საქართველოში ყოველწლიურად უმაღლეს სასწავლებელს უამრავი სტუდენტი ამთავრებს. სამწუხაროდ, მათ შორის ნახევარსაც არ აქვს დასაქმების შესაძლებლობა.
სტუდენტთა დასაქმების პრობლემასთან დაკავშირებით შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნანა დოლიძე გვესაუბრა:
“ვფიქრობ, რომ ჩვენი უნივერსიტეტი ყველა შესაძლებლობას იყენებს იმისათვის, რომ სტუდენტი, მხოლოდ თეორიული ცოდნის ანაბარა არ დარჩეს.
იცვლება დრო, იცვლება სტანდარტები, იცვლება დასაქმების ბაზრის მოთხოვნებიც, უნივერსიტეტიც შესაბამისად, ცდილობს ამ ფაქტორების გათვალისწინებას და ვფიქრობ, რომ ის ამას ახერხებს კიდეც. რაც შეეხება დასაქმებას, ეს საკმაოდ რთული საკითხია და მის სიმწვავეს ბევრი ფაქტორი განაპირობებს – დაწყებული ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებიდან, დასრულებული საკუთრივ სტუდენტის მიერ უნივერსიტეტში მიღებული პროფესიული უნარჩვევების ხარისხით, რასაც ორი მხარე აქვს: ერთი, რომ უნივერსიტეტი ვალდებულია ყოველ სტუდენტს მისცეს შესაბამისი განათლება და მეორე, თავად სტუდენტის ფაქტორი, მისი მზაობა გაიღრმავოს ცოდნა და ისწავლოს არა იმისთვის, რომ დიპლომი აიღოს, არამედ იმისთვის, რომ შეძლოს თვითრეალიზება.
ჩემი აზრით, ნიჭიერი და განსწავლული, პროფესიული უნარებით “შეიარაღებული” ახალგაზრდა ყოველთვის შეძლებს საკუთარი ადგილის პოვნას.
სტუდენტმა უნდა ისწავლოს, სახელმწიფომ კი უზრუნველყოს მისთვის შესაბამისი გარემო-პირობები.”
კონკრეტულად, რას აკეთებს უმაღლესი სასწავლებელი სტუდენტების პრაქტიკის მიზნით? რატომ რჩება უამრავი სტუდენტი დაუსაქმებელი? სად არსებობს პრობლემა – სასწავლებლის განათლების ხარისხში თუ სახელმწიფოს ეკონომიკურ მდგომარეობაში?– ამ საკითხზე კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსაც გაესაუბრეთ.
დიანა ენდელაძე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი): “როგორც ჩემთვისაა ცნობილი, უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებს (პირველკურსელების გარდა) საშუალება ეძლევათ, ტრენინგი გაიარონ განსაზღვრული პროგრამებით. ჩემს ფაკულტეტზე, სოც-პოლიტიკურზე სტუდენტებს საგარეო საქმეთა სამინისტროში სტაჟირების საშუალება აქვთ.
სასწავლებლის განათლების ხარისხი და სახელმწიფოს ეკონომიკური მდგომარეობა ორი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც განაპირობებს უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქეების დაუსაქმებლობას. ამ ორიდან პრიორიტეტის მინიჭება ერთ-ერთზე მიჭირს. თუ სასწავლებელი ვერ უზრუნველყოფს სტუდენთებისთვის განათლების მაღალი დონის მიცემას ეს მეტ-ნაკლებად აისახება სახელმწიფოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რადგან ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის პრიორიტეტი განათლებული საზოგადოებაა. ამის გათვალისწინებით, მოცემული ორი ფაქტორის მაღალი კოლერაცია მოითხოვს, როგორც განათლების სისტემის, ასევე ეკონომიკური სპექტრის რეფორმებს.”
