საერთაშორისო კონფერენცია: „ტექნოლოგიები და დასაქმების ახალი ფორმები – პროფკავშირების სიძლიერის გამოცდა და შესაძლებლობები უფრო აქტიური ორგანაიზინგისთვის.“
სტატიის ავტორი: დავით არაბიძე
2017 წლის 15 სექტემბერს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ მის უცხოელ პარტნიორ ორგანიზაციებან და სხვა ქვეყნების პროფკავშირული დელეგაციების ხელმძრვანელებთან ერთად გამართა უმნიშვნელოვანესი კონფერენცია შრომითი მიგრაციის საკითხებზე.
კონფერენცია გახსნა წინა დღით საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მე-13 საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე, მორიგე 4 წლის ვადით, გაერთიანების თავმჯდომარედ არჩეულმა ირაკლი პეტრიაშვილმა. მან აღნიშნა რომ საქართველოდან, ისევე როგორც ბევრი სხვა ქვეყნიდან შრომით მიგრაციას განაპირობებს განათლებასა და დასაქმებაზე ხელმიუწვდომლობა, უბრალო ადამიანების ელემენტარული სოციალური უფლებების დაუცველობა. მხოლოდ კარგი დოკუმენტები ამ საქმეს ვერ შველის, რადგან საჭიროა ქმედითი საერთაშორისო სოლიდარობა, რადგან შრომის უფლება ადამიანის უფლებაა, ეს კი ნიშნავს რომ ამ ამოცანის გადასაწყვეტად საჭიროა საერთაშორისო ძალისხმევა. მან სიტყვა გადასცა პროფკავშირების პან-ევროპული რეგიონული საბჭოს წარმომადგენელს ანტონ ლეპიკს.
შეხვედრის მოდერატორი იყო ანტონ ლეპიკი – პან-ევროპული რეგიონალური საბჭოს (PERC) აღმასრულებელი მდივანი, რომელმაც საკითხზე პოზიცია ამგვარად გამოხატა.
ანტონ ლეპიკი ” საკითხი რომელსაც ჩვენ განვიხილავთ არა მარტო რთული თემაა, არამედ გადამწყვეტი მნიშვნელობისაც. საქმე ხომ ადამიანების ბედს, მათ შრომას, სიცოცხლეს ეხება და ჩვენ ამ კონფერენციით აუცილებლად უნდა გადავდგათ საჭირო ნაბიჯები, რათა ის დიდი შრომითი მიგრაციის ტალღა, რაც წარმოიშვა სხვათა გაუთვლელი და არასწორი ქმედებების საფუძველზე შემოვაბრუნოთ შრომითი მიგრანტების სასარგებლოდ.
გთავაზობთ გამომსვლელების მიერ განსახილველ საკითხზე გამოთქმულ პოზიციებს:
- ევროპის პროფკავშირების კონფედერაცია, იოზეფ ნემეცი: “ციფრული ეკონომიკა ახალ რეალობას წარმოშობს, რაც ჩვენ გვკარნახობს საჭიროა ახალი ტიპის ორგანაიზინგი. აუცილებელია უმუშევარი ადამიანების მხარდაჭერა, რათა მათი ხმა ისმოდეს. საჭიროა გაიზარდოს ადამიანების წვდომა მათემატიკასა და ტექნოლოგიებზე, განსაკუთრებით კი ქალების დახმარება რათა ამ მხრივ ამაღლდეს მათი შესაძლებლობები. მიმდინარეობს მეოთხე რევოლუცია და იგი მშრომელების ინტერესების სასარგებლოდ უნდა წარიმართოს”.
- ILO-ს უფროსი სპეციალისტი გოჩა ალექსანდრია: “ეს კონფერენცია ემსახურება შრომის სფეროში საერთაშორისო დისკუსიის გაშლას. არაფორმალური შრომა და არაღირსეული შრომითი სტანდარტები განაპირობებენ შრომითი მიგრაციის ტალღების წარმოშობას.”
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ელზა ჯგერენაია: “ნათელია რომ არაფორმალური შრომის სოციალურ-ეკონომიკური ფასი ძალიან დიდია. სახელმწიფო შრომის სფეროში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ორიენტირებულია სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიაზე. ჩვენს ქვეყანას აქვს ორი პროექტი ესტონეთთან და პოლონეთთან შრომითი მიგრაციის თაობაზე და გვსურს ეს გამოცდილება სხვა ქვეყნებზეც გავავრცელოთ, რათა დავიცვათ უცხოეთში მყოფი ჩვენი შრომითი ემიგრანტები.”
- შრომის ამერიკული ფედერაცია-სამრეწველო პროფკავშირების კონგრესისი სოლიდარობის ცენტრი, რუდი პორტერი: “შრომითი უფლებების დაცვას ახალი სტრატეგია ესაჭიროება, აუცილებელია ფრილანსერთა აქტიური ჩართვა პროფკავშირულ აქტივობებში, უნდა გაიზარდოს პროფკავშირების წარმომადგენლობა ეკონომიკის არაფორმალურ სექტორში”.
