მიმდინარეობს საიტის განახლება

“საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში სულ 533 ათასი ადამიანია დასაქმებული

საქართველოს მოსახლეობის 60%-ზე მეტი თბილისშია დასაქმებული, საქართველოს სხვა რეგიონებში კი ეკონომიკა მკვდარია. ჯერჯერობით, ეს მაჩვენებელი ახალმა მთავრობამაც ვერ შეცვალა. ათეულობით ახალი საწარმოს გახსნისა და მრავალმილიონიანი ბიზნესპროექტების განხორციელების დაპირების ფონზე, ერთ წელიწადში საწარმოებში დასაქმებული ადამიანების მაჩვენებელი მხოლოდ 19 ათასი კაცით გაიზარდა.

საქართველოში ყველაზე მეტი დასაქმებული თბილისში აღირიცხება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (“საქსტატის“) ინფორმაციით, რეგიონების მიხედვით დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის განაწილება ხასიათდება შემდეგი თანმიმდევრობით:  თბილისი – 62.6%, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა – 9%,, იმერეთი – 7.8%; ქვემო ქართლი – 6.2%; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 4.4%.  წლების განმავლობაში ეს მაჩვენებელი არ იცვლება, რაც რეგიონებში ეკონომიკურ სტაგნაციაზე მიუთითებს.

2013 წელს საწარმოებში დასაქმებულთა მთლიანმა რაოდენობამ 533 ათასი კაცი შეადგინა. აქედან, 38 პროცენტი ქალია, ხოლო 62 პროცენტი – კაცი. ყველაზე მეტი დასაქმებული ვაჭრობის სფეროზე მოდის, შემდეგია მშენებლობა. შარშანდელთან შედარებით, საწარმოებში დაქირავებით დასაქმებული ადამიანების რაოდენობა 19 ათასი კაცით გაიზარდა. სპეციალისტების განცხადებით, ერთი წლის განმავლობაში ეს ზრდის ძალიან დაბალი მაჩვენებელია, გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობას მრავალი ბიზნეს პროექტის განხორციელება ჰქონდა დაგეგმილი.

დასაქმებულთა დაახლოებით 56% მსხვილ საწარმოებზე მოდის, ანუ 44% საშუალო და მცირე საწარმოებშია დასაქმებული. ასეთი ზომის საწარმოები იმდენად ცოტაა ქვეყანაში, რომ აქ დასაქმებული ადამიანები საერთო ეროვნული პროდუქტის მხოლოდ 15%-ს ქმნიან. ამ მაჩვენებელს კი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე არსებითი გავლენის მოხდენა არ შეუძლია.

საშუალო თვიურმა ხელფასმა ბიზნესსექტორში 760.1 ლარი შეადგინა, მათ შორის, ქალების ხელფასი – 566.7 ლარია. საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 969.9; საშუალო ბიზნესი – 565.8; მცირე ბიზნესი – 372.2 ლარი.

სპეციალისტების განცხადებით, ქალების სახელფასო დონე მნიშვნელოვნად ჩამორჩება მამაკაცების ხელფასს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთსა და იმავე თანამდებობაზე ქალს უფრო ნაკლებს უხდიან, ვიდრე მამაკაცს. საქმე ისაა, რომ მაღალანაზღაურებად თანამდებობებს, როგორც წესი, მამაკაცები იკავებენ.

სხვათა შორის, არსებობს ერთი სექტორი, სადაც ქალს მამაკაცზე მეტი ხელფასი აქვს – ეს არის საქმიანობა საერთაშორისო ორგანიზაციებში. ამ ტიპის ორგანიზაციებში საქართველოს მოქალაქე მამაკაცები, ძირითადად, მძღოლად მუშაობენ, ხოლო მაღალანაზღაურებად თანამდებობებზე (თარჯიმნებად და რეფერენტებად) ქალები არიან დაკავებულნი.

თბილისში დასაქმებული მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დაქირავებით მომუშავეა, რეგიონებში კი, პირიქით, მეტი წილი თვითდასაქმებულებია.

ასევე საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ საწარმოთა ბრუნვის სტატისტიკის მიხედვით საკმაოდ მაღალია მსხვილი საწარმოების წილი – 81,7%. შარშანდელთან შედარებით, მცირე საწარმოთა ბრუნვის მაჩვენებლის გაზრდის ხირჯზე შემცირდა მსხვილი ბიზნესის წილი.  კერძოდ, წელს, 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მცირე ბიზნესის წილი 8,6%-დან 10,2%-მდე გაიზარდა. საშუალო ბიზნესის წილი კი – 7,5%-დან 9,7%-მდე.samushao

წყარო: http://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=3&id_artc=22018