შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული 2015 წლის 20 იანვრით დათარიღებული კვლევის მონაცემების თანახმად, საქართველო რეგიონში ეკონომიკური უთანასწორობის რეიტინგში პირველ ადგილზეა.
გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საქართველო ეკონომიკის(შემოსავლების) უთანასწორობის რეიტინგში 2007 წელსაც იყო ლიდერის პოზიციაზე მაჩვენებლით 40.6. 2012 წლიდან მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუარესდა და 42.1 შეადგინა.
“Gini -ს ინდექსი გაიზარდა რეგიონის 9 ქვეყნიდან ექვსში. ეს განსაკუთრებით ჩანს ისეთ ქვეყნებში, რომლებშიც ადრეც ფიქსირდებოდა შემოსავლების უთანასწორობა – საქართველოში, რუსეთში და თურქეთში. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სწორედ ეს ქვეყნები, სიღარიბის შემცირებაში იყვნენ უფრო წარმატებულები. მაგალითისთვის, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდნენ, თურქეთში და საქართველოში 6%-ით შემცირდა, რუსეთში კი 3%-ით.
რეგიონში ერთ-ერთ მწვავე სოციალურ პრობლემად – ჰუმანიტარული კრიზისი ფიქსირდება, რომელიც პოლიტიკური და შეიარაღებული კონფლიქტების შედეგია, ასევე, ადამიანების მასობრივი, შიდა და საზღვარგარეთ გადაადგილებები. გაეროს ბოლო მონაცემებით, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში კონფქლიტის შედეგად, 260 000 ადამიანი უკრაინის ტერიტორიაზე თავშესაფარს ეძებს, ხოლო რუსეთში გადასული უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობა 820 000 ადამიანია. ამასთან, თურქეთმა მიიღო სირიიდან 1.6 მილიონი ლტოლვილი და ამით სოციალური, დასაქმების ფონი დამძიმდა”,-ნათქვამია კვლევაში.
ამავე კვლევის თანახმად, 2007 წლის მონაცემებით, სიღარიბის მაჩვენებელი პროცენტულად საქართველოში 20.1%-ს შეადგენდა, ხოლო 2012 წელს 14.8% შეადგინა.
საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ცნობა კვლევაში გამოყენებული – ჯინის კოეფიციენტის შესახებ (იტალიელი სტატისტიკოსის კორადო ჯინის სახელობის ინდიკატორი): “ეს კოეფიციენტი მათემატიკური კონცეფციაა, რომლითაც უთანასწორობა 0-დან 1-მდე იზომება და ხშირად პროცენტის სახით, 0-დან 100 პროცენტამდე, გამოიხატება. ამ კოეფიციენტის თანახმად, ყველაზე უთანასწოროა ის საზოგადოება, რომლის მხოლოდ ერთი წევრი მთელი შემოსავლის 100%-ს, ხოლო დანარჩენი არაფერს ღებულობს (1-ის ტოლი ჯინის კოეფიციენტი); და ყველაზე თანასწორია ის საზოგადოება, რომლის ყველა წევრი თანაბარ შემოსავალს ღებულობს (0-ის ტოლი ჯინის კოეფიციენტი). რეალურად, ინდიკატორი ყოველთვის 0-სა და 1-ს შორისაა, ვინაიდან სრული თანასწორობა/უთანასწორობა ჰიპოთეტური მოცემულობებია”.
კვლევის სრული ვერსია შემდეგ ვებ-გვერდზე არის განთავსებული: http://www.ilo.org/wcmsp5/groups/public/—dgreports/—dcomm/—publ/documents/publication/wcms_337069.pdf