საზოგადოების დიდი მნიშვნელობის სოციალურ ამოცანას არსებული ფართომასშტაბიანი სიღარიბის დაძლევა წარმოადგენს. სიღარიბის საზომი ზუსტი ინდიკატორებისა და მეთოდიკის ცოდნა აუცილებელია მათთვის ვინც იღწვის მშრომელთა სოციალური, შრომითი და ეკონომიკური უფლებებისა და ინტერესების დასაცავად.
საბაზრო ეკონომიკის პირობებში საზოგადოებაში არსებული სიღარიბის გასაზომად ძირითადად სამ კონცეფციას ეყრდნობიან. ესაა აბსოლუტური, შედარებითი და სუბიექტური კონცეფციები.
აბსოლუტური კონცეფცია ეყრდნობა მოსახლეობის შემოსავლებისა და ხარჯების შესაბამისობას ქვეყანაში კანონმდებლობით დადგენილ საარსებო მინიმუმთან;
შედარებითი კონცეფცია ეფუძნება მოსახლეობის შემოსავლებისა და ხარჯების შესატყვისობას მათ მედიანურ მნიშვნელობასთან;
სუბიექტური კონცეფცია ემყარება მოსახლეობაში გავრცელებულ სუბიექტურ აზრსს ქვეყანაში არსებულ სიმდიდრესა და სიღარიბეზე;
საქართველოში სიღარიბის საზომად აბსოლუტურ კონცეფციას მიმართავენ.
სიღარიბის შესწავლისას აუცილებელია ოპტიმალური მეთოდიკის შერჩევა. ზუსტი სურათის მისაღებად უნდა გაირკვეს თუ რომელ მოცემულობებზე უნდა მოხდეს ყურადღების კონცენტრაცია. კარგად გააზრებული მეთოდიკა ხელს უწყობს საზოგადოებაში არსებული სიღარიბისადმი სოციალური პასუხისმგებლობით მიდგომას.
სიღარიბის სურათის დადგენისას მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული საშუალო თვიური ხელფასის დადგენა. მის დასადგენად საჭიროა გაცემული სახელფასო ფონდის გაყოფა ხელფასის მიმღებთა და გამოსათვლელი პერიოდის თვეთა რიცხვზე. ამასთან სახელფასო ფონდი მოიცავს სამუშაო დროის განმავლობაში როგორც ფულადი, ასევე ნატურალური ფორმით მიღებულ ყველა სახის შემოსავალს, მათშორის შვებულების საზღაურსა და სოციალურ დახმარებებს.
სიღარიბის კვლევისას ასევე საყურადღებოა მინიმალური პენსიის საკითხიც, რადგან იგი წარმოადგენს იმ მინიმალურ თანხას, რომელიც სახელმწიფოს გარანტირებული აქვს საპენსიო კანონმდებლობის შესაბამისად.
სიღარიბეზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სამომხმარებლო ფასების ინდექსი. ეს ინდექსი ახასიათებს გარკვეული დროის განმავლობაში ფიქსირებულ სამომხმარებლო კალათას, რომელიც მოიცავს მოსახლეობის მიერ შეძენილი სასურსათო და არასასურსათო საქონლის, სხვადასხვა სახის მომსახურების ფასს. სამომხმარებლო ფასების ინდექსი წარმოადგენს მიმდინარე დროს სამომხმარებლო კალათის ღირებულების მიმართებას საბაზისო პერიოდში (წინა წლის ან წინა თვის ფასებში) არსებულ ღირებულებასთან, მაგრამ იგი არ ითვალისწინებს მოსახლეობის შემოსავლების ცვლილების ზეგავლენას, მისი მოხმარების რაოდენობასა და სტრუქტურას.
სიღარიბის მაჩვენებლის ზომისას მნიშვნელოვანია ჯინის კოეფიციენტი (შემოსავლების დაგროვების ინდექსი). ეს კოეფიციენტი აჩვენებს მოსახლეობაში შემოსავლების განაწილების წონასწორობას. ჯინის კოეფიციენტმა შეიძლება იმერყეოს 0-სა და 1-ს შორის. რაც უფრო მაღალია მაჩვენებელი მით უფრო უთანასწოროდ არის განაწილებული შემოსავლები მოსახლეობაში. თეორიულად ექსტრემალური მნიშვნელობები შეესაბამებიან მდგომარეობას, თუ ჯინის კოეფიციენტი უდრის 1-ს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ერთმა ადამიანმა მიიღო მთელი შემოსავალი, ხოლო თუ ჯინის კოეფიციენტი უდრის 0-ს, ეს აჩვენებს რომ ქვეყნის მთელ მოსახლეობას თანასწორი შემოსავალი მიუღია.
სიღარიბის განსაზღვრაში ასევე მნიშვნელოვანია შემოსავლების დიფერენციაციის კოეფიციენტი (ფონდების კოეფიციენტი). იგი აჩვენებს საზოგადოებაში არსებული სოციალური დიფერენციაციის ხარისხს და განისაზღვრება, როგორც მოსახლეობის ყველაზე დიდი შემოსავლების მქონე 10%-ის ფულად შემოსავლებსა და ყველაზე დაბალი შემოსავლების მქონე 10%-ის ფულად შემოსავლებს შორის არსებული განსხვავების მაჩვენებელი. ეს კოეფიციენტი აჩვენებს თუ რამდენია განსხვავებაყველაზე მდიდარი 10%-სა და ყველაზე ღარიბი 10%-ს შორის შემოსავლებში.
სოციალური პასუხისმგებლობა და სოციალური პარტნიორობა ყველაზე ეფექტური საშუალებაა საზოგადოებაში არსებული დიდი სოციალური უსამართლობის სიღარიბის დასაძლევად. საზოგადოებაში ამ მიმართულებით სოციალური დიალოგის ინტენსიფიკაცია დიდად საშური ამოცანაა. სიღარიბე დაძლევადია.
დავით არაბიძე