ამა წლის 2 ნოემბერს, ახალციხეში, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტის ორგანიზებით, ჩატარდა სემინარი დასაქმებულ ქალებთან თემაზე: “ცვლილებები საქართველოს შრომის კოდექსში მიმდინარე ქალთა შრომითი უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით” – შსო-ს 183-ე კონვენციის “დედობის დაცვის შესახებ” რატიფიცირების მოთხოვნა.
სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების საბავშვო ბაღებში დასაქმებულებმა.
სემინარი საკმაოდ საინტერესო იყო და მისი მუშაობა გადაიცა ადგილობრივი ტელევიზიის საშუალებით, სპეციალური საგაზეთო სტატია გამოქვეყნდა გაზეთ “სამხრეთის კარიბჭე”-ში.
სემინარის დამთავრების შემდეგ საბავშვო ბაღებში დასაქმებულებმა ერთობლივად მიიღეს გადაწყვეტილება პროფესიული კავშირის წევრობის აღდგენის შესახებ, რაც იმისი წინაპირობაა, რომ პედაგოგთა და მეცნიერთა ადგილობრივ ორგანიზაციას 300-ზე მეტი პროფესიული კავშირის წევრი შეემატება.
სემინარის მონაწილეებმა დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება შსო-ს 183-ე კონვენციის “დედობის დაცვის” შესახებ რატიფიცირების მოთხოვნით.
სემინარი ორგანიზებული იყო ამერიკის პროფკავშირების სოლიდარობის ცენტრის მიერ.
ადგილზე სემინარის ორგანიზება უზრუნველყოფილ იქნა პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის – კ. კუპრეიშვილის მიერ, რომელმაც წარმოადგინა ინფორმაცია პროფკავშირული ორგანიზაციაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ.
სემინარს უძღვებოდა გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, ქალთა კომიტეტის თავმჯდომარე – ეთერ მათურელი.