საქართველოს რკინიგზა ქართულ ეკონომიკაში სტრატეგიული მნიშვნელობის დარგია და მასში განვითარებული პროცესები უდიდეს ზეგავლენას ახდენს მთელს ქვეყანაზე. რკინიგზაში მიმდინარე მოვლენები დღეს არ შობილა, ჯერ კიდევ 2012 წლის აგვისტო-სექტემბერში სადგურ “ბროწეულაში“ 2 საათიანი გაფიცვა შედგა, ხოლო ოქტომბერში 2 საათიანი გაფიცვა უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა.
ამ გაფიცვებმა რკინიგზელთა სახელფასო ფონდი 20 მილიონ ლარზე მეტად გაზარდა. ამ პროფკავშირულმა აქტივობებმა რკინიგზის უკვე ახალ ადმინისტრაციას დაანახა, რომ ამ ორგანიზაციას მშრომელთა დიდი მხარდაჭერა ჰქონდა. რკინიგზის დირექტორთა საბჭომ ოლეგ ბიჭიაშვილის ხელმძღვანელობით გადაწყვიტა, რომ პროფკავშირები “მოეთვინიერებინათ“ და იგი ადმინისტრაციის კაპრიზების იარაღად ექციათ.
2013 წლის 8 ივლისს რკინიგზელთა პროფკავშირის ყრილობაზე ადმინისტრაციამ დაიწყო აგრესია, რომლის მიზანიც იყო რკინიგზელთათვის “ყვითელი“ პროფკავშირის შეჩეჩება. ამ აგრესიამ გამოიწვია რკინიგზელთა ადეკვატური პასუხი და 2013 წლის 16 ივლისს დაფუძნდა საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი. რკინიგზელებმა არ ადმინისტრაციის დიქტატით, არამედ დამოუკიდებლად, დემოკრატიულად აირჩიეს ახალი პროფკავშირის გამგეობა და პრეზიდენტი ვიტალი გიორგაძე.
ახალმა პროფკავშირმა ადმინისტრაციასთან კანონის ენაზე იწყო საუბარი და როდესაც მათ ეს ენა ვერ გაიგეს, 2013 წლის 14 ნოემბერს გაფიცვას მიმართეს. ადმინისტრაციას მოუწია ახალ პროფკავშირთან გაფიცვის შეწყვეტის 3 პუნქტიან ოქმზე ხელის მოწერა. ოქმი ითვალისწინებდა: 1- ზეგანაკვეთური შრომის გაზრდილი ტარიფით ანაზღაურებას. 2- პროფკავშირთან შეთანხმებით, სტაჟის, კლასისა სხვა დამსახურებების გათვალისწინებით ახალი სახელფასო სისტემის დამკვიდრებას. 3- პროფკავშირთან შეთანხმებით სამართლიანი საპრემიო სისტემის განხორციელებას. ადმინისტრაციამ წლის ბოლოსთვის მე-13 ხელფასის გაცემის დაპირებაც კი გასცა, მაგრამ თანხა ძალიან მიზერული იყო.
2013 წელის დეკემბერში რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირმა ადმინისტრაციასთან კოლექტიური შრომითი ხელშეკრულება გააფორმა, რითაც ნათლად აჩვენა რომ მისთვის გაფიცვები კი არ არის იდეაფიქსი, არამედ დემოკრატიული პროცესის ლოგიკა ანუ სოციალური პარტნიორობა. რკინიგზის მესვეურებმა ამ კეთილ ნებას რით უპასუხეს და არაფრით. ისე გავიდა 2014 წლის კვარტლები, რომ არც ოქმისა და არც კოლექტიური შრომითი ხელშეკრულების შესრულებას სიცოცხლის ნიშან -წყალი არ დასტყობია. პროფკავშირის პრეზიდენტმა ვიტალი გიორგაძემ სხვადასხვა მიმართულებით 150 წერილიც კი გაგზავნა, მაგრამ “არსაიდან ხმა, არსით ძახილი“…
ახალმა პროფკავშირმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვლს მიმართა. პრემიერ-მინისტრის დავალებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ბატონმა დავით სერგეენკომ სამინისტროს წარმომადგენელი ბატონი პაატა ჟორჟოლიანი მიავლინა რკინიგზის ახალ პროფკავშირთან შესახვედრად. ორი ასეთი შეხვედრა გაიმართა კიდეც, მაგრამ საქმე მკვდარი წერტილიდან არ დაიძრა.
რკინიგზის ადმინისტრაციამ ოქმისა და ხელშეკრულების გვერდის ავლით შეიმუშავა ახალი სახელფასო ბადე და საპრემიო სისტემა, პროექტი ახალ პროფკავშირსაც წარუდგინა, მაგრამ მისი მოსაზრებები საერთოდ არ გაითვალისწინა. ადმინისტრაციის ასეთი ქცევა განპირობებული რკინიგზაში “ყვითელი“ პროფკავშირების არსებობით. ზურაბ ნასარიას ხელმძღვანელობით მოქმედი ორგანიზაცია ხომ ადმინისტრაციის ხაზის მორჩილია.
