საქართველო კვლავ შრომითი მიგრანტების იმედადაა

საქართველოს ეკონომიკა დიდწილადაა დამოკიდებული ემიგრანტების მიერ გადმორიცხულ თანხებზე. ქვეყანაში, სადაც უმუშევრობა საყოველთაო ხასიათს ატარებს მოსახლეობის ნახევარზე მეტისთვის, შემოსავლის მთავარი წყარო მიგრანტი ოჯახის წევრები არიან. მაგრამ არსებული მდგომარეობა უახლოეს მომავალში შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს. ქართველი მიგრანტები, ძირითადად, იმ ქვეყნებში არიან დასაქმებულნი, სადაც დღეს ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი მძვინვარებს და ამის პარალელურად, ნაციონალისტური მოძრაობები იკრებს ძალას.

მსოფლიო მასშტაბით, 215 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს სამშობლოს ფარგლებს გარეთ. 2008 წელს, მიგრანტების ფულადმა გზავნილებმა ყველა განვითარებადი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2% და დაბალშემოსავლიანი ქვეყნის მშპ-ის 6% შეადგინა. 2008 წელს მიგრანტებმა სამშობლოში 325 მილიარდი აშშ დოლარი გააგზავნეს, კრიზისის გამო, 2009 წელს ეს მაჩვენებელი 307 მილიარდამდე შემცირდა, 2010 წლიდან კვლავ ზრდა დაფიქსირდა, შარშან კი მიგრანტების ფულადი გზავნილების რაოდენობამ 346 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მსოფლიო ბანკის ექსპერტები 2012 წლის ბოლოსათვის ამ რიცხვის 374 მილიარდამდე ზრდას წინასწარმეტყველებენ.

ამასთანავე, ფულადი გზავნილების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მსოფლიო ბანკის ექსპერტები რეკომენდაციებს აძლევენ მთავრობებს, რომ იზრუნონ ამ სფეროს უფრო მეტი გამჭვირვალობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. რადგან განვითარებადი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოებისათვის, ფულად ტრანსფერებს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ამ ქვეყნებში ფულადი გზავნილები ღარიბი მოსახლეობის ერთადერთი საარსებო წყაროა და სიღარიბის დონესა და სიმძიმეს ამცირებს. ამასთან, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და განვითარების ხელშეწყობის ოფიციალური დახმარების სხვადასხვა წყაროსგან განსხვავებით, ფულადი გზავნილებისთვის არ არის დამახასიათებელი უკუნაკადები პროცენტის, ვალის ან დივიდენდის გადახდის ფორმით.

გამონაკლისი არც საქართველოა. ფულადი გზავნილები საქართველოში სამუშაოს არმქონე ოჯახების სოციალური უზრუნველყოფისა და შემოსავლის მთავარი წყაროა. თუმცა არაოფიციალური ფულადი გზავნილების მოცულობა დიდია და მთლიანი ფულადი გზავნილების დაახლოებით 40%-ს შეადგენს. მსოფლიო ბანკის ვარაუდით, საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველთა რაოდენობა მილიონს აჭარბებს. ქართველი ემიგრანტების უმრავლესობა რუსეთის ფედერაციაში, უკრაინაში, აშშ-ში, საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთსა და თურქეთში ცხოვრობს.

ფულადი გზავნილების მოცულობა საქართველოში მშპ-ის 7-8%-ს შეადგენს და ქვეყანაში შემომავალ გრანტებს და ინვესტიციებს თითქმის 2,5-ჯერ აღემატება. უხეში გათვლებით, საქართველოს მოსახლეობის 9% ფულადი გზავნილების მიმღებია. ხოლო ფინანსური ინსტიტუტების წმინდა შემოსავლის 20% ფულადი გზავნილების მომსახურების გადასახადებზე მოდის. ეს მაშინ, როცა  ფინანსურ ინსტიტუტებს ძალიან დიდ კონკურენციას უწევს არაფორმალური სექტორი, რაშიც იგულისხმება ფულადი გზავნილების მეგობრების, ნათესავებისა და სხვების მეშვეობით გამოგზავნა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გლობალური ფინანსური კრიზისის შედეგად, განვითარებად ქვეყნებში ფულადი გზავნილების მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა. 2009 წლიდან მათი მცირედი კლება საქართველოშიც შეინიშნებოდა. თუმცა, ეს დროებითი მოვლენა აღმოჩნდა და ფულადი გზავნილების მოცულობა ახლა კვლავ იზრდება.

