საქართველოში უმუშევრობის დონე 2012 წელს, 2011 წელთან შედარებით 0,1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15 პროცენტი შეადგინა, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტატის მონაცემებით, 2012 წელს, 2011 წელთან მიმართებაში მოსახლეობის აქტიურობის დონე 1.7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო დასაქმების დონე – 1.4 პროცენტით.
აქტიურობისა და დასაქმების დონეები გაზრდილია როგორც სოფლის, ასევე ქალაქის ტიპის დასახლებებში.
საქსტატის ცნობით, დასაქმებულებში ჭარბობს თვითდასაქმებულთა წილი. 2012 წელს, 2011 წელთან მიმართებაში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 4.8 პროცენტით გაიზარდა, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა – 2.8 პროცენტით.
უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სოფლის მოსახლეობაში, ქალაქის მოსახლეობასთან შედარებით. თუმცა, 2012 წელს სოფლის ტიპის დასახლებებში უმუშევრობის დონე გაიზარდა 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 0.3 პროცენტული პუნქტით.
უმუშევრობის დონის ასაკობრივ ჭრილში განხილვის შედეგებით, 2012 წელს უმუშევრობის დონემ ყველაზე მაღალ ნიშნულს 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში მიაღწია (36.9პროცენტი). უმუშევრობის დონე ასევე გაზრდილია 40-44 და 55-59 წლების ასაკობრივ ჯგუფებში, შესაბამისად, 3.7 და 1.4 პროცენტული პუნქტით. ამასთან, უმუშევრობის დონის ყველაზე დიდი შემცირება (4.1 პროცენტული პუნქტით) დაფიქსირდა 20-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში.