მიმდინარეობს საიტის განახლება

საქართველოს პროფკავშირების აქცია თურქეთში დაღუპული მაღაროელების ხსოვნის პატივსაცემად

დღეს საქართველოს პროფკავშირების წარმომადგენლებმა საქართველოში თურქეთის საელჩოსთან, თურქეთში დაღუპული მაღაროელების ხსოვნის პატივსაცემად, მდუმარე აქცია გამართეს.

პროფკავშირების წარმომადგენლებმა ამით მანისას პროვინციაში, სომას დასახლებაში მომხდარი აფეთქების დროს დაღუპული მაღაროელების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს. ამის შემდეგ ისინი საელჩოს შენობაში შევიდნენ და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთეს.

პროფკავშირების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მაღაროელებს მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა და ეს ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო პროფესიაა. პროფკავშირების წარმომადგენლებს ჰქონდათ ტრანსფარანტები, მათ შორის ერთ-ერთ ტრანსფარანტზე აღნიშნული იყო, რომ აღდგეს შრომის სახელმწიფო ინსპექცია.  მანისას პროვინციაში, სომას მაღაროში აფეთქება 13 მაისს მოხდა. მომხდარის გამო, თურქეთში 3-დღიანი გლოვაა გამოცხადებული.

“მანისას პროცინციის ქალაქი სომაში მომხდრი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად 200-ზე მეტი მაღაროელი დაიღუპა. ეს პროფესია, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, თურქეთსა და საქართველოშიც ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო პროფესიად ითვლება. სწორედ მეშახტეები ხდებიან ყველაზე ხშირად უბედური შემთხვევების მსხვერპლნი” – აცხადებენ ქართველი პროფკავშირელები.

აქციის შემდეგ, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია და მეტალურგთა პროფკავშირის თავმჯდომარე, თამაზ დოლაბერიძე თურქეთის ელჩს, ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდნენ და ქართველი პროფკავშირელების სამძიმარი პირადად გადასცეს.

სიმბოლური აქცია საქართველოს მეტალურგთა, მეშახტეთა და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის ორგანიზებით გაიმართაsaq