2014 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 84.4 მლნ აშშ დოლარი,  ანუ 140.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც 10 მლნ აშშ დოლარით, ანუ 13.4%-ით მეტია 2011 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 88.8% 8 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის. იმავე 8 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 88.5% მოდიოდა. ამჟამად საქართველოში ფულადი გზავნილის დაახლოებით 50% რუსეთიდან შემოდის, რომელსაც მოსდევს საბერძნეთი და იტალია.

ევროზონის მიმდინარე კრიზისის გათვალისწინებით, მოსალოდნელია ფულადი გზავნილების შემცირება იმ განვითარებად ქვეყნებში, რომელთა მოქალაქეებიც კრიზისში მყოფ ევროპულ ქვეყნებში ცხოვრობენ. ამის საფრთხე საქართველოს წინაშეც დგას, რომელიც ფულადი გზავნილების მნიშვნელოვან ნაწილს საბერძნეთიდან და იტალიიდან იღებს. ამ ორი ქვეყნიდან იანვრის ბოლოსთვის საქართველოდან ფულადი გადმორიცხვების საერთო რაოდენობამ 19,6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოში ფული ძირითადად იმ ქვეყნებიდან შემოდის, სადაც პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი თანაბრად მძვინვარებს და ეკონომიკური სირთულეების ფონზე სოციალისტური მოძრაობები ნელ-ნელა ფეხს იკიდებს. ევროპული ქვეყნების პარლამენტებში სოციალისტების ხვედრითი წილი სულ უფრო იზრდება (ამ დროისათვის ბელგიაში ეს მაჩვენებელი 8%-ია, დანიაში _ 12%, ფინეთში – 19,5%, ჰოლანდიაში – 16%, შვედეთში – 5%, ავსტრიაში – 20%, შვეიცარიაში – 29%, საბერძნეთში – 5%, ხოლო იტალიასა და ბულგარეთში 9-9%). ნაციონალისტური მოძრაობების მომძლავრების კარგი მაგალითებია ჰოლანდია და შვეიცარია. 2007 და 2011 წლის არჩევნებში ნაციონალისტური იდეოლოგიის პარტიებმა დიდი მანდატები მიიღეს პარლამენტში. ევროპელებს ამ პარტიების ლოზუნგებს შორის, ერთი განსაკუთრებით მოსწონთ _ ”ევროპა ევროპელებისათვის”. მათი პოლიტიკის მთავარი მიმართულება არალეგალ შრომით მიგრანტებთან ბრძოლაა. ნაციონალები მიგრანტების მათ ქვეყანაში ყოფნას ”ვერ ურიგდებიან”.

საბერძნეთში ეკონომიკური კრიზისის უკიდურესი გამწვავების გამო, ქართველი შრომითი მიგრანტების მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა. იქ დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები უმუშევრები რჩებიან. სამუშაოს საერთოდ კარგავენ ან ხელფასებს უნახევრებენ ოჯახებში დამლაგებლებად, მომვლელებად და შინამოსამსახურეებად მომუშავე მიგრანტებს. საბერძნეთში ლეგალურად თუ არალეგალურად წასულ შრომით მიგრანტთა შესახებ ოფიციალური სტატისტიკური მონაცემი არ არსებობს. არაოფიციალური სტატისტიკით კი ამ ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების ოდენობა დაახლოებით 150 ათას ადამიანს შეადგენს.

რა ელის მილიონობით ქართველ ემიგრანტს უცხოეთში და მათ ოჯახებს საქართველოში? აქვს თუ არა სახელმწიფოს თანამიმდევრული პოლიტიკა სამუშაო მიგრანტებთან დაკავშირებით?

