სს “ქსნის მინის” ქარხნის მუშებმა გაფიცვა შეწყვიტეს. შეთანხმება კომპანიასა და საგაფიცვო კომიტეტს შორის, გაფიცვის 30-ე დღეს, 4 მარტს, შედგა.
დაძაბული მოლაპარაკებები 12 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და 5 მარტის გამთენიისას, გაფიცვის დასრულების გადაწყვეტილებით დასრულდა.
მოთხოვნილი ხელფასის 30%-იანი ზრდის ნაცვლად კომპანიამ მუშებს 7,5%-ით მომატებული ანაზღაურება შესთავაზა. ასევე, დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა პროფკავშირისთვის გამოყოფილ ფართთან დაკავშირებით. კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებაზე კი მუშაობა აპრილიდან დაიწყება და ძალაში შევა 2017 წლის პირველი იანვრიდან.
შეხვედრას, რომლის შემდეგაც გაფიცვის დასრულება გადაწყდა, ესწრებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი პაატა ჟორჟოლიანი, რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატი და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის ლიდერი თამაზ დოლაბერიძე. სპეციალურად ამ შეხვედრისთვის თურქეთიდან ქარხნის გენერალური დირექტორი, უმით აიდოღანი ჩამოვიდა.
დაძაბული შეხვედრა დასრულებამდე დატოვა პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა.
პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ შეხვედრის დატოვებისას განაცხადა, რომ ქსნის მინის ქარხანაში გაფიცულ მუშებს, პროფკავშირისა და საწარმოს ხელმძღვანელებს შორის მოილაპარაკებები ძალიან რთულად მიმდინარეობდა.
“იმიტომ დავტოვე შეხვედრა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ძალიან რთულად. პოზიცია არის ხისტი. იმედი მინდა ვიქონიო, რომ ადმინისტრაციის მხარე უფრო პრაგმატული იქნება და გაგებით მიუდგება იმ ადამიანების პრობლემებს, რომლებიც ამდენი ხანია დგანან. რეალურად, ამ წუთში მე ჩემს როლს ვერ ვხედავ ამ მოლაპარაკებებში. კმაყოფილი რომ ვყოფილიყავი მოლაპარაკებებით, გამოვიდოდი და ვახარებდი ამ ხალხს, ” – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.
გაფიცვის პერიოდში ქსანში პროფკავშირების დარგობრივი და არასამთავრობო ორგანიზაციების პერმანენტული აქციები იმართებოდა. ადმინისტრაცია რამდენჯერმე შეხვდა პროფკავშირების წარმომადგენლებსაც, თუმცა მთავარ საკითხზე, ხელფასის 30%-იან მატებაზე შეთანხმება ვერ შედგა.
სს. ქსნის ‘მინის’ გაფიცული მუშების მხარდასაჭერად სოლიდარობის აქცია თურქეთშიც გაიმართა. “მინას’ დედობილი კომპანიის “შიშეჯამის” წარმომადგენლებმა, ქსანში გაფიცულთა მხარდასაჭერად გამართულ საპროტესტო გამოსვლაზე, ქართულ ენაზე, სპეციალური გზავნილიც ჩაწერეს და ქართველ მუშებს მხარდაჭერა ამ ტექსტით გამოუცხადეს: “ქსნის ‘მინის’ მუშები სამართლიანობასთან ბრძოლის სიმბოლო არიან, სადაც ირღვევა ადამიანის უფლებები ჩვენც იქ უნდა ვიყოთ და ერთად ვიბრძოლოთ!”
აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღით ადრე, თურქმა დამსაქმებელმა ქარხანაში, გაფიცული ქართველი მუშების ჩასანაცვლებლად ოთხი თურქი შტრეიკბრეხერი ჩამოიყვანა და ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირების საფრთხის პროვოცირება მოახდინა. ამ ყველაფერს პასუხად უკვე თურქეთიდან – მუშების მეგობრული და მხარდამჭერი ნაბიჯი მოჰყვა.
ხანგრძლივი პროცესი და უშედეგო არაერთი მოლაპარაკება უძღოდა წინ გაფიცვასაც.
2015 წლის ნოემბრიდან პროფკავშირსა და კომპანიის ადმინისტრაციას შორის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დანიშნული მედიატორის ჩართულობით მედიაციის პროცესი მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც, მხარეებს შორის შედგა რამდენიმე შეხვედრა. უკანასკნელ ასეთ შეხვედრაზე, კომპანიის ადმინისტრაციამ აიღო ვალდებულება, რომ 2016 წლის 15 იანვარს გამოაცხადებდა, თუ რამდენი პროცენტით მოიმატებდა ხელფასი 2016 წლის 1-ლი იანვრიდან, ასევე წარმოადგენდა კოლექტიური ხელშეკრულების პროექტზე მუშაობის გეგმას ვადებით და ასევე დააზუსტებდა კომპანიის პოზიციას ადგილობრივი პროფკავშირისთვის საოფისე ფართის გამოყოფასთან დაკავშირებით.
კომპანიის ადმინისტრაციის მიზეზით ეს შეხვედრა ნაცვლად 15 იანვრისა შედგა 28 იანვარს, რომელსაც კომპანიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად გენერალური დირექტორიც ესწრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საწარმოს შრომითი კოლექტივი ამას თვენახევრის განმავლობაში ელოდებოდა, კომპანიის დირექტორმა არ წარმოადგინა კომპანიის პოზიცია არცერთ საკითხთან დაკავშირებით, რითაც შრომითი კოლექტივის, კოლექტიური მოლაპარაკებების, შემათანხმებელი პროცედურებისა და მედიაციის მიმართ სრული უპატივცემულობა გამოავლინა.
31 იანვარს დაბა ქსანში გაიმართა სს ,,მინა“-ს პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის საერთო კრება, რომელსაც ქსნის მინის ტარის მწარმოებელი ქარხნის 100-მდე თანამშრომელი ესწრებოდა. კრებამ განიხილა და იმსჯელა კომპანიის ადმინისტრაციასთან მიმდინარე შემათანხმებელი პროცედურებისა და მედიაციის პროცესის შედეგებზე.
ხანგრძლივი განხილვისა და მსჯელობის შემდეგ, სს ,,მინა“-ს პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის კრებამ გაფიცვის გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო. საგულისხმოა, რომ კრების არცერთ მონაწილეს საწინააღმდეგო აზრი ფაქტიურად არ დაუფიქსირებია.
გაფიცვის დაწყებისა და დამთავრების დრო, ასევე პროცესის მიმდინარეობის გეგმა გაფიცვამდე რამდენიმე დღით ადრე დაანონსდა.
ქსანში, სააქციო საზოგადოება „მინის“ 170-მდე თანამშრომელი 5 თებერვალს გაიფიცა, რამაც საწარმოს პარალიზება გამოიწვია. გაფიცული იყო 170 მდე მუშა, რაც ქარხნის მუშების 80%-ს შეადგენს.