საქართველოში ყველაზე მდიდრის ფულადი შემოსავალი, ყველაზე ღარიბის შემოსავალთან შედარებით, 65-70-ჯერ მაღალია

მოქალაქეთა შემოსავლების მიხედვით, საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ბოლო ადგილი უკავია.

ინტერნეტგამოცემა muvhab.com-ის მონაცემებით, ყველა სავალდებულო გადასახადის გარდა, ჩვენთან ერთი დასაქმებული თვეში, საშუალოდ, 400 დოლარს ხარჯავს, ანუ დღეში 13,3 დოლარს. ქართული სტატისტიკით კი სიტუაცია უფრო მძიმეა. რეალურად საქართველოში ერთი დასაქმებული თვეში მხოლოდ 263 დოლარს, ანუ დღეში 8,7 დოლარზე მეტს ვერ ხარჯავს.

muvhab.com-ი თავის ბლოგზე, 2014 წლის მაჩვენებლებზე დაყრდნობით მონაცემებს აქვეყნებს თუ რამდენია მოქალაქის საშუალოთვიური შემოსავალი სხვადასხვა ქვეყნებში.

ეს მონაცემები გულისხმობს შემოსავალს ერთ სულ მოსახლეზე მას შემდეგ, რაც ის ყველა გადასახადს გადაიხდის. მონაცემები მოიცავს მთელ მსოფლიოს – კონტინენტების მიხედვით.

სტატისტიკის თანახმად, საქართველოში 1 თვეში, საშუალოდ, 400 დოლარს ხარჯავენ. იგივე სიტუაციაა უკრაინაში, სომხეთში და მაკედონიაში. შედარებით უკეთესი ვითარებაა აზერბაიჯანში, სადაც თვეში 700 დოლარამდე ხარჯავენ, რუსეთში კი ეს ციფრი 1000 დოლარს შეადგენს.

ევროპაში ყველაზე მაღალი მონაცემები აქვს შვეიცარიას, საშუალოდ, 6301 დოლარი თითო ადამიანზე, რომელიც თითქმის 3-ჯერ აღემატება გერმანიის (2851 დოლარი) და საფრანგეთის (2760დოლარი) მაჩვენებლებს.

აშშ-ის მოქალაქე თვეში დაახლოებით 3258 დოლარს ხარჯავს. თუმცა შტატებს შორისაც დიდი განსხვავებებია.

საქართველოში მოსახლეობა, საშუალოდ, 1 თვეში 400 დოლარს ხარჯავს, თუმცა რეალობა, შეიძლება ითქვას, რომ კიდევ უფრო მძიმეა.

სტატისტიკური მონაცემებით 2014 წელს საქართველოში საშუალო ხელფასი 850 ლარის ფარგლებშია, რომელსაც თუ საშემოსავლო გადასახადს გამოვაკლებთ, მივიღებთ 680 ლარს. სავალდებულო გადასახადში შედის კომუნალური ხარჯიც. შესაბამისად, თუკი დარჩენილ 680 ლარს 1 თვის საშუალო 100-ლარიან კომუნალურ ხარჯს გამოვაკლებთ, დარჩება 580 ლარი, ანუ დღევანდელი კურსით 263 დოლარი. შედეგად მივიღებთ იმას, რომ საქართველოში დასაქმებულების განკარგვითი შემოსავალი 1 თვეში მხოლოდ 263 დოლარს შეადგენს და დღიური ლიმიტი კი 8,7 დოლარია, ანუ 19 ლარია.

გარდა შემოსავლებისა, საქართველოში სერიოზულ პრობლემაა უთანასწორობის მაჩვენებელი. ქვეყანაში საშუალო ფენა, პრაქტიკულად, არ არსებობს და უთანასწორობის მაჩვენებლით კი ევროპულ დონეს 2-ჯერ და მეტჯერაც ვუსწრებთ.

ყველაზე მდიდრის ფულადი შემოსავალი, ყველაზე ღარიბის შემოსავალთან შედარებით, 65-70-ჯერ მაღალია. მიუხედავად არაერთი სოციალური პროგრამისა, ქვეყანაში სიღარიბის დაძლევა და უთანასწორობის მაღალი დონის შემცირება ისევ ვერ მოხერხდა.

ემპირიული დაკვირვებით საქართველოში მდიდრები და შეძლებულები ერთად აღებული, დაახლოებით, 10%-ია. აქედან, 2-2,5% მდიდარია, დანარჩენი – შეძლებული. საშუალო ფენაც ასევე 8-10%-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო დანარჩენი 80%-ის ცხოვრების სტანდარტი არ აკმაყოფილებს განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნების ნორმას.

საქართველოში მძიმე სოციალური მდგომარეობაა, ამაზე `ჯინის~კოეფიციენტიც მიუთითებს. `საქსტატის~ ინფორმაციით, მთლიანი ფულადი ხარჯების მიხედვით, `ჯინის~ კოეფიციენტი – 0,47-ია. სპეციალისტების თქმით, როდესაც `ჯინის~ კოეფიციენტი 0,40-ზე მაღლაა, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში საშემოსავლო და ქონებრივი დიფერენციაცია დიდია.xel

წყარო: ბიზნეს რეზონანსი