მიმდინარეობს საიტის განახლება

სოციალური პარტნიორობა გენერალური შეთანხმებით

საზოგადოებრივ-ეკონომიკურ ცხოვრებაში, სამართალში, კულტურაში, მორალსა და ფსიქოლოგიაშიც კი სოციალური შემოქმედება უწყვეტ პროცესად მიედინება. სოციალური პარტნიორობა ამ სოციალური შემოქმედების ნაყოფიერი გამოხატულებაა.  სოციალური შემოქმედება არაა მხოლოდ ცალკეული ინდივიდების საქმე, მას ხშირად კოლექტიური ავტორებიც ჰყავს და ამ ავტორებს არც თუ იშვიათად განსხვავებული ეკონომიკური ინტერესები გააჩნიათ. სოციალური შემოქმედების ავტორების თანამშრომლობა კრიტიკული და ხშირად კონფლიქტურიც კი არის.

ადამიანების და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მოქმედება ვერ იქნება ერთხელ და სამუდამოდ მოცემული ერთადერთ და გაყინული სოციალურ სტრუქტურაში. საზოგადოების სოციალური სტრუქტურა დროთა განმავლობაში იცვლება, მაგრამ არა თავად  რაღაც აბსტრაქტული დროის, არამედ კონკრეტული ადამიანების და სოციალური ჯგუფების ზემოქმედებით, რომელთაც სრულიად კონკრეტული ეკონომიკური ინტერესები და კულტურული გამოცდილება გააჩნიათ.

სოციალური შემოქმედების გამორჩეული თვისებაა დაინახოს საზოგადოებაში დაგროვილი წინააღმდეგობა, პრობლემა, შეაფასოს იგი, გაიაზროს მისი გადაწყვეტის შესაძლებლობა, მონახოს გადაწყვეტის ახალი გზები და საშუალებები და მთელი ამ რთული  პროცესის განმავლობაში მოახერხოს  ახალი კულტურული ღირებულებების შექმნა. სოციალური შემოქმედება სოციალური დამკვეთის, ხშირად ურთიერთთან მოქიშპე საზოგადოების სხვადასხვა სოციალური ჯგუფების მოთხოვნილებების დიდ ზემოქმედებას განიცდის. ამ მხრივ კი სოციალური პარტნიორობა არის მთელი პროცესი. იგი საზოგადოებრივ-ეკონომიკური ცხოვრებით დაგროვილი გამოცდილებაა, რომელიც უნდა გაანალიზდეს როგორც ახალი მოთხოვნილებების, ასევე საზოგადოების მატერიალური და ჰუმანური მიღწევების გათვალისწინებით.

მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორი საზოგადოებრივ-ეკონომიკური ცხოვრებისა არის სოციალური უსამართლობით გამოწვეული საზოგადოების დესტაბილიზაცია, ადამიანების სტრესულ გარემოში მოქცევა, მათი პერმანენტულ მატერიალურ სიდუხჭირეში ყოფნა. თანამედროვე ადამიანს, თანამედროვე საზოგადოებას აქვს როგორც საკუთარი, ასევე უცხოური დიდი ისტორიის მქონე სოციალური გამოცდილება თუ როგორ შეიძლება არასაჭირო დესტაბილიზაციისაგან თავის დაღწევა.

ერთ-ერთი ასეთი გამოცდილებაა სოციალური შემოქმედებით დესტაბილიზაციის პრევენცია. სოციალური შემოქმედების საუკეთესო გამოვლინებაა სოციალური პარტნიორობა, როგორც პრინციპი და როგორც პრაქტიკა. ისტორიის ერთ-ერთი დიდი გაკვეთილია დასკვნა – თითოეული ადამიანის განვითარების გარეშე არ არსებობს საზოგადოების განვითარება.  ეს კი ნიშნავს რომ საკუთრებისადმი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების განსხვავებული მიმართების მიუხედავად, თუ ორიენტაცია არის მიმართული განვითარებაზე და არა ვითარების დაკონსერვებაზე, აუცილებელია მაქსიმალური ყურადღება სოციალურ სამართლიანობისადმი. საკუთრებისადმი განსხვავებულობას მაქსიმალური ყურადღება უნდა მიექცეს და აქ  სოციალური პარტნიორობა – მთავრობა, პროფკავშირი, დამსაქმებლები დიდ გზა გასაყარზე დგებიან, ან კონფრონტაცია თავის თანმდევი ეკონომიკური სტაგნაციითა და შედეგობრივი სოციალური აფეთქებით ან სოციალური შემოქმედება სამმხრივი სოციალური დიალოგის სახით, სოციალურ პარტნიორობაზე დაფუძნებული გენერალური შეთანხმება, შედეგად საზოგადოების რეალური  ორიენტირება სოციალურ სამართლიანობაზე და მყარი ეკონომიკური წინსვლა.

საქართველოში სოციალურ პარტნიორობის ინსტიტუტი სამმხრივი კომისიის (მთავრობა, პროფკავშირები, დამსაქმებლები) სახით არსებობს, მაგრამ სოციალური პარტნიორობის გამოხატვის ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, როგორც არის გენერალური შეთანხმება არ არსებობს. ამ შეთანხმებით შესაძლებელი იქნებოდა ქვეყანაში პერმანენტულად წარმოშობილი ბევრი სოციალური-შრომითი კონფლიქტის მოგვარება საწყის სტადიაზე, ისეთი მექანიზმის გარეშეც როგორიც არის გაფიცვა.

