მიმდინარეობს საიტის განახლება

სოციალური ორგანიზაციები საქართველოში

1992-94 წლებში საქართველომ ისტორიული თვალსაზრისით ხანმოკლე პერიოდში სწრაფი დეინდუსტრიალიზაცია განიცადა. მრავალი ათწლეულის განმავლობაში შექმნილი საწარმოო ფონდები ”აორთქლდა“. სახელმწიფო, საკოლმეურნეო და კოოპერატიული საკუთრება გაჩანაგდა.

1995 წლიდან როდესაც ქვეყანაში შემოვიდა ეროვნული ფული – ლარის სახით ეკონომიკამ ნელ-ნელა გამოცოცხლება და ზიგზაგისებურად განვითარება დაიწყო. საკუთრების გადანაწილებები კი პერიოდულად კვლავ ხდებოდა, განსაკუთრებით კი 2003 წლის ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ.

საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა საჯაროდ განისაზღვრა 2009 წლის 6 ოქტომბერს პარლამენტის წინაშე პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განაცხადის საფუძველზე: “ჩვენი ამბიცია უნდა იყოს, რომ საქართველო ვაქციოთ ლიბერალური ეკონომიკური იდეოლოგიის ნამდვილ ფლაგმანად”.  2011 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტმა მიიღო ორგანული კანონი “ეკონომიკური თავისუფლების შესახებ”, მაგრამ ევროკავშირის წინაშე სახე შენარჩუნების მიზნით პრემიერ – მინისტრმა ნიკა გილაურმა 2009 წლის 12 ნოემბრის ბრძანებით დააფუძნა სამმხრივი კომისია (მთავრობა, ბიზნესი, პროფკავშირები),  ხოლო 2010 წლის 2 მარტის ბრძანებით დამტკიცდა ამ კომისიის შემადგენლობა.

სამმხრივი კომისიის შექმნა განპირობებული იყო საქართველოს მიერ უკვე რატიფიცირებული  გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის #87 და # 98 კონვენციებით, ევროპის სოციალური ქარტიის (შესწორებულის) რატიფიცირებული მუხლებითა და პუნქტებით, ევროკავშირის პრეფერენციების ზოგადი სისტემის (GSP) ფარგლებში მდგრადი განვითარების და კარგი განვითარების სპეციალური სისტემით (GSP+) სარგებლობის სურვილით.

დღეს სამმხრივი კომისია არსებობს თავად საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს შრომის კოდექსის” XII1 თავის სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია საფუძველზე, იგი სათათბირო ორგანოა და ანგარიშვალდებულია მისი თავმჯდომარის – საქართველოს პრემიერ- მინისტრის წინაშე.

ამ ორგანოში კერძო სექტორს წარმოადგენს რამდენიმე ორგანიზაცია. მათგან განსაკუთრებით თვალსაჩინონი არიან დამსაქმებელთა ასოციაცია, მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია და ბიზნეს ასოციაცია

დამსაქმებელთა ასოციაცია 2000 წელს დაფუძნდა 2004 წელს იგი გახდა მსოფლიოს დამსაქმებელთა ორგანიზაციის წევრი მასში გაერთიანებულები არიან საქართველოს საშუალო ზომის კომპანიების თითქმის ორი მესამედი, ზოგიერთი მსხვილი და სახელმწიფო კომპანიაც, მცირე და წარმოდგენილი მცირე ბიზნესი. ამ ორგანიზაციის მონაწილეობა კომისიაში განპირობებულია პირველ რიგში მსოფლიოს დამსაქმებელ ორგანიზაციის წევრობით.

თვალსაჩინოა რომ საშუალო ზომის ბიზნესი, როგორც ობიექტურად, ისე სუბიექტურად მცირედაა დაინტერესებული სოციალური დიალოგით, რადგან მეტად არის ორიენტირებული არაფორმალურ შრომაზე და ნაკლებად აინტერესებს კოლექტიური შრომითი მოლაპარაკებები დასაქმებულებთან.

საშუალო ბიზნესს ძირითადად აინტერესებს დამსაქმებელთა ასოციაციისგან მიიღოს სამართლებრივი კონსულტაციები, რათა უნებლიედ კანონი არ დაარღვიოს და არ დაეკისროს სანქციები. შრომითი დავების მოწესრიგება კი არაფორმალური გზით ურჩევნიათ.

დამსაქმებელთა ასოციაცია მზადაა განიხილოს სოციალურ პარტნიორებთან საპენსიო სისტემისა და დასაქმების პოლიტიკის, პროფესიული გადამზადებისა და უმუშევართა დაზღვევის საკითხები, რადგან გაეროს სათანადო ორგანიზაციაში არის გაწევრიანებული.

მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია სოციალურ-ლიბერალურ ღირებულებეზეა ორიენტირებული და გამოხატავს მცირე ბიზნესის იმ წარმომადგენელთა ინტერესებს, რომელნიც ზოგადად ევროპისკენ არიან  ორიენტირებულნი. 2014 წლის 25 სექტემბერს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციამ და დამსაქმებელთა ასოციაციამ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან გააფორმეს სოციალური კონტრაქტი,  რომლის საფუძველზე ივალდებულეს საქართველოში სოციალური დიალოგის გააქტიურება, კონტრაქტის მონაწილე ორგანიზაციების ტექნიკური შესაძლებლობლების ზრდა და  მათ შორის რეკომენდაციების გაცვლა, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული რეფორმებში ჩართვა, საერთაშორისო და ევროპულ ორგანიზაციების ღონისძიებებში თანამონაწილეობა, ქვეყანაში სოციალური პარტნიორული სისტემის განვითარება.

სამმხრივი კომისიის წევრი ორგანიზაციებიდან ბიზნეს ასოციაცია სოციალური პარტნიორების პრინციპისადმი განსაკუთრებით ინდეფერენტული დამოკიდებულებით გამირჩევა.Eეს ორგანიზაცია 2009 წელს ბიზნეს ფედერაციის რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბდა. სამმხრივ კომისიაში მისი უმთავრესი ყურადღების საგანია ბურჟუაზიის ფისკალურ ინტერესებზე ზრუნვა.Aამ ორგანიზაციაში ძირითადად გაერთიანებული არიან მსხვილი ბიზნეს კომპანიები. ბიზნეს ასოციაციის ლობირების შედეგად 2010 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო მათვის ხელსაყრელი საგადასახადო კოდექსი.

ბიზნეს ასოციაცია არაა ორიენტირებული მსხვილ ბიზნესში პროფკავშირული პირველად ორგანიზაციების ჩამოყალიბებაზე, კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებების გავრცელებაზე, დასაქმებულებს არ განიხილავს არც სოციალურ და არც ეკონომიკურ პარტნიორებად, მისთვის მნიშვნელოვანია შინაარსობრივად შეიზღუდოს ქვეყანაში სოციალური დიალოგი, შეუმციროს პროფკავშირებს მანევრირების სოციალური ველი, ხოლო დასაქმებას საერთოდაც არ განიხილავს ეკონომიკური პოლიტიკის ყოვლისმომცველ კონტექსტში და ზედმეტად მიიჩნევს სახელმწიფოში შრომის განვითარების პოლიტიკის შემუშავებას. იგი სტრუქტურულ უმუშევრობას და მთელ რიგ სფეროებში კვალიფიციური კადრების პრობლემას მხოლოდ ბაზრის პრეროგატივად განიხილავს. მისთვის სოციუმის განვითარება მხოლოდ ბაზრის სრული დომინირების ფორმით განიხილება.

დღეს საქართველოს შრომის კანონმდებლობა კვლავ მნიშვნელოვნად არის დერეგულირებული, შესაბიმსად გაბატონებული არაფორმალური შრომა ხელს უშლის ქვეყანაში ისეთი შრომით სტანდარტებისა და პროფესიული ეთიკის განვითარებას, რომელიც ეფექტური ეკონომიკის სტიმული გახდებიოდა.

საქართველოს ბურჟუაზიის სოციალურ ორგანიზაციებს შრომისა და სოციალური საკითხებისადმი გარეგნულად ერთიანი, მაგრამ შინაარსობრივად წინააღმდეგობრივი პოზიცია აქვთ.

საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მთავარი ამოცანა უნდა გახდეს სოციალური პარტნიორობის პრინციპის განვითარებაში ბურჟუაზიის სოციალური ორგანიზაციები ჩართვა, გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციების რატიფიცირების აღდგენით, შრომის სამართლებლივ და ტექნიკური ინსპექციის ფორმირებით, შრომის განვითარების კონცეფციის შემუშავებით.  ბურჟუაზიის სოციალური ორგანიზაციების ამ პროცესში ჩართვით საქართველო  გახდება სოციალურ საბაზრო მეურნეობაზე ორიენტირებული ქვეყანა, ეს ქვეყანაში შექმნის თავისუფალი შრომისა და სოციალური უფლებების გარანტიებს, საკუთრებისადმი პატივისცემას და საზოგადოებრივ სარგებლობას, თავისუფალ მეწარმეობასა და კეთილსინდისიერ კონკურენციას. ამ ვითარებაში საქართველოს ბურჟუაზიის სოციალურ ორგანიზაციებს განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ  სოციალური დიალოგისა და სოციალური პარტნიორობის დამკვიდრების საქმეში.

სტატია მომზადებულია სპეციალურად WWW.GTUC.GE–სათვის