თეკლა ვეკუა (თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი): “უნივერსიტეტი თავის უპირველეს მოვალეობად მიიჩნევს ჩვენს დასაქმებაზე ზრუნვას, გვყავს კარიერული განვითარების მენეჯერი, რომელიც ზრუნავს ჩვენთვის ვაკანსიების მოძიებაზე, ხელშეკრულებებს დებს სხვადასხვა კომპანიასთან, რომ მათ ჩვენი უნივერსიტეტიდან აიყვანონ კადრები და ა.შ. ხშირად ტარდება ე.წ. “ვორქშოფები”. ჩვენი უნივერსიტეტის დიპლომს ვერ აიღებ, თუ არ გაქვს მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო სტაჟი მაინც, რადგან მეოთხე კურსის ბოლოს ამაზე რეცენზია უნდა დაწერო. ეს საკითხი საკმაოდ მკაცრად კონტროლდება და რეგულირდება.
ამავდროულად, მთავარი პრობლემა ბაზრის მოუმზადებლობაა ახალგაზრდა კადრებისთვის. როცა თუნდაც ვაკანსიაში მითითებულია, რომ სჭირდებათ ადამიანი მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილებით, უკვე შემზღუდველი ფაქტორია. უნდა არსებობდეს გამოსაცდელი ვადები, როცა საქმის ადგილზე შესწავლის შემდეგ შეგეძლება განსაზღვრო ეს ადამიანი უნდა მიიღო სამსახურში თუ არა.”
ლელე ბუდაღაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი): “როგორც ვიცი სტუდენტების პრაქტიკის მიზნით აქამდე არაფერი არ კეთდებოდა, ყოველ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არაფერი. მაგრამ რამდენიმე კვირის წინ მეოთხე კურსელებმა დააფუძნეს “ილია უნის კარიერის ცენტრი”, რაც ძალიან ინოვატორულია და, რა თქმა უნდა, სასარგებლოც, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე – უნივერსიტეტისთვისაც. სტუდენტთა დასაქმების პრობლემა სახელმწიფოსა და განათლების ხარისხში ერთნაირად უნდა ვეძებოთ.”
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა რაიმე სახის მექანიზმი, რომელიც მოაგვარებს სტუდენტების დასაქმების პრობლემას და რა უნდა გააკეთოს ამისთვის სახელმწიფომ?
დიანა ენდელაძე: “მექანიზმი, რა თქმა უნდა, არსებობს და ის ბევრ დასავლეთის ქვეყანაში მეტ-ნაკლები წარმატებით მუშაობს. ჩემი აზრით, საქართველომ უნდა გაითვალისწინოს სხვა ქვეყნების გამოცდილება და ამავდროულად, ეს გამოცდილება მოარგოს ჩვენი სოციუმის სტუდენტებს.”
თეკლა ვეკუა: “სახელმწიფოს მთავარი მოვალეობა ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს ერთგვარი დასაქმების “კომიტეტის” შექმნა, რომელიც იმუშავებს სხვადასხვა უნივერსიტეტში, შეარჩევს კადრებს და მოწოდებული ვაკანსიების მიხედვით გადაანაწილებს.”
ლელე ბუდაღაშვილი: “სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს სდუდენტებს, რომ შეძლონ საკუთარი თავის რეალიზაცია. ამისათვის უნდა გაკეთდეს სხვადასხვა სააგენტო, პირობითად შეიძლება სტუდენტების დასაქმების სააგენტო ვუწოდოთ, სადაც იქნება ყველა სტუდენტის მონაცემები და ნახავს სხვადასხვა კომპანია.”
შეგახსენებთ, სტუდენტთა დასაქმების პროგრამა “summer job”, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პრეზიდენტის ინიციატივით ახორციელებდა, იყო ერთადერთი საშუალება სტუდენტების დროებითი დასაქმებისა და გამოცდილების მიღებისათვის. მასში ჩართული იყო ყველა ავტორიზებული უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ბაკალავრიატის სტუდენტი. თუმცა, პროგრამა “summer job” შეჩერებულია.