სტატიის ავტორი: დავით არაბიძე
საქართველოს მთავრობის 2016-2020 წლების სამოქმედო პროგრამა, მოიცავს სივრცითი მოწყობის გეგმასაც. პროგრამაში აღნიშნულია, რომ სივრცით- ტერიტორიული დაგეგმვა ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და ცხოვრების ხარისხის ამაღლების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. სივრცითი მოწყობის რეფორმის ფარგლებში მომზადდება ქალაქებისა და სოფლების განაშენიანების რეგულირების გეგმები, წერტილი დაესმება ქაოსურ განაშენიანებას. სწორი სივრცითი მოწყობით საქართველო გახდება ოთხი სეზონის ტურისტული ქვეყანა, რაც უზრუნველყოფს ტურიზმიდან ახალი შემოსავლების მიღებისა და წლის განმავლობაში მათი სტაბილური განაწილების საშუალებას. მთელი საქართველოს მასშტაბით დაპროექტდება და დაიგება რეგიონების დამაკავშირებელი სატრანსპორტო ქსელი, რომელიც ყველა რეგიონს მჭიდროდ დააკავშირებს ერთმანეთთან. გეოგრაფიული მდებარეობა აღარ იქნება ბარიერი ბიზნესის წარმოებისა და გადაადგილებისთვის. საქართველოს საავტომობილო გზების ქსელი გახდება მიმზიდველი სატრანზიტო გადაზიდვებისათვის, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას, განაპირა და მაღალმთიან რეგიონებში სოფლის მეურნეობის განვითარებასა და რეგიონების დაკავშირებას. სწორი დაგეგმარებით და გააზრებული სივრცითი მოწყობით საქართველო ეფექტიანად აითვისებს ქვეყნის განვითარების პოტენციალს და მსოფლიო რუკაზე გაძლიერდება საქართველოს, როგორც ტრანზიტული ჰაბის, მნიშვნელობა.
საქართველოს მთავრობამ ამ გეგმის განსახორციელებლად უკვე მიმართა მსოფლიო ბანკს, ევროპის საინვესტიციო ბანკს, აზიის განვითარების ბანკს, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს.
ნათელია რომ ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტი გულისხმობს ადგილობრივ მოსახლეობაზე როგორც პირდაპირ, ასევე ირიბ ზემოქმედებას. როდესაც ხდება როგორც ადამიანების, ასევე ოჯახების შინამეურნეობების განსახლება ან შესყიდვაც კი, ეს პროცესი ძალლიან ხშირად არანებაყოფლობითია, რაც პირდაპირ აისახება ადამიანებისა და ოჯახების სოციალურ დაცულობაზე, მათ სოციალურ-შრომით სტანდარტებზე.
სოციალური პასუხისმგებლობისა და სოციალური პარტნიორობის პრინციპების შესაბამისად, ასეთ ვითარებაში დონორმა ორგანიზაციებმა უნდა გაითვალისწინონ საქართველოს კონსტიტუცია და მოქმედი კანონები: „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“, „სამოქალაქო კოდექსი“, „სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (საკუთრებაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის შესახებ“, „საჯარო რეესტრის შესახებ“, და „ნოტარიატის შესახებ“.
არანაკლებ მნიშვნელობა აქვს სოციალური დაცულობის საერთაშორისო სტანდარტების განხორციელებას, განსაკუთრებით მსოფლიო ბანკის საოპერაციო პოლიტიკის „გარემოსა და სოციალური უსაფრთხოების“ სტანდარტებს, დამტკიცებულს დებულებით OP 4.12.
რადგან განსახლების ჩარჩო-დოკუმენტი სოციალური დოკუმენტიც არის, ეს განაპიერობებს მის შემუშავებაში სოციალური პარტნიორების (მთავრობა, კერძო სექტორი და პროფკავშირები) აქტიურად უნდა თანამშრომლობას, რათა ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ ადამიანებსა და ოჯახებს საკომპენსაციო და სარეაბილიტაციო ღონისძიებებმა მიეცეს, როგორც სოციალურ-შრომითი სტანდარტების გაუმჯობესების მატერიალური ბაზა, ასევე სოციალურ-კულტურული ინსტიტუციებს სრული მხარდაჭერა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მარტოხელებს, პენსიონერებს, სოციალურად დაუცველებს, მრავალშვილიანებს და სხვა ამგვარი კატეგორიების ადამიანებსა და ოჯახებს, რათა მათი სოციალურ-შრომითი სტანდარტები უცილობლად გაუმჯობესდეს ადრე არსებულთან შედარებით. აუცილებელია მათთვის პირველ რიგში საკომპენსაციო და სარეაბილიტაციო სახსრების გაცემა. განსახლების სამოქმედო გეგმა უნდა შემუშავდეს და განხორციელდეს, როგორც პროექტის ორგანული ნაწილი, რათა საკომპენსაციო და სარეაბილიტაციო ხარჯები სრულად აისახოს პროექტის ხარჯებსა და სარგებელში.
განსახლების ჩარჩო-დოკუმენტის სოციალური ექსპერტიზას უდიდეს მნიშვნელობა აქვს, რამეთუ ის პირდაპირ კავშირშია მოქალაქის სოციალურ, შრომით და პროფესიულ უფლებებთან და ინტერესებთან. ეს კი უშუალოდ განაპირობებს პროფკავშირების, როგორც სამოქალაქო საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ღერძის, ჩართულობას ამ სახის დოკუმენტების სოციალურ ექსპერტიზაში. საქართველოს კანონები ითვალისწინებენ ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას.
სივრცით-ტერიტორიულმა დაგემვამ პროგრესული როლი შეიძლება შეასრულოს მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ადამიანის სოციალურ დაცულობას გულისხმობს.