მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

საქართველოს პროფკავშირების პოზიცია "ღირსეულ შრომის დღესთან" დაკავშირებით

7 ოქტომბერს მსოფლიოში ღირსეული შრომის დღე აღინიშნება. წელს “შრომის დღე” მთელს მსოფლიოში ერთი სლოგანით ტარდება “სოციალური და კლიმატური სამართლიანობისათვის“.

“სოციალური და კლიმატური სამართლიანობისათვის“- ეს ორი თემა ერთმანეთთან არათუ თავსებადია, მიშვნელოვნად ურთიერთდამოკიდებულიცაა. ადამიანები შრომობენ მათი ოჯახების კეთილდღეობის გაზრდისათვის და არა ისეთი შრომის ანაზღაურებისთვის რომელიც მათ სამუშო ადგილზე, ჯანმრთელობის დაზიანების ან საცხოვრებელი პირობების გაუარესების კომპენსირებას უნდა მოახმარონ. ადამიანებს სჭირდებათ როგორც უსაფრთხო სამუშო გარემო, ასევე ჯანსაღი და ღირსეული საცხოვრებელი პირობები. ამ დღეს საქართველოს პროფკავშირები მოუწოდებს ხელისუფლებას და ბიზნესის წარმომადგენლებს მეტი სოციალური პასუხისმგებლობისკენ, დასაქმებულების შრომის მეტი პატივისცემისკენ და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებისკენ, რათა უზრუნველყოფილი იქნას არა ერთჯერადი და მოკლევადიანი მოგების მიღება, არამედ ეკონომიკის გრძელვადიანი და მდგრადი განვითარება.

საქართველოს პროფკავშირების მთავარ მოთხოვნებად რჩება: შრომის კანონმდებლობაში დამატებითი ცვლილებების შეტანა ქალთა და ახალგაზრდების შრომითი უფლებების გაუმჯობესების კუთხით, ასევე შრომის დაცვის სახელმწიფო ინსპექციის შექმნა, დასაქმების შესახებ კანონის მიღება, უმუშევრობის შემწეობის სისტემის შემოღება, შახტებში უსაფრთხოების შესახებ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 176-ე კონვენციის რატიფიცირება, შრომის უსაფრთხოების ევროპული სტანდარტების დამკვიდრება და პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრა ქვეყნის საწარმოებსა და ორგანიზაციებში.

პროფკავშირების გაერთიანება შეშფოთებულია შრომის და დასაქმების სფეროში საკანონმდებლო ინიციატივებისადმი წინააღმდეგობით, რომელსაც ადგილი აქვს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციების მხრიდან. ნაცვლად შრომის ადმინისტრირების ეფექტური ინსტიტუტების შექმნისა, რომლისკენაც მოგვიწოდებს ევროკავშირისა და აშშ-ს მთავრობები, საზოგადოება ხედავს ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან ნეოლიბერალური პოლიტიკის გაგრძელებას, რომელმაც სრული კრახი განიცადა გასული 9 წლის განმავლობაში, როგორც საქართველოში ისე მსოფლიოში.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მიმართავს ხელისუფლებას გააგრძელოს 2013 წელს დაწყებული შრომისა და დასაქმების კანონმდებლობის რეფორმა, უარი თქვას იაფი მუშახელის ექსპულატაციაზე ორიენტირებული ინვესტორების მომსახურებაზე და აქცენტი გააკეთოს კვალიფიცურ კადრებითა და ადამიანურ კაპიტალში ინვესტირებით დაინტერესებული კეთილსინდისიერი ბიზნესის მხარდაჭერასა და მოზიდვაზე. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი ქვეყანაში სტაბილური და მდგრადი ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების პირობების უზრუნველყოფა, რასაც მოელის საქართველოს საზოგადოება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნორებთან ერთად.1373818_4926759866220_729608507_n