მოლაპარაკების ბოლო რაუნდი კომპანიასა და პროფკავშირს შორის, გაფიცვის 30-ე დღეს, 4 მარტს დაიწყო და შეთანხმების მიღწევით დასრულდა.
დაძაბული მოლაპარაკებები 12 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და 5 მარტს გამთენიისას, გაფიცვის შეწყვეტის გადაწყვეტილებით დასრულდა.
კომპანიამ მუშებს ანაზღაურების 7,5%ით გაზრდა შესთავაზა. მიუხედავად იმისა, რომ პროფკავშირების თავდაპირველი მოთხოვნა ხელფასების 30%-ით ზრდა იყო, გაფიცვის პროცესში სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილების მიმართულებით მიღწეული წარმატებიდან და გაფიცულთა გრძელვადიანი გეგმებიდან გამომდინარე, აღნიშნული შეთავაზება მისაღები აღმოჩნდა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ კომპანიის მენეჯმენტი გაფიცვის საწყის ეტაპზე (გაფიცვა 30 დღე გაგრძელდა) საერთოდ წინააღმდეგი იყო ხელაფასების გაზრდისა, ხოლო გაფიცვიდან 2 კვირის შემდეგ ხელფასების მხოლოდ 4,9%-ით ზრდას დათანხმდა, რაც გაფიცულებისთვის იმ მომენტში მიუღებელი აღმოჩნდა და გაფიცვა გაგრძელდა.
საბოლოოდ, ხელფასების 7,5%-ით ზრდასთან ერთად, კომპანიამ ასევე, დააკმაყოფილა მეორე მოთხოვნა – პროფკავშირისთვის სამუშაო ფართის გამოყოფასთან დაკავშირებით, ხოლო, მესამე მოთხოვნასთან დაკავშირებით შეთანხმებაში ჩაიწერა, რომ კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებაზე მუშაობა აპრილიდან დაიწყება და ხელმოწერის შემდეგ ძალაში შევა 2017 წლის პირველი იანვრიდან. აღინიშნა, რომ პროფკავშირთან კოლექტიური მოლაპარაკებები გაიმართება როგორც საქართველოში, ასევე სტამბოლში კომპანია „შიშეჯამის“ სათაო ოფისშიც.
შეხვედრას, რომლის შემდეგაც გაფიცვის დასრულება გადაწყდა, მედიატორის სტატუსით ესწრებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი პაატა ჟორჟოლიანი, მცხეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და ამავდროულად პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის ლიდერ თამაზ დოლაბერიძესთან და ადგილობრივი პროფკავშირული კომიტეტის წევრებთან ერთად, პირადად მონაწილეობდა მოლაპარაკებაში. სპეციალურად ამ შეხვედრისთვის თურქეთიდან კომპანია „შიშეჯამის“ სათაო ოფისის წარმომადგენელი ჩამოვიდა, რომელიც ქარხნის გენერალურ დირექტორ უმით აიდოღანთან ერთად აწარმოებდა მოლაპარაკებებს პროფკავშირთან.
დაძაბული შეხვედრა დასრულებამდე დატოვა პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა.
პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ შეხვედრის დატოვებისას განაცხადა, რომ ქსნის მინის ქარხანაში გაფიცულ მუშებს, პროფკავშირისა და საწარმოს ხელმძღვანელებს შორის მოლაპარაკებები ძალიან რთულად მიმდინარეობდა.
“იმიტომ დავტოვე შეხვედრა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ძალიან რთულად. პოზიცია არის ხისტი. იმედი მინდა ვიქონიო, რომ ადმინისტრაციის მხარე უფრო პრაგმატული იქნება და გაგებით მიუდგება იმ ადამიანების პრობლემებს, რომლებიც ამდენი ხანია გაფიცული არიან. რეალურად, ამ წუთში მე ჩემს როლს ვერ ვხედავ ამ მოლაპარაკებებში. კმაყოფილი რომ ვყოფილიყავი მოლაპარაკებებით,გამოვიდოდი და ვახარებდი ამ ხალხს, ” – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.
