სტატიის ავტორი: დავით არაბიძე
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება (GTUC) აგრძელებს ქვეყანაში სოციალური და შრომითი ურთიერთობების კულტურის განვითარებაზე ზრუნვას. ქართველი პროფკავშირელები აქტიურად თანამშრომლობენ ამ მიმართულებით გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ILO).
2017 წლის 20, 21 და 22 აპრილს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაში გაიმართა სემინარი თემაზე: „სოციალური დიალოგი სამუშაო ადგილებზე“, რომლიც წარმართეს გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ექსპერტებმა როჯერ ლეკურმა და კლოდ რიუმ.
როჯერ ლეკური რომელიც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ადმინისტრაციის ოფიციალური წარმომადგენელი და საგარეო ექსპერტია, წარსულში იყო კანადის კვებეკის პროვინციის საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირის პრეზიდენტი, ამავე პროვინციის მედიაციისა და მოლაპარაკებათა სამსახურის მთავარი მედიატორი, კანადის შრომითი კანონმდებლობის ადმინისტრატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, კანადის კვებეკის პროვინციის შრომის მინისტრის მოადგილე, იგი ასევე არის თანაავტორი გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ 2015 წელს გამოცემული წიგნის „კოლექტიური მოლაპარაკება, პოლიტიკის გზამკვლევი“.
ბატონი კლოდ რიუ გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) კონსულტანტია, არის ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესიული კავშირის პროგრამის კურს დამთავრებული, როგორც ეკონომისტი იყო კანადის ტყის და ქაღალდის მუშათა კონფედერაციის (CNTU) მედიატორი, შემდგომ აღმასრულებელი დირექტორი, მას გააჩნია კანადის სატყეო მეურნეობაში მრავალი ათეული კოლექტიური ხელშეკრულების დადების გამოცდილება, კანადის მთავრობის სახაზინო საბჭოს სამდივნოს პოლიტიკის უფროსი ანალიტიკოსია, არის მონრეალის გლობალიზაციისა და შრომითი საკითხების უნივერსიტეტთაშორისი კვლევითი ცენტრის ასოცირებული მკვლევარი, იგი თანაავტორია გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ 2010 წელს გამოცემული პროფესორ რაშიდ ფილალი მეკნასის მონოგრაფიისა „შრომითი ურთიერთობები და კოლექტიური მოლაპარაკებები მაროკოში“.
პროფკავშირელებთან ერთად „კოლექტიური მოლაპარაკებების შესახებ“ ტრენინგში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ (GEA).
საქართველოს პროფკავშირებიდან ტრენინგში მონაწილეობდნენ როგორც დარგების პროფკავშირების თავმჯდომარეები და მოადგილეები, ასევე პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარეები, სპეციალისტები და აქტივისტები.
ტრენინგი წარიმართა პლენარული სესიებით, პრეზენტაციებით, განხილვებითა და დისკუსიებით, მონაწილეები მუშაობდნენ როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ რეჟიმებში.
ტრენინგის პირველ დღეს განხილულ იქნა საკითხები:
- კოლექტიური მოლაპარაკებების პროგრამა, მისი დამახასიათებელი ნიშნები დადებითი და უარყოფითი მხარეები, ორი მთავარი პროცესი, განაწილებაზე დაფუძნებული მოლაპარაკება, მომლაპარაკებელი კომიტეტები.
ტრენინგის მეორე დღეს განხილულ იქნა საკითხები:
- კოლექტიური მოლაპარაკებებისათვის საჭირო ცნებები და უნარ-ჩვევები, ინტერესებზე დაფუძნებული მოლაპარაკება, ინტერესი და პოზიცია.
ტრენინგის მესამე დღეს განხილულ იქნა საკითხები:
- კოლექტიური მოლაპარაკების სიკეთეები, კოლექტიური მოლაპარაკებების საერთაშორისო და ეროვნული ჩარჩოები, კოლექტიური შეთანხმების დებულების შემუშავება.
ტრენინგის დასასრულს მონაწილეებმა მაღალი შეფასება მისცეს საერთო ძალისხმევას, ყველა მონაწილეს გადაეცა სათანადო სერთიფიკატი.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება (GTUC) გეგმავს კიდევ უფრო ინტენსიური ხასიათი მისცეს მის თანამშრომლობას გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ILO), რათა გაიზარდოს ქვეყანაში კოლექტიური მოლაპარაკებებისა და კოლექტიური ხელშეკრულებების რიცხვი, რაც მხოლოდ სასიკეთო ეფექტს მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზე.