მიმდინარეობს საიტის განახლება

საწარმოებიდან თანამშრომლებს ათავისუფლებენ

გაზეთ “რეზონანსის” სტატია

ავტორი მარი ჩიტაია

საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა მცირდება. 2016 წლის მეორე კვარტალის მონაცემები შარშანდელ მაჩვენებელს 26 ათასით ჩამორჩება. ერთი მხრივ, ცვლილება შრომისუნარიანი მოსახლეობის მიგრაციას უკავშირდება, თუმცა მნიშვნელოვანი გავლენა ამ პროცესზე ლარის დევალვაციამაც მოახდინა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, სავალუტო კრიზისის გამო, დასაქმებულთა რაოდენობა სამომავლოდაც შემცირდება, განსაკუთრებით, მომსახურების სფეროში. დაქირავებით დასაქმებულთა კლებას ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს. როგორც “საქსტატის” მონაცემიდან ირკვევა, 2012 წლიდან მოყოლებული წარმოების სფეროში საკმაოდ დადებითი ტენდენცია იყო, თუმცა 2016 წლიდან დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება დაიწყო. პირველი 2 კვარტალი ამ მხრივ დამაიმედებელი ნამდვილად არ არის. კერძოდ, როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემიდან ირკვევა, 2015 წელს ქვეყნის სამეწარმეო სექტორში 626 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, ხოლო მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 577 ათასამდე ჩამოვიდა. რაც შეეხება მეორე კვარტალის მონაცემს, აქ ცოტათი ზრდა შეინიშნება, მაგრამ საერთო რაოდენობა 600 ათასს არ აჭარბებს. სპეციალისტების შეფასებით, დასაქმების სტრუქტურის პრობლემა საქართველოში სათავეს წინა საუკუნის 90-იანი წლებიდან იღებს. ექსპერტი ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში ნოდარ კაპანაძე ამბობს, რომ არაფერი შეიცვლება, სანამ მთავრობა სისტემურ ცვლილებას არ განახორციელებს. “დასაქმების თვალსაზრისით, სოფლის მეურნეობა არის პირველ ადგილზე. მეორე ადგილს იკავებს საყოფაცხოვრებო მომსახურება, ხოლო ეკონომიკის რეალურ სექტორში დასაქმების მთლიანი ხვედრითი წონა დაახლოებით 10%-ის ფარგლებშია, ეს მთლიანად საქართველოს მასშტაბით. რეგიონებში ამ მხრივ უფრო რთული მდგომარეობაა და ძირითადად, 80% სოფლად თვითდასაქმებაზე მოდის. ამ მდგომარეობის გამოსწორებას მხოლოდ სისტემური ცვლილებით შეძლებენ. სხვაგვარად საქმე არ გამოვა. ასეთი პრობლემაა 90-იანი წლებიდან მოყოლებული. შეიძლება ცოტა გაუმჯობესება არის, მაგრამ ისე არა, რომ რამე ცვლილება გამოიწვიოს. წლის მონაცემი ჯერჯერობით არ ვიცით და საბოლოო დასკვნას ვერ გავაკეთებთ, თუმცა ფაქტია, რომ ქვეყანაში დასაქმების კუთხით სერიოზული პრობლემაა და ამ მხრივ გაცილებით მძიმე მდგომარეობაა რეგიონებში, სასოფლო-სამეურნეო თვითდასაქმებას თუ არ ჩავთვლით. როგორც წესი, დასაქმებაზე სეზონური ფაქტორი დიდ ზეგავლენას ახდენს. 2015 წლის სტატისტიკით თუ ვიხელმძღვანელებთ, ძირითადი მდგენელი რეგიონებში არის სოფლის მეურნეობა”, – განმარტავს კაპანაძე. 2015 წელს სასოფლო თვითდასაქმების დონე 50%-იან ნიშნულს პირველად ჩამოსცდა. ექსპერტთა აზრით, ეს მისასალმებელი მომენტია, მაგრამ ის, რომ აღნიშნული მაჩვენებელი თითქმის 50%-ია ადასტურებს, რომ კერძო დასაქმების სტრუქტურა სრულყოფილებისგან შორსაა. “2016 წლის პირველ 2 კვარტალსა და საერთოდ ბოლო წლების განმავლობაშიც არსებითი სისტემური ცვლილება არ მომხდარა, რომ დასაქმების მხრივ რამე შეცვლილიყო. ჩამოყალიბებული ტენდენცია ისეთია, რომ სისტემური ჩარევის გარეშე მდგომარეობა რეალურად ვერ შეიცვლება და ახლო მომავალში ეს მოსალოდნელი არც არის”, – დასძენს ნოდარ კაპანაძე. დასაქმების ბაზარზე არსებულ პრობლემაზე საუბრობენ გაერთიანებულ პროფკავშირებშიც. როგორც პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია განმარტავს, ქვეყანაში დასაქმების მაჩვენებლების შემცირება მსხვილი საწარმოების პრობლემას უკავშირდება, თუმცა ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, რადგან რამდენიმე სხვა ფაქტორიც გამოიკვეთა, რამაც საბაზრო ცვლილება განაპირობა. “დასაქმების კუთხით წლევანდელი წელი სახარბიელო არ იყო. საწარმოებში სამუშაო ადგილები მცირდებოდა, რაც შიდა და გარე ფაქტორებით არის გამოწვეული. რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში თანამშრომელთა შემცირების მიზეზად კომპანიის ადმინისტრაცია ასახელებდა იმას, რომ საერთაშორისო ბაზრებზე შემცირდა ფოლადის ფასი. ასევე იყო პრობლემა ჭიათურაში, 2016 წლის დასაწყისში 4 თვით დაიხურა “ჯორჯიან მანგანეზი” და მაისში გაიხსნა. ამდენი ხნის განმავლობაში 100-მდე ადამიანმა დატოვა ქვეყანა rezonansi-shemcirebebi-noe-2016და თურქეთსა და სხვა ქვეყნებში დაიწყეს სამსახური. შემდეგ, როგორც კი საწარმოო პროცესი აღდგა, უმეტესობა დაბრუნდა. ზოგადად, მარტივი წელი არ იყო, საფინანსო სექტორშიც პრობლემა გვაქვს”, – ამბობს ალექსანდრია და დასძენს, რომ მალე სამუშაოდაკარგულთა რაოდენობას იმპორტიორებიც შეემატებიან, რადგან ლარის გაუფასურებამ ამ მიმართელებას სერიოზული პრობლემა შეუქმნა. “ეროვნული ვალუტა მუდმივად განიცდის დევალვაციას, იმპორტი ძვირდება და ეს ძალიან მალე ამ სეგმენტში დასაქმებულთა რაოდენობაზეც მოახდენს გავლენას. ჩვენ რომ კარგად მომზადებული ეკონომიკა გვქონდეს, ექსპორტის საკეთილდღეოდ გამოიყენებდნენ ამ ფაქტორს, მეტ პროდუქციას გამოიტანდნენ გასაყიდად, მაგრამ რეალურად ლარის გაუფასურებას ვერაფერი დაუპირისპირეს. სავაჭრო კუთხითაც პრობლემებია, ფაქტობრივად, არ იყიდება პროდუქცია და ამიტომ მაღაზიებსა და ბაზრობებზე კადრების შემცირება უწევთ. შეიძლება ითქვას, რომ დასაქმების პრობლემა საქართველოში ყველა სფეროშია. არ ვითარდება რეგიონები და ეს არის არასწორი პოლიტიკის ბრალი. გარდა ამისა, შრომის ცუდი პირობები ადამიანებს სულ უფრო უბიძგებს, რომ დატოვონ ქვეყანა. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც შრომისუნარიანი ხალხი გადის ქვეყნიდან”, – აღნიშნა “ბიზნეს-რეზონანსთან” საუბრისას გოჩა ალექსანდრიამ.