მიმდინარეობს საიტის განახლება

საქართველოს პროფკავშირების საპირველმაისო მ ა ნ ი ფ ე ს ტ ი

რამდენიმე კვირაში ჩვენი ქვეყანა უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს გადადგამს ცივილიზებულ სამყაროში ინტეგრაციის  გზაზე. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერას ქართული სამოქალაქო საზოგადოება დიდი იმედებით ხვდება. ამ ფონზე, საქართველოს პროფკავშირები, მშრომელთა საერთაშორისო დღესთან, 1 მაისთან დაკავშრებულ თემებს, ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიული არჩევანის რეალიზაციის პერსპექტივიდან განიხილავს. საბოლოოდ ხომ სწორედ შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობა, სოციალური დიალოგის კულტურა, კანონმდებლობით გარანტირებული შრომის სტანდარტები, მშრომელთა უფლებები და მათი ცხოვრების დონე წარმოადგენს ქვეყნის განვითარებისა და ცივილიზებულობის ყველაზე უფრო მკაფიო ინდიკატორებს. გასულ წელს შრომის კოდექსში განხორციელებული რამდენიმე პოზიტიური ცვლილების შედეგად შრომისა და დასაქმების სფეროში დღეს შექმნილი ვითარება, ევროკავშირის სტანდარტებთან შემდგომი დაახლოებისათვის მხოლოდ მეტ-ნაკლებად სახარბიელო სასტარტო მდგომარეობას უზრუნველყოფს.

დასანანია, რომ ხელისუფლების სურვილი, საქართველოს მშრომელთა 9 წლიანი უმოწყალო ექსპლოატაციის შემდეგ შეემსუბუქებინა დასაქმებულთა მდგომარეობა, ჯერ კიდევ  ვერ აისახა მშრომელი ადამიანების და მათი ოჯახების ცხოვრებაზე. სამწუხაროა, რომ  ამერიკელი მშრომელების ის ძირითადი მოთხოვნა, რომელმაც ჩიკაგოს ჰეიმარკეტის მოედანზე 1886 წლის მაისში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები გამოიწვია და დასაბამი მისცა მშრომელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას, საქართველოში დღესაც აქტუალურია. კერძოდ, საქართველოს შრომის კანონმდებლობა და არსებული სახელისუფლებო ინსტიტუტები, კვლავაც ვერ უზრუნველყოფს ყველა მშრომელისათვის 8 საათიან სამუშაო დღეს, ხოლო დასაქმებულთა მნიშვნელოვანი ნაწილისათვის ამ „ფუფუნებით“ სარგებლობას ხელფასის შემცირება ან შემცირების მუქარა მოჰყვა. ვერც კერძო სექტორის დამსაქმებლების და რაც ყველაზე უფრო სამწუხაროა, ვერც სახელმწიფო მოხელეების ჩარევა აღიკვეთა დასაქმებულთა გაერთიანებების საქმეებში და შტრეიკბრეხერობის წახალისებაც საკმაოდ აქტიურად ხორციელდება იმავე მოხელეების მიერ. ისტორიამ კი შემოინახა გაფიცული ჩიკაგოელი მუშების 128 წლის წინანდელი მთავარი მოწოდება – „რვა საათიანი დღე – ხელფასის შემცირების გარეშე“  (“Eight-hour day with no cut in pay”) და ამბავი შტრეიკბრეხერების მასობრივად გამოყენებისა, რამაც საბოლოოდ გამოიწვია კიდეც უკიდურესი ძალადობა.

შრომასა და კაპიტალს შორის დაპირისპირების ცივილიზებულ ჩარჩოებში მოქცევა და მათი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის წახალისება, ევროპაში წარმატებით ხორციელდება საბაზრო ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირებით. საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში მძვინვარე ნეოლიბერალური და ანტისახალხო ეკონომიკური პოლიტიკის დასრულებამ, სათავე ჯერ კიდევ ვერ დაუდო სოციალურ საბაზრო ეკონომიკას. 2013 წელს შრომის კანონმდებლობის თუმცა პოზიტიურმა, მაგრამ მაინც ერთჯერადმა და ფრაგმენტულმა რეფორმირებამ, საზოგადოებაში ვერ გააჩინა რეფორმების შეუქცევადობის განცდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზის გამო. კერძოდ, შრომის კოდექსში შეტანილ ცვლილებებს აღარ მოჰყვა მთავრობისგან დაპირებული რეფორმის მეორე, მესამე და შემდგომი ეტაპები, რომლითაც

