XXI საუკუნის საქართველოში მუშათა კლასის არსებობა თითქოს ეჭვს არავისში არ უნდა იწვევდეს, მაგრამ მთავარი კითხვები მაინც ისმის: როგორია ეს კლასი და რას წარმოადგენს იგი?
ამ კლასის წარმოშობას ხანგრძლივი ისტორია აქვს. რა თქმა უნდა ამ კლასის აკვანი ევროპაში დაირწა თითქმის შვიდასი წლის წინ, მაგრამ საქართველოში ამ კლასის რეალურად განვითარება XIX საუკუნის 60-იან წლებში, ბატონყმობის გადავარდნის შემდეგ დაიწყო. პირველი მუშები მანუფაქტურებში იყვნენ დასაქმებულები, ისინი რიცხვით მცირენი, გაფანტულნი და კონკურენციით დათრგუნულ-დანაწევრებულნი იყვნენ.
მაგრამ სოციალურმა პოლარიზაციამ მუშებში არ დატოვა ადგილი სოციალური ინფანტილიზმისთვის, საწარმოო ძალთა განვითარებამ ისინი ფაბრიკა-ქარხნებში, მაღაროებში, რკინიგზაზე და სხვა საწარმოო-სატრანსპორტო სამუშაო ადგილებზე გადაიყვანა, მუშათა კლასი სოციალური პროცესის სუბიექტად გარდაიქმნა. დღეს უკვე დე-ფაქტოდ პოსტინდუსტრიულ საქართველოში ეს კლასი კვლავ შენარჩუნდა, ხოლო მისი სოციალური, მატერიალური და შრომითი ინტერესების წარმომადგენელი და უფლებების დამცველი პროფესიული გაერთიანებები დე-ფაქტოდ პოსტინდუსტრიული საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანულ ნაწილს წარმოადგენენ.
მუშათა კლასის პრობლემები პირდაპირ უკავშირდება საქართველოს საზოგადოების სოციალურ განვითარებას. მუშათა სოციალურ პროგრესზე საუბრისას ნათელია, რომ 1988 წლის შემდეგ საქართველოს მუშათა კლასის სოციალური დაცვის ხარისხის დაკნინების მიუხედავად მუშები მაინც წარმოადგენენ ქვეყნის განვითარების მთავარ სუბიექტს. ამ უცილობელი ფაქტიდან გამომდინარე ნათელია ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია, რომ მისი ეკონომიკერი და სოციალური პოლიტიკის ღერძი მშრომელთა ღირსეული სამუშაო ადგილით (ისე როგორც მას განმარტავს გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია) უზრუნველყოფა უნდა გახდეს. 1992 წლიდან ქვეყნის დეინდუსტრიალიზაციამ, საკუთრების, წარმოებისა და გაცვლის სფეროში მომხდარმა გარდაქმნებმა საქართველოს მუშათა პროფესიებში ფუნქციური ცვლილებები გამოიწვია. მთელი დარგებისა და პროფესიების გაქრობასთან ერთად საქართველოს მუშათა კლასის პროფეისულ-საკვალიფიკაციო, ასაკობრივი და სქესობრივი სტრუქტურა რადიკალურად შეიცვალა, ამ კლასის მნიშვნელოვანმა ნაწილმა წარმოების სფეროდან მომსახურების სფეროში გადაინაცვლა.
ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუარესებამ, ტექნოლოგიურმა სიახლეებმა, სტრუქტურულმა ცვლილებებმა ეკონომიკაში, წარმოების პროცესის გართულებამ, დიდი ზემოქმედება მოახდინა დასაქმებაზე, შრომის ხასიათსა და პირობებზე, პროფესიული კვალიფიკაციის დონეზე, წარმოების კულტურაზე, მუშათა მატერიალურ მდგომარეობაზე, მათ სოციალურ ფსიქოლოგიასა და ქცევაზეც კი. მუშათა კლასის სამრეწველო ბირთვი შემცირდა, მაგრამ ქვეყანაში გაჩნდა საინფორმაციო ეკონომიკა (ინფორმაციისა და ცოდნის დამზადება და რეალიზაცია). მის გაჩენასთან ერთად გაჩნდნენ ინფორმაციაზე, ცოდნაზე, ტექნოლოგიებზე ორიენტირებული, საკუთარი სოციალური კავშირების მქონე მუშაკები. საინფორმაციო ეკონომიკამ განავითარა საინფორმაციო საზოგადოება, რომელსაც თავისი შრომით პოტენციალი გააჩნია. საინფორმაციო ეკონომიკის მუშაკს ტრადიციული (საფაბრიკო-საქარხნო) მუშათა კლასისგან განსხვავებული წარმოდგენა გააჩნია საკუთარი კლასის ადგილზე ქვეყნის ეკონომიკაში, საზოგადოების სოციალურ სტრუქტურაში. მაგრამ საინფორმაციო ეკონომიკის მუშაკთა მიმართება ქვეყანაში მოქმედ შრომით სამართალთან ტრადიციული (საფაბრიკო-საქარხნო) მუშათა კლასის პოზიციის შესაბამისია, საერთოა მათი მორალურ-ფსიქოლოგიური და კულტურული ღირებულებები. ეს ადასტურებს რომ მუსათა კლასი ერთიანია, ერთიანია მისი სოციალური განვითარების ხაზიც.
1988 წლის შემდეგ როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც მუშათა კლასის განვითარების ტენდენციებსა და მის განსაკუთრებულობაზე წარმოდგენები მნიშვნელოვნად შეიცვალა. ქვეყნის საინფორმაციო ველში მუშათა კლასი უკვე აღარ განიხილება ისტორიული პროცესის აბსოლუტურად მთავარ მამოძრავებელ ძალად, საზოგადოების ყველაზე ორგანიზებულ და აქტიურ კლასად. თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის პირობებში წინ წამოიწია სპონტანურად წარმოშობილი საშუალო კლასის ცნებამ. 90-იან წლებში საქართველოში განვითარებული დეინდუსტრიალიზაციის პროცესს, სოციალურ მობილობას და დინამიკას თითქოს ხელიც უნდა შეეწყო საშუალო კლასის განვითარებისა და განმტკიცებისთვის, მაგრამ საქართველოს რეალობისთვისაც კი უაღრესად მცირე რიცხოვანმა საშუალო კლასმა, როგორც ახალმა სოციალურმა ფენომენმა და კლასმა ვერ ჩაანაცვლა მუშათა კლასი. ეს განაპირობა ერთის მხრივ სახელმწიფოში არსებულმა ეკონომიკური პროცესებმა (ლიბერტარიანიზმის იმპორტი) და მეორე მხრივ თავად სახელმწიფოს სოციალური სტრატეგიამ (ორიენტაციამ ბიუროკრატიაზე). ამ ყოველივემ საშუალო კლასის ფორმირებას ხელი არ შეუწყო.
საქართველოს მუშათა კლასმა ბევრი რამ დაკარგა ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში, მაგრამ როგორც კლასი მაინც შენარჩუნდა. საქართველოს საზოგადოების ახალი სტრუქტურა დღეს კვლავ ეყრდნობა მატერიალურ წარმოებაში დასაქმებულ მშრომელებს, თუმც მუშათა კლასის რიგები თანდათან სულ უფრო და უფრო მეტად ჯერდება ინფორმაციისა და ცოდნის მწარმოებელი მუშაკებით.
800 მილიონიანი მუშათა კლასი კვლავ მთავარი მწარმოებელი ძალაა მსოფლიოში და მის აქტიურ პოზიციაზეა დამოკიდებული თუ საით წავა სოციალური პროცესები – პროგრესისკენ თუ რეგრესისკენ. ყველაფერს რასაც კაცობრიობა შექმნის ჩვენს საუკუნეში ეკონომიკაში, სოციალურ და კულტურულ სფეროში ყველაფერი მუშათა შრომით შეიქმნება. ეს უცილობელი ფაქტი მეტყველებს რომ ამ კლასის სოციალური, მატერიალური და შრომითი ინტერესების წარმომადგენლობა და დაცვა ჰუმანისტური პრინციპებისა და სოციალური სამართლიანობის წარმომადგენლობა და დაცვაა. საქართველოში მუშათა კლასის შესახებ დასმულ კითხვებს სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ეპასუხოს: ეს კლასი საზოგადოების დასაყრდენია და კვლავ რჩება მის მამოძრავებელ ძალად.
დავით არაბიძე