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი ყველან საკითხს პირველად ორგანიზაციებში განიხილავს და გამგეობა მხოლოდ ამის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას. ადმინისტრაცია კი არა სოციალური პარტნიორობით არამედ სამუშაო ადგილებზე “ყვითელი“ პროფკავშირისთვის პრობლემების მოგვარების სიმულაციის უზრუნველყოფით არის დაკავებული. ახალი პროფკავშირის ინიციატივების “ყვითლებისად“ გასაღება დიდი პრობლემა არ იქნებოდა, რომ ადმინისტრაცია რეალური პროფკავშირული აქტივობის ჩახშობით არ იყოს დაკავებული.
ახლახანს სამუშაო ადგილის გარეშე დარჩა ახალი პროფკავშირის გამგეობის წევრი დავით ვაშაკიძე. კავშირის პრეზიდენტმა ვიტალი გიორგაძემ განაცხადა : “სატვირთო გადაზიდვების დირექტორმა ალექსი ნიკოლაიშვილმა დავით ვაშაკიძე სამტრედიიდან ჯერ ბათუმში გადაიყვანა, შემდეგ ხელფასი შეუმცირა და დააქვეითა, ბოლოს საერთოდ გაუშვა სამსახურიდან და ეს იმის გამო, რომ დავით ვაშაკიძემ ახალ კავშირს ახალი 867 წევრი შემატა, რომელთაგან ნახევარზე მეტი “ყვითლებიდან“ გადმოვიდა. მიუხედავად ამ დევნისა, დავით ვაშაკიძე არ გატყდა და ის დღეს უკვე რკინიგზის კახეთის ხაზზე აწევრიანებს ადამიანებს ახალ კავშირში.
ამ დროს კი ზურაბ ნასარია 5000 ლარიან პრემიას იღებს, მაშინ როცა რკინიგზის მუშების პრემია მხოლოდ 80 ლარი იყო. პროფკავშირული აქტივობის მიმართ დესტრუქციული პოზიცია აქვთ რკინიგზის ინფრასტრუქტურის განყოფილების დირექტორს გურამ გურამიშვილს და სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარეს კოკა გუნცაძეს.
ახალი პროფკავშირის წევრთა რიცხვი 5000 უახლოვდება. რკინიგზელები არ აპირებენ უმოქმედობას. კავშირის პრეზიდენტი ვიტალი გიორგაძე აცხადებს: “შრომის კოდექსის შესაბამისად 21 ოქტომბერს მივმართეთ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს მედიაციისთვის, გამოიყო მედიატორიც, ჩვენ დიალოგისთვის მზად ვართ, მაგრამ კანონით გათვალისწინებული 21 დღის გასვლის შემდეგ ასევე მზად ვიქნებით გაფიცვისათვის. დიალოგისთვის ჩვენი მზაობა არ ნიშნავს, რომ უძლური ვართ მივმართოთ კონსტიტუციით დაცულ სოციალური პროტესტის სხვა ფორმებს“.
ახალი პროფკავშირი გამგეობის წევრი თეიმურაზ ბერაძე აღნიშნავს: “მშრომელებში იმედის გაცრუებაა. მათ თვალწინ “ნაციონალი“ ფუნქციონერები როგორც იყვნენ ფავორიტები ისევე დარჩნენ და ზოგმა კარიერული ზრდაც კი განიცადა”.
ახალი პროფკავშირის გამგეობის წევრი კახაბერ კახაძე ყურადღებას ამახვილებს დიდ პრობლემაზე: “რკინიგზელების სამუშაო კვირა 48 საათამდე გაიზარდა. ეს უსამართლობა ჩვენ გავასაჩივრეთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. უკვე გაიმართა ორი არსებითი განხილვა და იმედია გავიმარჯვებთ”.
ახალი პროფკავშირების პრეზიდენტ ვიტალი გიორგაძის თქმით, ხელფასებს შორის განსხვავება ათ-თხუტმეტჯერ. მისი აზრით ეს შრომის ფენომენის დისკრედიტაციაა. ადამიანებს უსაფრთხო სამუშაო ადგილი სჭირდებათ და მათ კი ინდივიდუალური აფთიაქებიც კი არა აქვთ. არ არის სასადილოები, არ არის საშხაპები და გასახდელები. სამუშაო ძალიან ბევრია.
ახალ პროფკავშირს ბევრი ახალი გეგმა აქვს. იგი მზადაა 13 ათას რკინიგზელთან ერთად ღირსეულად შეასრულოს საქართველოს პატრიოტის ვალი, შეინარჩუნოს რკინიგზა სახელმწიფოსთვის და ხელი შეუწყოს რომ იგი გახდეს ქართული ეკონომიკის ლოკომოტივი.