- ლიტვის პროფკავშირული გაერთიანება-„სოლიდარიუმასი“, ქრისტინა კრუპავიციენე: “სულ ეხლახანს ლიტვის პარლამენტმა მიიღო ახალი, ნეოლიბერალურ სტანდარტებზე აგებული შრომის კოდექსი. ჩვენს ქვეყანაში არის მცდელობა დაანგრიონ პროფკავშირული მოძრაობა და ქმნიან რაღაც ალტერნატიულ შრომით საბჭოებს, რომელიც გაუგებარი წესით კომპლექტდება. ეს კი იწვევს ადამიანების მასიურ გადინებას რესპუბლიკიდან – 3,5 მილიონიანი რესპუბლიკიდან უკვე 700 ათასზე მეტი ადამიანია წასული უცხოეთში.”
- ბელარუსის დემოკრატიული პროფკავშირების კონგრესი, ალექსანდრე იარაშჩუკი: “თითქოს ბელარუსისი რესპუბლიკის კონსტიტუცია იცავს შრომის უფლებას, მაგრამ რეალობა იმას გვეუბნება რომ სახეზე გვაქვს ფეოდალური წესის შრომითი ურთიერთობების რესტავრაცია.”
- საფრანგეთის შრომის საყოველთაო კონფედერაცია, პიერ კუტაზი: “საფრანგეთში ულტრალიბერალური პოლიტიკოსის ემანუელ მაკრონის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევამ, საფრანგეთში მოსპობის საფრთხის ქვეშ დააყენა ყველა სოციალურ-შრომით სფეროში დღემდე არსებული მონაპოვარი. პრეზიდენტი მხოლოდ თავისუფლებაზე ლაპარაკობს, რაც ფრანგების აბსოლუტური უმრავლესობას ართმევს თავისუფლებას.”
- შედეთის პროფკავშირების ცენტრალური გაერთიანება, მიქაელ ნილსონი: “მე-20 საუკუნის დამდეგს შვედეთი ღარიბი ქვეყანა იყო, მაგრამ სოციალ-დემოკრატებისა და პროფკავშირების საერთო ძალისხმევამ იგი ძალიან შეცვალა. დღეს შვედეთის მუშათა კლასი ებრძვის ნეოლიბერალიზმის მიერ თავს მოხვეულ პოლიტიკას და იცავს საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მოპოვებულ სოციალურ-შრომით უფლებებს. ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სოციალური მედიის გაძლიერება და ამ მიზნით ყველას ვთავაზობთ ჩვენი გამოცდილების გაზიარებას, რათა რაც შეიძლება ბევრმა მშრომელმა შეისწავლოს კომპიუტრული ტექნოლოგიები, რაც მათ და ჩვენ გვეხმარება ეფექტური გავხადოთ ყველა ტიპის აქცია, რასაც ჩვენ ვგეგმავთ ერთობლივად.”
- საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე თამაზ დოლაბერიძე: “მთავარ იარაღად ჩვენს ქვეყანაში რეორგანიზაციას იყენებენ და ადამიანებს ართმევენ სამუშაო ადგილებს. მნიშვნელოვანი პრობლემაა საბანკო ვალები, რომელშიც დასაქმებულთა თითქმის 80% არის გაბმული. დამსაქმებლების ცოდნა სოციალურ-შრომითი უფლებების სფეროში თითქმის ნულს უტოლდება. საქართველოში საჭიროა ისეთი პოლიტიკური ძალა, ვინც იქნება პროფკავშირების ღირსეული პარტნიორი პარლამენტში.”
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, აჭარის პროფკაშირების რესპუბლიკური გაერთიანების თავმჯდომარე ილია ვერძაძე: “მთავარი პრობლემათა რიგს სოციალურ-შრომითი დემპინგი განეკუთვნება, ასევე საჭიროა მწვანე ინდუსტრიის ხელშეწყობა.”
- ლატვიის პროფკავშირების კონფედრაცია, ეგილს ბალძენსი: “ჩვენ მთავარი ყურადღება საგადასახადო პოლიტიკას მივაპყარით და მივაღწიეთ მშრომელთათვის საგადასახადო შეღავათების დაწესებას. ლატვიელ მშრომელთა მთავარი გამოწვევა კი დღეს ხელფასების გაყინვაა.”
- რუსეთის შრომის კონფედერაციის პრეზიდენტი ბორის კრავჩენკო: “რუსეთში ჩრდილოვანმა ეკონომიკამ 40%-ს უკვე გადააჭარბა, სხვა ქვეყნებში გაედინება წარმოება, ეცემა მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი და იზრდება სიღატაკე.”