მდგომარეობას ართულებს ის, რომ საქართველოდან შრომითი მიგრაციის უდიდესი ნაწილი არალეგალურია. იმის გამო, რომ საქართველოს შრომითი მიგრაციის რეგულირების შესახებ არც ერთ სახელმწიფოსთან არ აქვს გაფორმებული ფართომასშტაბიანი ხელშეკრულება, ქართველი შრომითი მიგრანტები, ფაქტობრივად, მოკლებულნი არიან სახელმწიფოს მხრიდან ლეგალური დაცვის შესაძლებლობას. საქართველოს საკონსულოებს საზღვარგარეთ შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ. არც ერთ ქვეყანასთან, სადაც ქართველი მიგრანტების უდიდესი ნაწილია წასული, საქართველოს შრომით მიგრაციაზე ხელშეკრულებები და ქვოტები არ აქვს. ამასთანავე, იმაზე უფრო მეტი ქართველია საზღვარგარეთ დასაქმებული, ვიდრე საქართველოში კერძო სექტორში.

ექპერტთა აზრით, რაც არ უნდა კარგი პირობებით მოვაწეროთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ხელი, მომავალი რამდენიმე წელი გამორიცხულია, რომ სავაჭრო რეჟიმის გამარტივების შედეგად ექსპორტის მოცულობამ გადააჭარბოს მიგრანტების მიერ გადმორიცხული ფულადი ნაკადების მოცულობას. ამიტომ ეს არანაკლებ მნიშვნელოვანი და საჭირო დარგია სახელმწიფოებრივი და სოციალური კუთხით, ვიდრე ვაჭრობის თავისუფალი რეჟიმების გაფორმება.

ჯერჯერობით კი, ამ კუთხით კვლავაც ჩვენდამი მტრულად განწყობილ რუსეთზე ვართ დამოკიდებულნი. როცა საქმე პროდუქციას ეხება, საქართველო ყველა მიმართულებით ცდილობს ექსპორტის გეოგრაფიის შეცვლას, მაგრამ ამ მიმართულებით რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად ბევრი არაფერი გაკეთებულა. მეზობელმა თურქეთმა ახლახან გაამკაცრა საიმიგრაციო პოლიტიკა, რაც ათიათასობით ქართველ მიგრანტს უდიდეს პრობლემებს შეუქმნის თურქეთში. საქართველოს ხელისუფლებამ ამას ვერაფერი დაუპირისპირა.

შრომითი ძალის თავისუფალი გადაადგილების საკითხის მოგვარება, პოლიტიკურად ადვილად გადასაწყვეტი თემაა და ბევრი ინვესტიციის ჩადება არ სჭირდება, რასაც ვერ ვიტყვით ვაჭრობის თავისუფალი რეჟიმის ამოქმედების საკითხზე. ექსპერტთა შეფასებით, საექსპორტო წარმოების მოცულობის გაზრდა ბევრად უფრო შორეული პერსპექტივაა, ვიდრე მიგრანტების საკითხის გადაწყვეტა. ამასთანავე, უცხოეთში ლეგალურად მყოფი ქართველების დასაქმების სფეროებიც რადიკალურად შეიცვლება. ყველა ძიძა და მომვლელი არ იქნება.

ამ მხრივ დიდი პოტენციალია, იმის გათვალისწინებით, რომ განსაკუთრებით სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს, ზრდის ტემპების შესანარჩუნებლად შრომითი მიგრანტები ჰაერივით სჭირდებათ. იგივე რუსეთის მაგალითი ავიღოთ. ყველასთვის კარგად არის ცნობილი რუსების ჰომოფობიური დამოკიდებულება ქართველების და საერთოდ უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად რუსეთის ეკონომიკა 3-6%-ით იზრდება და ეკონომიკის ამ ზრდის დასაკმაყოფილებლად რუსეთს სჭირდება დაახლოებით 5-15 მილიონი მიგრანტი. რუსეთი რომ მომავალი 10 წლის განმავლობაში ოდნავ გაუსწორდეს ევროპის დონეს, მას სჭირდება წლიურად 80 მილიარდის უცხოური ინვესტიცია და 3-4 მილიონი სამუშაო მიგრანტი. მიუხედავად ამისა, მიგრანტები რუსებთში უდიდეს დისკრიმინაციას და შევიწროვებას განიცდიან.

სტატია გამოქვეყნდა ციფრული ფორმატით გამომავალ გაზეთ “სოლიდარობის” ივნისის ნომერში”

migrant