ის სულ სხვანაირი კაცი იყო. ერთი შეხედვით ვერც კი მიხვდებოდით, სხვანაირი რომ იყო. მუდამ კოხტად და ევროპულად ეცვა და საუბარიც წყნარი და მოზომილი იცოდა, მაგრამ ჭადრაკის სათამაშოდ კლუბში შევედით თუ არა, ჩვენ თავიდანვე მივხვდით, რომ ის კაცი არავის ჰგავდა. კლუბში ჭადრაკს მხოლოდ გასართობად არავინ თამაშობდა და ისიც ჩვენს მსგავსაც, ჭადრაკის დაფის გვერდით ფულის კუპიურებს აწყობდა, მაგრამ მის თამაშში ცოდნაც ჩანდა და ისე განსაჯეთ – თავდაჭერაც კი…
ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობდით, რომ საქართველოში ჩვენ განსაკუთრებით არავის ვუყვარდით. დიდი იმპერიის ჩვენებრ პატარა მოხელეები აბა რა სათვალავში ჩასაგდებია, როდესაც თავად ქართველებს სულ დიდ-დიდი გენერლები ჰყავდათ და იმათაც კი არ უყურებდნენ კარგი თვალით.
სანამ თბილისში ჩამოვიდოდით, გაგვაფრთხილეს – ქართველები ცოტა უცნაური ხალხი არიან და მათთან მეგობრობა მაინცა და მაინც არ ღირსო. ჩვენც ისღა დაგვრჩენოდა, თავი ცოტა შორს დაგვეჭირა და სამსახურის შემდეგ, ერთადერთი, ჭადრაკის თამაში იყო, როდესაც ამ მართლაც უცნაურ ხალხს შედარებით ახლოს ვეცნობიდით.
ერთ საღამოს, როდესაც ერთ სომეხ ვაჭარს ვეთამაშებოდი და ფიგურების ისეთი წყობა მქონდა, რომ აუცილებლად უნდა მომეგო, ის ”სხვანაირი კაცი” პირველად მაშინ დავინახე კლუბში შემოსული. შემოვიდა თუ არა, თითქოს გენერალი ან ვინმე დიდი ჩინოსანი ყოფილიყოს, ყველა ქართველი ფეხზე წამოუდგა. ზოგმა სკამი შესთავაზა, ზოგი შემოსასვლელ კარში მიეგება ხელის ჩამოსართმევად. მე გამიკვირდა, რადგან ქართველებს წესად არა ჰქონდათ ასეთი მისალმება. ასე ამ ქვეყანაში მხოლოდ მღვდლებს თუ ხვდებოდნენ და იმათაც განსაკუთრებულ შემთხვევაში. ჩემდა გასაკვირად, შემოვიდა თუ არა, ჩვენს მაგიდასთან მოვიდა, თავზე დაგვადგა და სანამ პარტნიორს მოძებნიდა, სხვების მსგავსად, ჩვენი თამაშის ცქერა დაიწყო.
ხომ გითხარით უკვე, რომ ფიგურების ძალიან გარგი წყობა მქონდა და ყველა ვფიქრობდით, რომ ჩემი მოგება გარდუვალი იყო. იმან კი, კავკასიურკილონარევი რუსულით მითხრა, რომ თამაში წაგებული მქონდა და უმჯობესი იქნებოდა, ახალი პარტია დაგვეწყო. მახსოვს, ძალიან გამაბრაზა მომხვდურის ამ სიტყვებმა და თავი შეურაცხყოფილადაც კი ვიგრძები. მითუმეტეს, რომ ყველა ჩემსავით ფიქრობდა. მან კი ჩემი გაბრაზება არაფრად ჩააგდო და ღიმილით მითხრა: ”ახალგაზრდები სულ ეგეთები ხართ. სულსწრაფები და პირველობის მდომენი. ეგ არაა ცუდი, მაგრამ ყოველთვის ისე არაა, როგორც თქვენ გინდათ იყოს”.
ჩემთვის უცნობი ქართველის ამ სიტყვების შემდეგ, მეც მისი ფარული თაყვანისმცემელი გავხდი. მისი რთულად გამოსათქმელი ქართული გვარი არაფერს მეუბნებოდა, მაგრამ ის კი გავიგე, რომ ქართველებში დიდად პატივდებული ვექილი იყო და ზოგიერთი მწერალსაც კი ეძახდა. შემდეგ, როდესაც ამ კაცს სათამაშო კლუბში ვხვდებოდი, სულ მინდოდა, რომ მის ახლოს მეტრიალა. ვუყურებდი მის თამაშს, ვუსმენდი, როგორ არჩევდნენ პარტიებს და საუბრებში ხანდახან პოლიტიკასაც ისე კოხტად გაურევდნენ, მეფის ჭეშმარიტად ერთგული ქვეშევრდომი რომ ვყოფილიყავი, ამ საუბრების შესახებ, მინიმუმ, ჟანდარმერიაში მაინც უნდა განმეცხადებინა. თუმცა, ისიც ვიცოდი, რომ ქართველები ამ ნაბიჯს არასოდეს მაპატიებდნენ.
ერთ დღესაც, ჩვენი კანტორის ტიტულარულ მრჩეველს, გვარად გორბიევს, ჭადრაკში გვარიანი თანხა მოვუგე. უნდა გამოგიტყდეთ, რომ ძალიან გამიმართლა, რადგან გორბიევს ქართული ღვინო ნამეტანი უყვარდა და სულ მთვრალი თამაშობდა. ჭადრაკის დათქმული ხუთივე პარტია ისე ადვილად მოვიგე, მეც კი გამიკვირდა. ბოლოს შემეცოდა ეს გორბიევი და იმაზე შევთანხმდით, რომ ავჭალაში, მტკვრის პირას მდებარე ერთ ჩვენს საყვარელ უბრალო დუქანში, როგორც ქართველები ეძახიან, ”ცოცხალი თევზით” და ღვინით დამშვენებულ სუფრას გაშლიდა და წაგებულს აღარ გავუხსენებდი. გორბიევს ჭკუაში დაუჯდა ეს შეთავაზება და მთელი ღამე იმ დუქანში გავატარეთ.
კარგად მახსოვს, 12 სექტემბრის მზიანი დღე იყო, როდესაც ნამთვრალები და ღამენათევები დუქნიდან გამოვედით და რის ვაი-ვაგლახით ავძვერით იქვე მდგარ ეტლში. მთავარ გზაზე გამოვედით თუ არა, ვხედავთ მთელი სისწრაფით ჩვენს პირდაპირ კარგი ლაზათიანი ეტლი მოდის, სადაც ის ჩემი ნაცნობი ქართველი ვექილი და ერთი ქალბატონი სხედან. ვექილმა ალბათ ვერ მიცნო, მე კი სალამი დიდის ამბით მაინც გადავძახე და გული კი დამწყდა, ჩემს სალამს მხოლოდ ხელის ოდნავი აწევით რომ შეხვდა.
ამ დღის შემდეგ, ის უცნაური ვექილი თუ მწერალი აღარასოდეს მინახავს. ამასწინათ, ერთი ქართველი კაცი მეუბნებოდა, გაძარცვის მიზნით, მცხეთასთან ახლოს მოკლესო. ეს, რასაკვირველია, არ დავიჯერე, რადგან ასეთი კაცის ეგრე უბრალოდ სიკვდილი სად გაგონილა?! არ ვიცი რატომ, მაგრამ ბოლო დროს მეც იშვიათად დავდივარ სათამაშო კლუბში. როდესაც კლუბში ათასში ერთხელ შევივლი, სულ ველოდები, როდის შემოაღებს ის კაცი კარს, მაგრამ ჯერ არსად ჩანს. ვითომ მართლა მოკლეს?