–  უნდა გაუმჯობესებულიყო ქალთა შრომითი უფლებრივი მდგომარეობა, უკეთ დაეცვა ისინი დისკრიმინაციისაგან, ხელი შეეწყო მათთვის დედობის უფლების შეუზღუდავად რეალიზაციის და ოჯახური ვალდებულებების სამსახურებრივ პასუხისმგებლობებთან წარმატებით შეთავსებისათვის;

–  უნდა დაწესებულიყო შრომის უსაფრთხოების უფრო მაღალი სტანდარტები სამუშაო ადგილებზე და შექმნილიყო შრომის ბაზრის ისეთი აუცილებელი ინსტიტუტი, როგორიცაა შრომის სახელმწიფო ინსპექცია, რომელსაც უნდა განეხორციელებინა სრულფასოვანი ზედამხედველობა, როგორც დასაქმებულთა სამუშაო გარემოს უსაფრთხოებაზე,  ასევე შრომის კანონმდებლობის იმპლემენტაციაზე;

–  უნდა გაგრძელებულიყო არსებული შრომის კანონმდებლობის დახვეწა მისი საერთაშორისო სტანდარტებთან და ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან ჰარმონიზების მიზნით.

ნაცვლად აღნიშნული მოსალოდნელი პროგრესისა, შრომის კოდექსის ცვლილებას მოჰყვა შრომის სტანდარტების მნიშვნელოვანი გაუარესება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საშუალებით, კერძოდ:

  • გაფიცვა აეკრძალა ყველაზე მსხვილ ეკონომიკურ სექტორებში დასაქმებულებს, მათ შორის ენერგეტიკის, ტრანსპორტის, გაზის და ნავთობის,  დასუფთავების და კავშირგაბმულობის სექტორებში მომუშავეებს, რაც აშკარად არღვევს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებს. საერთაშორისო კანონმდებლობით დაუშვებელია, რომ ამ სფეროს მიკუთვნებული ყველა სამსახური, განურჩევლად, განხილულ იყოს როგორც ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, რომლის შეჩერებაც არ შეიძლება.
  • საბოლოოდ დაკანონდა იმ დასაქმებულთა დისკრიმინაცია სამუშაო დროისა და ზეგანაკვეთური ანაზღაურების მიღების უფლების მიხედვით, რომლებიც  საზოგადოებისათვის გაურკვეველ ე.წ. სპეციფიკურ საწარმოო პირობებში მუშაობენ. დაუშვებელია ნორმირებული სამუშაო დროის  (40 და 48 საათის ხანგრძლიობის სამუშაო კვირის) ორი სტანდარტის დაწესება სხვადასხვა დასაქმებულისათვის და ამავდროულად მათთვის ზეგანაკვეთური ანაზღაურების მიღების უფლებით სარგებლობისათვის ასევე განსხვავებული პირობების შემოღება.

ამ უაღრესად მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს პროფკავშირები იძულებული გახდა შესაბამისი სარჩელებით მიემართა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ასოციაციის თავისუფლების კომიტეტისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს შრომის კოდექსი საერთოდ დუმს ყოველკვირეული დასვენების დღეების შესახებ, ისევე როგორც არანაირ სტანდარტს არ ადგენს შესვენების დროსთან დაკავშირებით. საქართველოს კანონმდებლობა არც ღამით მუშაობისათვის აწესებს რაიმე შეღავათს. არადა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რატიფიცირებული კონვენციები, ისევე როგორც ევროპის სოციალური ქარტია და გაეროს შესაბამისი აქტები, ზემოთ ნახსენები ყველა საკითხის დარეგულირებისათვის სრულიად კონკრეტულ ვალდებულებებს აკისრებს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას.