გენერალური შეთანხმების მომზადებისას სამივე მხრის მიერ სერიოზულად განიხილებოდა ისეთი საკითხები, როგორიც არის: ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა, ადამიანური კაპიტალი, დასაქმება და შრომის ბაზარი, ხელფასი, შემოსავლები და ცხოვრების დონე, სოციალური უზრუნველყოფა და დაცვა, შრომის ნაყოფიერება და მისი უსაფრთხოება, სოციალური პარტნიორობის ფორმები  და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების სოციალური ინტეგრაცია, სოციალური პასუხისმგებლობა, სამრეწველო და ეკონომიკური უსაფრთხოება.

სოციალური პარტნიორობის რეალური განხორცილება ობიექტურად ითხოვს სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის განხილვაში ქვეყნის მშრომელთა სოციალური, მატერიალური, პროფესიული  და შრომითი ინტრესების წარმომადგენლის- სახელმწიფოს სოციალური პარტნიორის – პროფკავშირის სრულფასოვან მონაწილეობას. ისეთი საკითხი როგორიც არის საბიუჯეტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები მოკლე, საშუალო და ხანგრძლივ  ვადიან პერსპექტივაში, განსაკუთრებით კი სახელმწიფო ბიუჯეტის პრონოზის მიხედვით, სოციალური პარტნიორობის პრინციპის მოქმედების პირობებში შუძლებელია განისაზღვრებოდეს პროფკავშირების ჩართულობის გარეშე.

საქართველოს ადამიანური კაპიტალი განვითარებას საჭიროებს. ამ ვითარებაში ოპტიმალური გამოსავალი შიძლება იყოს პროფკავშირების თანამონაწილეობით  დუალისტური სწავლებისა და პრაქტიკის დამკვიდრება. ამ მიმართულებით საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებას აგრარულ სექტორთან მიმართებაშიც კი აქვს სათანადო ინიციატივები განხორციელებული. პროფკავშირების სრულფასოვანი თანამონაწილეობით განხორციელებულ მოქმედი კადრების საჯარო და გამჭვირვალე   სერტიფიცირებას  შეუძლია ქვეყნის ადამიანური კაპიტალის განვითარებას დამაჩქარებელი იმპულსი შესძინოს.

გენერალურმა შეთანხმებამ შრომის ნაყოფიერება, ხელფასი, ცხოვრების დონე და ხარისხის სოციალური პარტნიორების უწყვეტი მონიტორინგის ქვეშ უნდა მოაქციოს, რათა სოციალური დაძაბულობა და შრომითი კონფლიქტები არასასურველ „სიურპრიზებად“ არ ექცეს ქვეყნის ეკონომიკას.

გენერალურმა შეთანხმებამ მკვდარი წერტილიდან უნდა დაძრას და უნდა გადაწყვიტოს  კიდეც მინიმალური ხელფასის ზრდისა და ზოგადად ეკონომიკის ყველა დარგში სახელფასო სისტემის პრინციპზე ფუნდამენტალური შეთანხმების მიღწევის ამოცანა.

სოციალური  უზრუნველყოფისა და დაცვის, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების სოციალური ინტეგრაციის ამოცანის გადაწყვეტისას გენერალური შეთანხმებით შესაძლებელი იქნება მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის სტანდარტების მიღება და სოციალურ პარტნიორთა მხრიდან მათზე უწყვეტი მონიტორინგის განხორციელება.

საქართველოს უდიდესი პრობლემა უმუშევრობაა. ჯანღონით სავსე ადამიანებისათვის ეს პრობლემაა, მაგრამ იგი უნარშეზღუდული ადამიანებისათვის თითქმის კატასტროფაა.  გენერალური შეთანხმებით შესაძლებელი იქნებოდა ამ  ადამიანების სასიცოცხლო ინტერესების გათვალისწინება და მათთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბების დაწყება.

ქვეყანაში შრომის, სამრეწველო და ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტისას გენერალურ შეთანხმებაში სოციალური პარტნიორები გაითვალისწინებდნენ  წინმსწრები  ღონისძიებების კომპლექსს.   მასში აისახებოდა შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ისეთი საკითხები როგორიც არის: შრომის უსაფრთხოების პროფილაქტიკა, პროფესიული დაავადებების ადრეული გამოვლენა, ყოველდღიური საწარმოო პრაქტიკაში პროფესიული რისკების მართვის მექანიზმების დამკვიდრება,  განსაკუთრებით კი შრომის უსაფრთხოების საკითხებში პროფკავშირების სახელმწიფოსთან ერთად სრულფასოვანი თანამონაწილეობა. ეს წინმსწრები ღონისძიებების კომპლექსი შეამცირებდა ქვეყანაში საწარმოო ტრავმატიზისა და პროფესიული დავადებების რიცხვს, შესაბამისად შეამცირებდა ამ მიზეზებით გამოწვეულ სახელმწიფო საბიუჯეტო ხარჯებსაც.

გენერალური შეთანხმებაზე შემწეობით სოციალური პარტნიორები  მონახავდნენ  მყარ პლატფორმას, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელი გახდებოდა ქვეყნის სოციალურ-შრომითი კანონმდებლობის ჰუმანიზაცია, სოციალურად პროგრესული დარგობრივი და რეგიონალური, საწარმოო კოლექტიური ხელშეკრულებების მიღწევა.

სოციალური პარტნიორობა გენერალური შეთანხმებით არც უტოპიაა და არც ექსპერიმენტი. სოციალური შემოქმედების ეს ნაყოფიერი გამოვლინება უკვე მრავალი ათწლეულია რაც თავის სარგებლიანობას თვალნათლივ აჩვენებს და ამ სიკეთით დროა საქართველომაც ისარგებლოს.

სტატია მომზადებულია სპეციაურად WWW.GTUC.GE–სათვის