მიმდინარეობს საიტის განახლება

სს “მინას” ადმინისტრაცია არ ასრულებს მედიაციის ფარგლებში გამართული შეხვედრის ოქმში გაწერილ ვალდებულებებს

2015 წლის 30 ნოემბერს, მედიაციის ფარგლებში გამართული შეხვედრის ოქმში დაფიქსირებული დათქმის შესაბამისად, სს ,,მინა“-ს ადმინისტრაციასა და სს ,,მინა“-ს პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უნდა გამართულიყო 2016 წლის 15 იანვარს, რომელზეც სს ,,მინა“-ს გენერალური დირექტორი ბატონი უმით ჰაქქი აიდოღანი წარმოადგენდა კომპანიის პოზიციებს ამავე ოქმში დაფიქსირებული ფორმის მიხედვით, კერძოდ:

1. 2016 წლის 15 იანვარს სს ,,მინა“-ს გენერალური დირექტორი დაასახელებს სს ,,მინა“-ში დასაქმებული პირებისათვის მოსამატებელი ხელფასის საშუალო პროცენტულ ოდენობას. სს ,,მინა“-ში დასაქმებულ პირებს გაზრდილი ხელფასი დაერიცხებათ 2016 წლის 01 იანვრიდან, როგორც აქამდე ხდებოდა.

2. 2016 წლის 15 იანვარს სს ,,მინა“, საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიულ კავშირთან და სს ,,მინა“-ს პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციასთან შეთანხმებით, განსაზღვრავს კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, კოლექტიურ ხელშეკრულებაზე მხარეთა მუშაობის დასრულების სავარაუდო თარიღს, შესაბამისი სამუშაო პროგრამის გაწერით.

3. 2016 წლის 15 იანვარს გენერალური დირექტორი კომპანია SISECAM-ის ხელმძღვანელებთან გაარკვევს ფართის გამოყოფა-არგამოყოფის საკითხს სს ,,მინა“-ს პირველადი პროფკავშირისთვის.

კომპანიის ადმინისტრაციის მიზეზით, ეს შეხვედრა ნაცვლად 2016 წლის 15 იანვრისა, გაიმართა 28 იანვარს, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ოფისში (თბილისი).

შეხვედრაზე გენერალურმა დირექტორმა არცერთ საკითხთან დაკავშირებით არ წარმოადგინა პოზიცია და ამის მიზეზებად დაასახელა საწარმოს ეკონომიკური და პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები და ა. შ.

გენერალური დირექტორის თქმით აუცილებელია ახალი კლიენტების მოზიდვა, რათა მოხდეს ეკონომიკური მდგომარეობისა და საწარმოო სიმძლავრეების ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანა. ასევე განაცხადა, რომ კოლექტიური ხელშეკრულების პროექტზე მუშაობის დრო მიმდინარე მომენტისთვის არ გააჩნია, რადგან საწარმოს კრიზისიდან გამოყვანისათვის აუცილებელი საქმიანობით არის დაკავებული.

გენერალური დირექტორი პირველადი პროფკავშირისთვის საოფისე ფართის გამოყოფასთან დაკავშირებითაც ჯერჯერობით თავს იკავებს. იგი ამბობს, რომ ეს საკითხიც მას შემდეგ შესაძლოა მოგვარდეს, რაც საწარმოს სტაბილური მუშაობა იქნება გარანტირებული.

სს ,,მინა“-ს პროფკავშირის კომიტეტის სხდომაზე, რომელიც გაიმართება რამდენიმე დღეში, მოხდება 2016 წლის 28 იანვრის შეხვედრის შედეგების შეჯამება და შრომითი კოლექტივის მოსაზრებების გათვალისწინებით შემუშავებული იქნება სს ,,მინა“-ს პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის საერთო პოზიცია და სამოქმედო გეგმა.