აღნიშნული და სხვა უამრავი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ხარვეზის გამო იმატა საწარმოო კონფლიქტებმა. ერთის მხრივ გრძელდება დამსაქმებელთა თავნებობა როგორც კერძო, ისე სახელმწიფო კომპანიებში და ცხოვრებაში არ სრულდება დასაქმებულთა სასარგებლოდ შრომის კანონმდებლობაში 2013 წელს შესული ცვლილებების უმრავლესობა, ხოლო მეორეს მხრივ კვლავ გრძელდება დამოუკიდებელი პროფკავშირების და მათი აქტიური წევრების დევნა, დაშინება და შანტაჟი. ამ უსამართლობის და უკანონობის ნათელი მაგალითებია:

–       საქართველოს განათლების სექტორში სამინისტროს ჩინოვნიკების და სკოლების მოქმედი და ყოფილი დირექტორების მიერ დაფუძნებული ყალბი პროფკავშირი, რომელიც სამინისტროს ადმინისტრაციულ-ფინანსური რესურსებით შეუზღუდავად სარგებლობს და უკანონო მოქმედებებით ხელს უშლის ფუნქციონირებაში პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს;

–        საქართველოს ფოსტაში სახელმწიფოს დანიშნული დირექტორის უშუალო მითითებით, მისი მოადგილეების მიერ ე.წ. ფოსტის მუშაკთა შრომითი უფლებების დამცველი ორგანიზაციის შექმნა და პარალელურად კომპანიაში არსებული დამოუკიდებელი პროფკავშირის ლიდერების და წევრების სამსახურიდან დათხოვნა, არსებული კოლექტიური ხელშეკრულების იგნორირება და პროფკავშირისათვის ფინანსური პრობლემების შექმნა;

–       საქართველოს რკინიგზაში კომპანიის ხელმძღვანელების პირდაპირი კონტროლის ქვეშ მყოფი ყალბი პროფკავშირის ფუნქციონირება და დემოკრატიულად შექმნილი პროფკავშირის წევრების შანტაჟისა და დაშინების უამრავი ფაქტი.

 

სამწუხაროდ, ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს რეფორმა დასაქმებისა და სოციალური დაცვის სფეროებში. აქამდე გადადგმული ნაბიჯები ან არასაკმარისია, ან გვერდს უვლის მთავარ გამოწვევებს:

– დღემდე არ არსებობს ფუნქციონირებადი და სრულფასოვანი დასაქმების სახელმწიფო სააგენტო;

– არ იდგმება ნაბიჯები დასაქმების აქტიური პოლიტიკის გატარების მიმართულებით;

–  არ არსებობს ახალგაზრდების დასაქმების, მათთვის სწავლისა და საწარმოო პრაქტიკის შეთავსების, შეგირდობის დანერგვის და განვითარების ეფექტური პროგრამები;

–  კვლავ გადაუჭრელია შესაძლებლობაშეზღუდული ადამიანების დასაქმების ხელშეწყობისა და მათი შრომითი პოტენციალის თავისუფლად გამოყენების პრობლემები;

–   არ ხდება უმუშევართა და დასაქმების მსურველთა აღრიცხვა;

–  არ არსებობს უმუშევრობის დაზღვევის ინსტიტუტი;

– კერძო და საჯარო სეტქორებში მოქმედი მინიმალური ხელფასის ოდენობები კვლავ ღრმად არაადეკვატურია რეალობისა;

– პროფესიული განათლების სისტემა კვლავ სუსტადაა განვითარებული, ვერ პასუხობს შრომის ბაზრის მოთხოვნებს და არაა მიმზიდველი ახალგაზრდა თაობისათვის.

აღნიშნულის ფონზე, მისასალმებელია მთავრობის მცდელობა ცალკეული ეკონომიკური მიმართულებებით მოახდინოს  გარღვევა, თუმცა აშკარაა, რომ ამ მოქმედებებს სჭირდება მეტი სტრატეგიზაცია, სისტემურობა და კოორდინირება. მაგალითად, სახელმწიფომ სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა 2013-2014 წწ. და მოახერხა ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციისათვის რუსეთის ბაზრის გახსნა. თუმცა ამ სექტორში კვლავაც დაბალი რჩება  შრომისნაყოფიერება და მწარმოებლურობა. იმედია, სოფლად კოოპერაციის ელემენტების შემოტანის მცდელობა, რაც ამჟამად ხორციელდება სახელმწიფოს ხელშეწყობით, უახლოეს მომავალში გარკვეულ ხელშესახებ შედეგებს მოიტანს.

