საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის პრობლემის მოგვარება მოქალაქეობრივ გამბედაობას მოითხოვს. შპს „საქართველოს ფოსტა“-ში განვითარებული მოვლენები ამას ადასტურებს. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ეს კომპანია დღეს სოციალურ უსამართლობის ნიმუშს წარმოადგენს. 2012 წლის ნოემბრიდან ამ შპს-ს ხელმძღვანელი ლევან ჩიკვაიძეა. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე ეს ადამიანი საკუთარ თავს ადამიანთა არჩევანის დამცველად წარმოადგენდა, მიიღო რა ძალაუფლება, მან მთელი ძალისხმევა „საქართველოს ფოსტა“-დასაქმებულთა არჩევანის წინააღმდეგ მიმართა. დირექტორ ლევან ჩიკვაიძის სამოქმედო სტრატეგია სოციალური უსამართლობა და საქართველოს კავშირგაბმულობის მუშაკთა პროფკავშირის შევიწროება გაიხადა.დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ ბრძოლა გამოუცხადა „საქართველოს ფოსტა“-ში დასაქმებულთა სოციალური, შრომითი, ეკონომიკური და პროფესიული ინტერესების ორგანიზებულ წარმომადგენელს, მუშაკთა კანონიერი უფლებების დამცველ გაერთიანებულ პროფკავშირულ კომიტეტს. დირექტორ ლევან ჩიკვაიძის მიერ მართული შპს „საქართველოს ფოსტა“ სოციალური უსამართლობისა და ეკონომიკური დაღმასვლი სახიფათო მაგალითია. ინტერვიუ „საქართველოს ფოსტი“-ს გაერთიანებული პროფკომიტეტის თავმჯდომარე, ქალბატონ მარინა რაზმაძესთან საყურადღებოა, რადგან როგორც სახელმწიფომ, ასევე საზოგადოებამ უნდა იცოდნენ თუ რა მძაფრი სოციალური დაპირისპირების კერად შეიძლება იქცეს „საქართველოს ფოსტა“.
ინტერვიუ მოამზად დავით არაბიძემ.
- დავით არაბიძე: ქალბატონო მარინა როგორია სოციალური ვითარებაა „საქართველოს ფოსტა“-ში?
მარინა რაზმაძე: ვითარებას მხოლოდ სოციალურად უსამართლო შეიძლება ეწოდოს. საქართველოს კავშირგაბმულობის მუშაკთა პროფკავშირები იდევნება. კომპანიის ადმინისტრაცია ჩვენს მიმართ იმ დონემდე იგნორირების პოლიტიკას ანხორციელებს, რომ გაერთიანებული პროფკომიტეტის მიერ მათ მისამართით გაგზავნილ წერილებზე პასუხიც კი არ გვცემს.
- დავით არაბიძე: ადმინისტრაციამ გაერთიანებული პროფკომიტეტი კომპანიის შიდა კორპორატიული ელექტრონული ფოსტით სარგებლობის ქსელიდან გამორთო. ეს რა მიზნით გააკეთეს?
მარინა რაზმაძე: მათი მიზანია ჩვენ ვერ შევძლოთ შპს-ში დასაქმებულებთან კომუნიკაცია, მათთვის ინფორმაციის მიწოდება. ადმინისტრაციამ 2013 წლის აპრილში დირექტორებისა და სამსახურის უფროსების მეშვეობით შეაკოწიწა „ყვითელი პროფკავშირები“ და ჩვენი ბლოკირებით ცდილობენ შექმნან ისეთი სურათი თითქოს არც კი ვარსებობთ.
- დავით არაბიძე: გაერთიანებულმა პროფკომიტეტმა თუ შესთავაზა ადმინისტრაციას სოციალური დიალოგის დაწყება?
მარინა რაზმაძე: მსურს მივუთითო, რომ „საქართველოს ფოსტა“-ში 2010 წლის 24 მარტს გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულების 8.4. მუხლის მიხედვით ახალი ხელშეკრულების გაფორმებამდე ძალაში რჩება ძველი ხელშეკრულება. ჩვენ ჯერ კიდევ 2013 წლის 3 ოქტომბერს მივმართეთ ადმინისტრაციას ინიციატივით ახალი კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმების შექმნილიყო ორმხრივი კომისია. სახელმწიფოს ჩარევის შემდეგ ადმინისტრაცია დათანხმდა ორმხრივი კომისიის შექმნაზე და მის ხელმძღვანელად დანიშნა ბატონი ს. მჭედლიშვილი. ორმხრივმა კომისიამ გამართა 8 სხდომა და 2014 წლის 11 აგვისტოს ადმინისტრაციას წარუდგინა შეთანხმებული ახალი კოლექტიური ხელშეკრულების პროექტი, მაგრამ დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ უარი განაცხადა მის ხელმოწერაზე.
- დავით არაბიძე: ცნობილი ფაქტა, რომ შპს-ს დირექტორის პოსტზე დანიშვნისთანავე ლევან ჩიკვაიძემ კომპანიაში დასაქმებულები ერთთვიან ხელშეკრულებებზე გადაიყვანა, ბევრი მათგანი უმუშევარი დატოვა კიდეც. მუშაკთა მხრიდან რა რეაქცია მოყვა ამ უსამართლობას?
მარინა რაზმაძე: როდესაც დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ კანონდარღვევით გაანთავისუფლა 130 დასაქმებული, ბევრმა მათგანმა სასამართლოს მიმართა. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი სასამართლო განხილვაში იყო 56 სარჩელი, მათაგან 18-ის განხილვა დასრულდა და კანონიერ ძალაშიც შევიდა. ამ 18-დან „საქართველოს ფოსტა“-ს 7 სარჩელზე განაცდურის ასანაზღაურებლად და სახელმწიფო ბაჟის სახით უკვე გადახდილი აქვს 95 000 ლარი, ხოლო დანარჩენ 11-ზე კიდევ გადასახდელი აქვს 270 000 ლარი. დავა მიმდინარეობს კიდევ 38 სარჩელზე. ნათელია რომ დიდი თანხები იქნება გადასახდელი.
- დავით არაბიძე: დასაქმებულებმა სასამართლოს წესით სცადეს კანონიერ უფლებებში აღდგენა. რა უპასუხა მათ „საქართველოს ფოსტა“-ს ადმინისტრაციამ?
მარინა რაზმაძე: დაიმუქრნენ რომ სასამართლოს წესით აღდგენილ მუშაკებს მაინც გაანთავისუფლებდნენ. ამას აკეთებენ კიდეც. მოსარჩელეებთან მორიგებას არც კი ცდილობენ. ადმინისტრაცია სასამართლოს ყველა გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციებში ასაჩივრებს, რითაც იზრდება მოსარჩელეებზე გადასახდელი თანხისა და სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის თანხის მოცულობა. ეს აზარალებს სახელმწიფო საკუთრებაში მყოფ შპს-ს. სასამართლო გადაწყვეტილებების შესაბამისად „საქართველოს ფოსტა“-ს მიერ მოსარჩელეებზე გადასახდელმა თანხამ უკვე 340 135 ლარს მიაღწია. შპს-ს ფინანსური მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უარესდება.
- დავით არაბიძე: გაერთიანებული პროფკომიტეტის სამართლებრივმა ინიციატივებმა რა შედეგი გამოიღეს?
მარინა რაზმაძე: სასამართლოს წესით 2014 წლის 31 დეკემბრიდან მივაღწიეთ „საქართველოს ფოსტა“-ში დასაქმებულების გადაყვანას გრძელვადიან და უვადო შრომით ხელშეკრულებებზე.
- დავით არაბიძე: ლევან ჩიკვაიძე არა მხოლოდ შპს „საქართველოს ფოსტა“-ს, არამედ „საქართველოს ლატარიის კომპანია“-ს და შპს „ექსპრეს“-საც ხელმძღვანელობს. „საქართველოს ფოსტა“ ადამიანის უფლებების მდგომარეობით პრობლემური კომპანიაა, რაც დასტურდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის „ადამიანის უფლებათა და შრომის დაცვის“ ანგარიშით, ისევე როგორც საქართველოს სახალხო დამცველის „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ანგარიშით. რით უპასუხა ამ შეფასებებს დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ?
