მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

სოციალურ გარემოზე ზემოქმედება

3456780 (1)სტატიის ავტორი: დავით არაბიძე

საქართველოს კანონმდებლობა არეგულირებს გარემოზე ზემოქმედებას. ისეთი სამუშაოები როგორიც არის რკინიგზისა და ელექტრო გადამცემი ხაზების, გაზისა და ნავთობის სადენი მილების გაყვანა, გზის ახალი მონაკვეთის დაგება, წყალსაცავების მოწყობა, ჰიდრო და თბოელექტრო სადგურებისა და სამრეწველო ობიექტების, სამთამადნო და წიაღისეულის მომპოვებელი შახტებისა და მაღაროების მშენებლობა და სხვა სამრეწველო-ეკონომიკური აქტივობები ვერ განხორციელდება სავალდებულო ეკოლოგიური ექსპერტიზის გარეშე. საქართველოს კანონი „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ მოითხოვს დაგეგმილი საქმიანობის  დასაბუთებას, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესებში გარემოზე ყოველგვარი მოსალოდნელი ზემოქმედების წყაროს ხასიათისა და ხარისხის განსაზღვრას. კანონი პირდაპირ მოითხოვს სავალდებულო ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული სამუშაო პროცესში ადამიანისა და ფლორა-ფაუნის, კულტურული და მატერიალური ფასეულობების დაცვას. კანონი საქართველოს მოქალაქეს უფლებას აძლევს მიიღოს სრული, დროული და ობიექტური ინფორმაცია გარემოზე. კანონი საქმიანობის განმახორციელებელს ავალდებულებს დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნოს პრესასა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში. დოკუმენტაციის სათანადო ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენამდე უნდა მოწყოს მის საჯარო განხილვა, სათანადო ოქმის გაფორმებით, რომელიც უნდა ასახავდეს ყველა შენიშვნას. ასეთია კანონი, მაგრამ სხვაა რეალობა, რასაც ადასტურებს არა ერთი ფაქტი. მაგალითები ბევრია და მათგან ორზე გავამახვილებ ყურადღებას. ესენია  RMG Gold-ის მიერ საყდრისი-ყაჩაღიანის უბანზე განხორციელებული აფეთქებები, რითაც განადგურდა ძველი წელთაღრიცხვით მეოთხე ათასწლეულის ოქროს მოპოვების მაღარო და ხუდონჰესის მშენებლობა, რომელსაც უნდა მოჰყვეს რამდენიმე სოფლის დატბორვა სვანეთში. ამ შემთხვევებმა აჩვენა რომ კანონი ქაღალდზე დარჩა.

ასეთი პრობლემებია ეკოლოგიური მიმართულებით და კიდევ უფრო პრობლემატურია სოციალურ გარემოზე ზემოქმედების საკითხი, რომელიც უმნიშვნელოვანესია ადამიანებისთვის. სოციალურ გარემოზე ზემოქმედება მოითხოვს საკუთარ შეფასებებს, საჭიროა კვალიფიციური დამოუკიდებელი ექსპერტიზა და ეს ყოველივე კანონში დეტალურად უნდა აისახოს. ისეთი სოციალური პრობლემები როგორიც არის ეკომიგრაცია, მატერიალური კომპენსაცია და სოციალური სტანდარტების დაქვეითება არ შეიძლება დარჩეს ყურადღების მიღმა. პროექტის განხორციელება იწვევს თუ არა სამუშაო ადგილების დაკარგვას იმ მოცულობით, როცა პროექტი არ იძლევა ადეკვატურ შევსებას არის უაღრესად მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემა რასაც უცილობლად ესაჭიროება წინმსწრები შესწავლა. პროფკავშირების მონაწილეობა ამ მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტაში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის (მთავრობა, დამსაქმებლები და პროფკავშირები) ეფექტური ამოქმედებით დიდ და სასიკეთო წვლილს შეიტანდა სოციალური მიმართულებით.

სოციალური გარემო იმდენად მნიშვნელოვანია რომ ის თავად მითხოვს შეფასებას და ეს შეფასება უნდა იყოს ობიექტური და კვალიფიციური. კანონი ამ მხრივ დახვეწას საწიროებს და ეს სოციალური დიალოგის, სოციალური პასუხისმგებლობისა და სოციალური პარტნიორობის პრინციპების საფუძველზე უნდა განხორციელდეს.