გაფიცვის პერიოდში ქსანში პროფკავშირების დარგობრივი და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გაფიცულების მიმართ სოლიდარობის პერმანენტული აქციები იმართებოდა. ადმინისტრაცია რამდენჯერმე შეხვდა პროფკავშირების წარმომადგენლებს, თუმცა მთავარ საკითხზე, ხელფასის მისაღები ოდენობით მატებაზე შეთანხმება ვერ შედგა.
სს. ქსნის ‘მინის’ გაფიცული მუშების მხარდასაჭერად სოლიდარობის აქცია თურქეთშიც გაიმართა. “მინას’ დედობილი კომპანიის “შიშეჯამის” მუშებმა, ქსანში გაფიცულთა მხარდასაჭერად გამართულ საპროტესტო გამოსვლაზე, ქართულ ენაზე, სპეციალური გზავნილიც ჩაწერეს და ქართველ მუშებს მხარდაჭერა ამ ტექსტით გამოუცხადეს: “ქსნის ‘მინის’ მუშები სამართლიანობასთან ბრძოლის სიმბოლო არიან, სადაც ირღვევა ადამიანის უფლებები ჩვენც იქ უნდა ვიყოთ და ერთად ვიბრძოლოთ!”
აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღით ადრე, თურქმა დამსაქმებელმა ქარხანაში, გაფიცული ქართველი მუშების ჩასანაცვლებლად ოთხი თურქი შტრეიკბრეხერი ჩამოიყვანა და ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირების საფრთხის პროვოცირება მოახდინა. ამ ყველაფერს პასუხად უკვე თურქეთიდან – „შიშეჯამის“ მუშების სოლიდარობის და მხარდამჭერი ნაბიჯი მოჰყვა.
ხანგრძლივი პროცესი და უშედეგო არაერთი მოლაპარაკება უძღოდა წინ გაფიცვასაც. 2015 წლის ნოემბრიდან პროფკავშირსა და კომპანიის ადმინისტრაციას შორის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დანიშნული მედიატორის ჩართულობით მედიაციის პროცესი მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც, მხარეებს შორის შედგა რამდენიმე შეხვედრა. 2015 წლის 28 ნოემბერს, უკანასკნელ ასეთ შეხვედრაზე, კომპანიის ადმინისტრაციამ აიღო ვალდებულება, რომ 2016წლის 15 იანვარს გამოაცხადებდა, თუ რამდენი პროცენტით მოიმატებდა ხელფასი 2016 წლის 1-ლი იანვრიდან, ასევე წარმოადგენდა კოლექტიური ხელშეკრულების პროექტზე მუშაობის გეგმას ვადების მითითებით და ასევე დააზუსტებდა კომპანიის პოზიციას ადგილობრივი პროფკავშირისთვის სამუშაოდ საოფისე ფართის გამოყოფასთან დაკავშირებით.
კომპანიის ადმინისტრაციის მიზეზით ეს შეხვედრა ნაცვლად 2016 წლის 15 იანვრისა შედგა 28 იანვარს, რომელსაც კომპანიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად გენერალური დირექტორიც ესწრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საწარმოს შრომითი კოლექტივი ამ შეხვედრას თვენახევრის განმავლობაში ელოდებოდა, კომპანიის დირექტორმა არ წარმოადგინა კომპანიის პოზიცია არცერთ საკითხთან დაკავშირებით, რითაც საქართველოს კანონმდებლობის, შრომითი კოლექტივის, კოლექტიური მოლაპარაკებების, შემათანხმებელი პროცედურებისა და მედიაციის მიმართ სრული უპატივცემულობა გამოავლინა.
