მიმდინარეობს საიტის განახლება

სინათლე გვირაბის ბოლოს – შრომის ინსპექცია შეიქმნება!

შრომის ნორმების შესრულების ზედამხედველობის მიზნით,  შრომის ინსპექცია შეიქმნება. შრომის პირობების ინსპექტირების სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით, დღეს ჯანდაცვის სამინისტროში, შეხვედრა გაიმართა, რომლესაც მინისტრი დავით სერგეენკო, პროფკავშირების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც შეხვედრის შემდეგ, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოში შრომის უსაფრთხოების მხრივ ნამდვილად არ იყო სახარბიელო მდგომარეობა. მისივე თქმით, რამდენიმე თვე დაიხარჯა ოპტიმალური მოდელის შემუშავებისათვის. მინისტრის განცხადებით, კომპლექსური სამსახური არა მხოლოდ უსაფრთხოებას, არამედ ხელშეკრულების დარღვევის, შრომითი ექსპლუატაციის მიმართულების კონტროლითაც იმუშავებს.

დავით სერგეენკოს განცხადებით, წარმოდგენილი ფორმატი შეთანხმებული და გააზრებული იქნება სამმხრივი კომისიის ფარგლებში, მთავრობის სხდომაზე დამტკიცების შემთხვევაში კი შეიქმნება სიპი, იურიდიული ერთეული, რომლის თანამშრომლებსაც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტები მოამზადებენ, პროექტი კი ნაბიჯ-ნაბიჯ წლის განმავლობაში ამუშავდება.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მთავრი ტექნიკური მრჩეველის ჟოლტ დუდასის შეფასებით, წარმოდგენილი დოკუმენტი საკმაოდ ოპტიმისტურად გამოიყურება. მან შრომის კანონმდებლობის აღსრულების მექანიზმის მხარდაჭერაზე ისაუბრა. პროფკავშირების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა კი კმაყოფილება გამოხატა და სამინისტროს მადლობა გადაუხადა პროფკავშირების პოზიციის გათვალისწინებისთვის.

“საზოგადოებას შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით დიდი მოლოდინი ჰქონდა. ეს ცვლილებები უკვე შევიდა, მაგრამ ადამიანები, მათ შორის თქვენ, ჟურნალისტები ვერ სარგებლობთ ცვლილებებით. სწორედ შრომის ინსპექციაა საჭირო, რომ, ერთი მხრივ, ცვლილებების იმპლემენტაცია მოხდეს, ანუ თქვენ კანონით ისარგებლოთ და მეორე მხრივ, ის კატასტროფა, რაც ხდება შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, დაცული იყოს, რომ საქართველოში ნორმატივები და სტანდარტები არსებობდეს”, – აღნიშნა ირაკლი პეტრიაშვილმა.

პროგრამის ფარგლებში მოხდება შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ შესაბამისი სტანდარტების შემუშავება და გადასინჯვა. გარდა ამისა, პროგრამა გამოიკვლევს და შეისწავლის შრომის ბაზარზე შრომის პირობების შესახებ არსებულ რეალურ მდგომარეობას.inspeqcia