, საქართველოს რამდენიმე ქალაქში მძღოლები სოლიდარობის ნიშნად ერთი წუთის მანძილზე შეწყვეტენ მუშაობას. ამას გარდა, საქალაქო ტრანსპორტზე გაკეთდება შავი ფერის ლენტები.

საქართველოს პროფკავშირი ყოველთვის გმობდა და აპროტესტებდა დასაქმებულ ადამიანებზე ძალადობის ფაქტებს. აშკარაა, რომ მსგავსი შემთხვევებისგან თავის ასაცილებლად გადამჭრელი ზომების მიღებაა საჭირო.

შეგახსენებთ, რომ 17 ივლისს ფონიჭალაში ყვითელი ავტობუსის მძღოლსა და მგზავრს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მგზავრმა მძღოლს ხელი ჰკრა, რის შედეგადაც მძღოლი წაიქცა, თავი დაარტყა და გარდაიცვალა. lavrenti