სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასების სტატისტიკა გამოაქვეყნა. საქართველოში 658 ათასი დაქირავებით დასაქმებულია და ისინი სულ დასაქმებულთა 38 პროცენტს შეადგენენ.
სწორედ ეს ადამიანები არიან დღეს საშემოსავლო გადასახადის ძირითადი გადამხდელები, რომლებიც ამ მიმართულებით კისრად იღებენ ყველაზე მნიშვნელოვან საგადასახადო ტვირთს – მათ შორის საბიუჯეტო ხელფასების ზრდის ტვირთსაც.
სტატისტიკის თანახმად, 2014 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით, საშუალო თვიურმა ხელფასმა 795.5 ლარი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი 9 პროცენტით მეტია, 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თუმცა თუ 2013 წლის ბოლო კვარტალს შევადარებთ, საშუალო თვიური ხელფასი 9 პროცენტით არის შემცირებული. განსხვავებულია ხელფასები სამეწარმეო და არასამეწარმეო სექტორებში – ბიზნესსექტორში დასაქმებულთა ხელფასი დაახლოებით 5 პროცენტით ნაკლებია, არასამეწარმეო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასთან შედარებით.
სექტორულ ჭრილში, კვლავ ყველაზე დაბალანაზღაურებადია განათლება – საშუალო თვიური ანაზღაურება ამ სექტორში 426 ლარია. ყველაზე მაღალანაზღაურებადია საფინანსო საქმიანობა, 1744.8 ლარით. შედარებისთვის: ის დიდ ბრიტანეთში ყველაზე დაბალანაზღაურებადი მომსახურების სფეროა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საშუალო თვიური ხელფასები შემცირებულია მხოლოდ სამთომოპოვებითი მრეწეველობის სექტორში – 3 პროცენტით, ყველაზე დიდი – 21- პროცენტიანი – სახელფასო მატებაა სოფლის მეურნეობაში. 10 პროცენტით არის მომატებული ხელფასები სახელმწიფო მმართველობის სექტორში.
გენდერულ ჭრილში: ქალთა საშუალო თვიური ხელფასი 594,7 ლარს შეადგენს და 40 პროცენტით ნაკლებია მამაკაცთა საშუალო თვიურ ხელფასზე. შედარებისთვის: ევროკავშირის ქვეყნებში ქალთა საათობრივი ანაზღაურება 16 პროცენტით ნაკლებია, მამაკაცებთან შედარებით. ეს სხვაობა ყველაზე მაღალია – 20-პროცენტიანი – უნგრეთში, სლოვაკეთში, ჩეხეთში, გერმანიაში, ავსტრიასა და ესტონეთში, ხოლო შედარებით დაბალი – 10-პროცენტიანი – სლოვენიაში, პოლონეთში, იტალიასა და რუმინეთში.
საჯარო სექტორს თუ შევადარებთ, სადაც საშუალო ანაზღაურება 1047 ლარია, გამოდის, რომ საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურება ბიზნესსექტორთან შედარებით, 26 პროცენტით მეტია. მაგალითისთვის: ეს სხვაობა დიდ ბრიტანეთში 14,5 პროცენტია. თუმცა გასათვალისწინებელია მრავალი ფაქტორი, კერძოდ: საჯარო სექტორში დასაქმებულებს, როგორც წესი, აქვთ მეტი გამოცდილება და კვალიფიკაცია. ამ ფაქტორების გათვალისწინების შემთხვევაში, სახელფასო სხვაობა საგრძნობლად მცირდება.
სტატისტიკა იმასაც მოწმობს, რომ საშუალო თვიური ხელფასი საქართველოში დაახლოებით 4,5 ჯერ აღემატება სააარსებო მინიმუმს.
წყარო: რადიო თავისუფლება