ამის შემდეგ, 31 იანვარს დაბა ქსანში გაიმართა სს ,,მინა“ს პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის საერთო კრება, რომელსაც ქსნის მინის ტარის მწარმოებელი ქარხნის 100-მდე თანამშრომელი ესწრებოდა. კრებამ განიხილა და იმსჯელა კომპანიის ადმინისტრაციასთან მიმდინარე მოლაპარაკებების, შემათანხმებელი პროცედურებისა და მედიაციის პროცესის შედეგებზე.ხანგრძლივი განხილვისა და მსჯელობის შემდეგ, სს ,,მინა“-ს პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის კრებამ გაფიცვის გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო. საგულისხმოა, რომ კრების არცერთ მონაწილეს საწინააღმდეგო აზრი არ გამოუთქვამს.
გაფიცვის დაწყების დრო,ასევე პროცესის მიმდინარეობის გეგმა გაფიცვამდე რამდენიმე დღით ადრე დაანონსდა.
ქსანში, სააქციო საზოგადოება „მინის“ 170-მდე თანამშრომელი 5 თებერვალს გაიფიცა, რამაც საწარმოს სრული პარალიზება გამოიწვია. გაფიცული იყო 170 მდე მუშა, რაც ქარხნის მუშების 80%-ს შეადგენს. ადგილობრივმა პროფკავშირმა თავი წარმოაჩინა, როგორც პრინციპულმა და მებრძოლმა ორგანიზაციამ, რომელმაც მის დარგობრივ პროფკავშირთან მტკიცე კოორდინაციით, GTUC-ის ხელმძღვანელობის და წევრი პროფკავშირების უწყვეტი სოლიდარობის შედეგად სამივე მოთხოვნის დაკმაყოფილებას მიაღწია. გამარჯვების მიღწევაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საერთაშორისო სოლიდარობამ, რაც გამოიხატა IdustriALL-ის, თურქეთის პროფკავშირის DISK-ის უკრაინის, რუსეთის, ბელორუსის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, მეტალისტთა ევრაზიული პროფკავშირული ფედერაციის და სხვა მრავალი პროფკავშირის მიერ კომპანიის მიმართ საპროტესტო, ხოლო ქართული პროფკავშირების მიმართ მხარდამჭერი წერილების გამოგზავნით. ეროვნული და საერთაშორისო პროფკავშირული სამყაროსგან ს/ს „მინას“ მუშების მიმართ ასეთმა მტკიცე სოლიდარობამ გაფიცულების სულისკვეთების და გამძლეობის ზრდას და საბოლოოდ წარმატების მიღწევას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.
აღნიშნულმა გაფიცვამ, კიდევ ერთხელ აშკარად გამოკვეთა საქართველოში სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი მედიაციის სამსახურის არასაკმარისი ეფექტურობა და ორგანიზებულობა და მისი შემდგომი განვითარების საჭიროება. ასევე, წარმოაჩინა შრომისა და დასაქმების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის სისუსტე და არათანამიმდევრულობა, რაც მრავალ სხვა ასპექტთან ერთად, გამოიხატება მენეჯმენტსა და პროფკავშირებს შორის კოლექტიური შეთანხმებების დანერგვის ხელშეწყობის პოლიტიკის არარსებობით, სამუშაო ადგილებზე შრომითი კონფლიქტების გადასაჭრელად,, ასევე, შრომის უსაფრთხოების (კერძოდ რისკების შეფასების და საფრთხეების პრევენციის) კუთხით მენეჯმენტსა და მშრომელებს შორის ფორმალური თანამშრომლობის არ-წახალისებით.
ქსნის მინის ტარის ქარხნის და ბოლო თვეებში განხორციელებული მრავალი გაფიცვის მაგალითზე, მთავრობის და ბიზნეს საზოგადოების მიერ მათი ღრმად გაანალიზების შემთხვევაში, სახელმწიფოს აქვს შანსი დაგეგმოს სერიოზული ცვლილებები მის პოლიტიკაში, რათა სოციალურ სამართლიანობასა და ღირსეული შრომის პრინციპებზე დაყრდნობით ქვეყანაში მიღწეულ იქნას გრძელვადიანი სოციალურ მშვიდობა და მდგრადი ეკონომიკური განვითარება