ასევე, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის ამოქმედებამ გაზარდა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა, თუმცა ამავდროულად სერიოზული გამოწვევებიც წარმოქმნა მედიცინის სფეროში დასაქმებულთა და პაციენტების წინაშე. ამ გამოწვევებს შორისაა შრომითი დატვირთვების მნიშვნელოვანი ზრდა შრომის ანაზღაურების ადეკვატური მატების გარეშე. ამ ფონზე გასაკვირი არაა, რომ პრობლემად რჩება სამედიცინო მომსახურების ოპერატიულობა და ხარისხი, განსაკუთრებით რეგიონებში.

ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი კვლავაც მაღალია. 2014 წლის მარტში,  საჯარო სამსახურისა და ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ კანონებში  შეტანილმა ცვლილებებმა შესაძლოა უმუშევრობის მაჩვენებლები კიდევ უფრო გააუარესოს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არსებობს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია, რომელიც მოწოდებულია მთავრობის, დამსაქმებლებისა და პროფკავშირების მონაწილეობით სოციალური დიალოგის ფორმატში  განიხილოს ზემოთაღნიშნული ყველა პრობლემა და გამოწვევა, დაარეგულიროს ყველაზე მწვავე საწარმოო კონფლიქტები  და შეარბილოს სოციალური დაძაბულობა, ამ ინსტიტუტის პოტენციალის ეფექტურად გამოყენება  ჯერ კიდევ მომავლის პერსპექტივაა.

საქართველოს პროფკავშირები მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოიყენოს ყველა რესურსი, მათ შორის უპირველესად სოციალური პარტნიორობის პოტენციალი, რათა ევროკავშირში ინტეგრაციის თანმხლები ყველა სიკეთე და შესაძლებლობა, სრულად იქნას ათვისებული ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ. საქართველოს მშრომელებისათვის ევროპული არჩევანი უკავშირდება ქვეყანაში ღირსეული შრომის პრინციპების დამკვიდრებას, ევროპული სტანდარტების შესაბამისი შრომის სამართლიანი და უსაფრთხო პირობების შექმნას, გამართულად ფუნქციონირებად შრომის ბაზარს, მაღალხარისხიან სოციალურ დაცვას, ინტენსიურ სოციალურ დიალოგს ხელისუფლებასთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან თანასწორობის საფუძველზე.

აღნიშნული პრინციპებისადმი ერთგულებისა და მშრომელი მოსახლეობის პატივისცემის ნიშნად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობას (მათ შორის გერმანიას, საფრანგეთს, იტალიას, ესპანეთს, ფინეთს, პოლონეთს, ავსტრიას, ბელგიას და სხვა) 1 მაისი ეროვნულ დღესასწაულად და შესაბამისად უქმე დღედ აქვს გამოცხადებული. ეს დღე უქმეა ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებში დასაქმებული ყველა თანამშრომლისთვისაც. ამასთან, მსოფლიოს ყველა ცივილიზებულ ქვეყანას აქვს დაწესებული „შრომის დღე”, რომელიც შეესაბამება მათ ტრადიციებსა და ჩვეულებებს. სამწუხაროა, რომ საქართველო ამ მხრივაც უარყოფითი გამონაკლისია. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის წინ ამ პრინციპული ხარვეზის გამოსწორება საქართველოს ხელისუფლების მიერ იქნებოდა როგორც სიმბოლური, ასევე ღრმა ფასეულობითი არჩევანის შინაარსის მატარებელი გადაწყვეტილება. მშრომელებისთვის ევროკავშირში ინტეგრაცია ხომ სწორედ დემოკრატიული, სოციალურად სამართლიანი და სოლიდარული საზოგადოების ჩამოყალიბებას გულისხმობს.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება                        2014 წლის 1 მაისი

1 maisi 2011