საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი განცხადებას ავრცელებს
საქართველოს რკინიგზა / Georgian Railway და ყვითელი, ძველი, ადმინისტრაციისვე მართული საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირი დასაქმებულებს ატყუებს და კანონს უხეშად არღვევს!
სახელმწიფოს 100%_წილის მქონე კომპანიამ, საქართველოს რკინიგზამ 2017 წლის 25 იანვარს, ცალმხრივად შეიმუშავა და დაამტკიცა ახალი ,,შრომის შინაგანაწესი”, რომელიც თავის მხრივ ცვლის კომპანიაში დასაქმებულ 13 000_ზე მეტი მუშაკის უვადო, ინდივიდუალურ შრომითი ხელშეკრულების არსებით პირობებს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის #2/2/565 გადაწყვეტილების შესაბამისად, რკინიგზის ტრანსპორტზე ცვლიან სამუშაოებზე დასაქმებული თანამშრომლებისათვის კვირის ნორმად მიჩნეულ იქნა სამუშაო დრო 48 საათი და შემოღებული იქნა დანამატების ანაზღაურებისათვის საჭირო საათობრივი სატარიფო განაკვეთის გაანგარიშების მეთოდოლოგია, რომლის თანახმადაც საშუალო თვიურ ნორმად განისაზღვრა 208.8 სთ.
მოგეხსენებათ, სამუშაო კვირის ნორმისა და ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურების საკითხზე, შრომის კოდექასში არსებული ბუნდოვანების მოსახსნელად, საკონსტიტუციო სასამართლოს, წლების წინ მიმართა საქართველოს რკინიგზელთა ახალ პროფკავშირმა სარჩელით ,,ილია ლეჟავა – პარკამენტის წინააღმდეგ”.
სინამდვილეში, საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წელის 19 აპრილს მართლაც დაასრულა და გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომლშიც წერია:
,,მხოლოდ ის ფაქტი, რომ საწარმო უწყვეტად მუშაობს არ არის საკმარისი 48 საათიანი სამუშაო კვირის მის ყველა თანამშრომელზე გასავრცელებლად. ხოლო უწყვეტობის დარღვევა დაკავშირებული იქნება საწარმოო პროცესის შეფერხებასთან. სადავო ნორმით განსაზღვრული სპეციფიკური საწარმოს არსებობა დამოკიდებულია წარმოების პროცესის ბუნებაზე და არა დამსაქმებლის მიერ საკუთარი სურვილით განსაზღვრულ სამუშაო კვირის მოცულობაზე. ”
,,სადავო ნორმა ადგენს არა დასაქმებულის ვალდებულებას, იმუშაოს კვირაში 48 საათის განმავლობაში, არამედ არ ზღუდავს მხარეთა უფლებას, შეთანხმდნენ კვირაში 48 საათიან სამუშაო რეჟიმზე, ხოლო სამუშაო დროის ზუსტი ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით.”
,, ამავე დროს საყურადღებოა, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ ითვალისწინებს ხელშეკრულების პირობების ცვლილების შესაძლებლობას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, განისაზღვროს ხელშეკრულების დადების შემდგომ რამდენად არის დამსაქმებელი უფლებამოსილი, დასაქმებულთან შეთანხმების გარეშე შეიტანოს ცვლილება დასაქმებულისთვის განსაზღვრული სამუშაოს შესრულების დროში. ამ საკითხის გამოსარკვევად მნიშვნელოვანია ამავე კოდექსის მე-11 მუხლის ანალიზი, რომელიც სწორედ შრომითი ხელშეკრულების პირობების ცვლილებას ითვალისწინებს. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით არის შესაძლებელი შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების ცვლილება. ”
,, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღნიშნოს, რომ სადავო ნორმა არეგულირებს მხოლოდ კვირის განმავლობაში დასაშვები სამუშაო დროის ოდენობას, იგი საერთოდ არ ეხება სხვა შრომით პირობებს, მათ შორის შრომით გასამრჯელოს. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ნორმა მის დიფერენცირებას ახდენს ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების თვალსაზრისით, ვინაიდან, რომ არა კვირაში 48 საათიანი სამუშაო რეჟიმი, მის მიერ 40 საათის ზემოთ შესრულებული სამუშაო ჩიათვლებოდა ზეგანაკვეთურად და დამსაქმებლისათვის იარსებებდა განსხვავებულად ანაზღაურების ვალდებულება. მოსარჩელის ამგვარი მსჯელობა ეფუძნება სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება არ არეგულირებს ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესს. ზეგანაკვეთური სამუშაოს გამოყენების წესი და ანაზღაურების საკითხები რეგულირდება ამავე კოდექსის სხვა ნორმებით, რომელიც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ საქმეში სასამართლოს მიერ შესაფასებელ მოცემულობას წარმოადგენს ის, თუ რამდენად გამართლებულია სპეციალური რეჟიმის საწარმოში დასაქმებულ პირებთან მიმართებით 48 საათიანი სამუშაო კვირის გამოყენება და არა აღნიშნული სამუშაოს შესრულებისათვის განსხვავებული ანაზღაურების წესის დადგენის კონსტიტუციურობა.”
,, სადავო ნორმა არ ეხება დასაქმებულთათვის ანაზღაურების საკითხს. ის ვერ დაარღვევს გაწეული სამუშაოსთვის სამართლიანი ანაზღაურების უფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ მისი ნორმატიული შინაარსი არ ითვალისწინებს სამუშაოს გასამრჯელოსთან დაკავშირებულ არანაირ რეგულაციას. ”
ამრიგად, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი მოუწოდებს ,,საქართველოს რკინიგზა”-ს დაუყოვნებლივ გააუქმოს ცალხმრივად მიღებული ,,შრომის შინაგანაწესის” ის პუნქტები, რომელიც ცვლის და აუარესებს დასაქმებულებთან გაფორმებულ ინდივიდუალური ხელშეკრულების არსებით პირობებს, სამუსაო კვირის ნორმებს, ანაზღაურებისა და დანამატების გამოთვლის წესს და ა.შ.
დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას დასაქმებულების კანონიერ წარმომადგენელთან, რკინიგზელთა ახალ პროფკავშირთან, რათა ორივე მხარესთვის მისაღები შედეგი მშვიდ და სამართლიან გარემოში იქნას მიღწეული!