- ბელგიის შრომის საყოველთაო ფედერაცია, ტიერი აერტსი: “ჩვენი პროფკავშირების პოზიციაა ყველას თანაბარი უფლებები. დემპინგი შრომით ბაზარზე დაუშვებელია და ჩვენ მას აქტიურად ვუპირისპირდებით. აუცილებელია ყველა მშრომელი უფლებებში იყოს თანასწორი.”
- საქართველოს მასწავლებელთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების პრეზიდენტი მაია კობახიძე: “ჩვენს მთავარ წარმატებად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან დარგობრივ შეთანხმების დადებას მივიჩნევთ, მაგრამ პრობლემები ამ სფეროში კვლავ ბევრია და ვცდილობთ სათანადო კანონებში ცვლილებებით ეს საკითხები გადავწყვიტოთ.”
- პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის გენერალური მდივანი შარონ ბაროუ: “ირაკლი პეტრიაშვილის გამარჯვება ვფიქრობ კარგი გაკვეთილია, როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნების მთავრობებისთვის. შრომითი მიგრაციის ტალღები არ შეწყდება არაფორმალური შრომის გავრცელებით. საჭიროა უკომპრომისო ბრძოლა კორპორაციულ სიხარბესთან, ქსენოფობიასთან, ავტორიტარიზმთან. პროფკავშირების პანევროპულმა საბჭომ ბოიკოტი გამოუცხადა ILO-ს მიერ თურქეთში დაგეგმილ კონფერენციას, რადგან პროფკავშირები არსად არ შეურიგდება დიქტატურის გამოვლინებას.”
- კონფერენცია შეაჯამა საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა ყველა კოლეგასა და მოწვეულ სტუმარს და დაადასტურა რომ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება უკომპრომისო პოზიციას დაიკავებს ბიზნესის დიქტატურისა და კორპორაციული სიხარბის პოლიტიკის მიმართ. :”ჩვენ საქართველოს პროფკავშირელები მიზნად ვისახავთ მთელი ძალისხმევა მივმართოთ საქართველოში ღირსეული შრომის სტანდარტების დამკვიდრებისკენ, რათა ჩვენს თანამემამულეებს სიღატაკე და უპერსპექტივობა არ უბიძგებდეს შრომითი მიგრაციისკენ. მაღალი შრომითი სტანდარტების დამკვიდრება საეთაშორისო ამოცანაა და მას საერთაშორისო სოლიდარობით მივაღწევთ.”
შეხვედრაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა მსხვილი და ანგარიშგასაწევი ორგანიზაციები ევროპის ქვეყნებიდან, მათ შორის: პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაცია-ITUC, ევროპის პროფკავშირების კონფედერაცია-ETUC, პროფკავშირების პან-ევროპული რეგიონული საბჭო-PERC, საინფორმაციო პორტალი-LabourStart, ავსტრიის პროფკავშირების გაერთიანება-OGB, აზერბაიჯანის პროფკავშირების კონფედერაცია-AHIK, ალბანეთის პროფკავშირების კონფედერაცია-KSSH, ბელარუსის დემოკრატიული პროფკავშირების კონგრესი-БКДП, ბელგიის შრომის საყოველტაო ფედერაცია-ABVV-FGTB, ბულგარეთის დამოუკიდებელი პროფკავშირების კონფედერაცია-CITUB, გერმანიის პროფკავშირების გაერთიანება-DGB, დანიის პროფკავშირების ცენტრალური გაერთიანება-LO/FTF, საფრანგეთის შრომის საყოველთაო კონფედერაცია-CGT, ყაზახეთის პროფკავშირების ფედერაცია-ФПК, ბასკეთის პროფკავშირული სოლიდარობა-ELA, შვედეთის პროფკავშირების ცენტრალური გაერთიანება-LO, თურქული პროფკავშირული გაერთიანება-DISK, თურქული პროფკავშირული გაერთიანება-HAK-IS, თურქული პროფკავშირული გაერთიანება-KESK, ლატვიის პროფკავშირების კონფედერაცია-LBAS, ლიტვის პროფკავშირული გაერთიანება-„სოლიდარიუმასი“, ლიტვის პროფკავშირების კონფედერაცია-LPSK, ნორვეგიის პროფკავშირების ცენტრალური გაერთიანება-YS, პოლონეთის დამოუკიდებელი თვითმმართველი პროფკავშირული გაერთიანება-“სოლიდარნოსტი“, რუსეთის შრომის კონფედერაცია-КТР, რუსეტის დამოუკიდებელი პროფკავშირების ფედერაცია-ФНПР, სერბეთის დამოუკდებელი პროფკავშირების კონფედერაცია-CATUS, უკრაინის პროფკავშირების ფედერაცია და სხვანი)