მარინა რაზმაძე: მან მოლაპარაკების გარეშე შეადგინა მოჩვენებითი „კოლექტიური ხელშეკრულება“ და ულტიმატუმის წესით მითხოვა მასზე ჩვენი ხელმოწერა. იგი დაგვემუქრა რომ თუ მის კაპრიზს არ დავემორჩილებოდით პროფკავშირული საწევროების შეკრებას შეგვიწყვეტდა, წაგვართმევდა გამოყოფილ ფართს. ეს ვითომ „ხელშეკრულება“ კი არანაირად არ ითვალისწინებს დასაქმებულის სოციალური, შრომითი, ეკონომიკური და პროფესიული ინტერესებისა დაცვასა და გარანტიებს. 2015 წლის 3 ივლისს დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ ამ ვითომ „ხელშეკრულების“ დედნების უკან დაბრუნებაც კი მოგვთხოვა. ასე ესმის მას ადამიანის არჩევანის თავისუფლება. იგი არად აგდებს სოციალური პარტნიორობის პრინციპს, გვდევნის, მაგრამ ამის მიუხედავად საქართველოს კავშირგაბმულობის მუშაკთა პროფკავშირი არ აპირებს უარი თქვას „საქართველოს ფოსტა“-ში დასაქმებულთა სოციალური, შრომითი, ეკონომიკური და პროფესიული ინტერესებისა და უფლებების დაცვაზე.
- დავით არაბიძე: „საქართველოს ფოსტა“-ში შექმნილი საგანგაშო მდგომარეობაზე რა იცის სახელმწიფომ?
მარინა რაზმაძე: გაერთიანებულმა პროფკომიტეტმა მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრსა და საქართველოს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს. ჩვენთვის გაუგებარია სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტომ ჩვენი წერილი შპს „საქართველოს ფოსტა“-ს ადმინისტრაციას რატომ გადაუგზავნა, როდესაც უშუალოდ ამ სააგენტოსგან ველოდით რეაგირებას. ჩვენი დღემდე არ შეგვხვდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
- დავით არაბიძე: გაერთიანებული პროფკომტეტის თავმჯდომარეს შექმნილ ვითარებაში გამოსავლად რა გესახებათ?
მარინა რაზმაძე: საქართველოს კავშირგაბმულობის მუშაკთა პროფკავშირი მიიჩნევს რომ დროა „საქართელოს ფოსტა“-ს ადმინისტრაციამ გაიაზროს სოციალური პარტნიორობის პრინციპი. სახელმწიფოს მხრიდან წარმოდგენილი მედიატორის ჩართვის მიუხედავად შპს-ს ადმინისტრაცია უარს ამბობს ხელი მოაწეროს ორმხრივი კომისიის მიერ მოლაპარაკებების შედეგად უკვე შეთანხმებულ კოლექტიურ ხელშეკრულებაზე. სოციალური პარტნიორობის გარეშე რა გამოსავალია, არც არავითარი. ნათელია, რომ საქართველოს კავშირგაბმულობის მუშაკათა პროფკავშირი, ისევე როგორც უფლებადამცველი სხვა ორგანოები მხოლოდ გააძლიერებენ ძალისხმევას, რათა ადმინისტრაციამ შეწყვიტოს დასაქმებულთა სოციალური, შრომითი, ეკონომიკური და პროფესიული ინტერესებისა და კანონიერი უფლებების არად ჩაგდება. სოციალური პარტნიორობის გარეშე არ არსებობს დემოკრატიულ საზოგადოება ეს კი ნიშნავს რომ „საქართველოს ფოსტა“-ში დასაქმებულებსაც აქვთ არჩევანის უფლება. შპს „საქართველოს ფოსტა“-ში მოქმედი გაერთიანებული პროფკავშირული კომიტეტი საქართველოს კავშირგაბმულობის მუშაკთა პროფკავშირის მხარდაჭერით, გააგრძელებს ძალისხმევას, რათა სრულად განახორციელოს კანონით „პროფკავშირების შესახებ“ მინიჭებული უფლებამოსილებანი დასაქმებულთა სამართლიანი ინტერესებისა და კანონიერი უფლებების დასაცავად.
დავით არაბიძე: გმადლობთ ინტერვიუსთვის.