15 დეკემბერს, ბრიუსელში, საერთაშორისო პროფკავშირების პან-ევროპული რეგიონალური საბჭოს (PERC) რიგით მესამე ასამბლეა ჩატარდა, სადაც ევროპის პროფკავშირების რეგიონალური საბჭოს პრეზიდენტად საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი აირჩიეს. სხდომას 100 -ზე მეტი დელეგატი დაესწრო 45 სხვადასხვა ქვეყნიდან. პეტრიაშვილის კანდიდატურას მხარი დელეგატთა სრულმა უმრავლესობამ დაუჭირა. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ევროპის პროფკავშირების სათავეში 4 წლიანი ვადით იქნა არჩეული. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო მასშტაბით ასეთი მაღალი რანგის თანამდებობა საქართველოს წარმომადგენელმა პირველად დაიკავა.
პროფკავშირების პან-ევროპული რეგიონალური საბჭო მსოფლიო პროფკავშირების კონტინენტალური სტრუქტურაა ევროპაში. ის აერთიანებს 85 მილიონამდე წევრსა და 89 სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე პროფკავშირულ ორგანიზაციას.
რა ძირითად საკითხებზე მუშაობს ევროპის პროფკავშირების რეგიონალური საბჭო; როგორია მათი სამომავლო ხედვები; რა როლს შეასრულებს საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარის არჩევა ევროპის პროფკავშირების პრეზიდენტად საქართველოსათვის, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით გთავაზობთ ინტერვიუს ირაკლი პეტრიაშვილთან.
– საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარის არჩევა ევროპის პროფკავშირების რეგიონული საბჭოს პრეზიდენტად, შეიძლება ითქვას ნიშნავს იმას, რომ ევროპის პროფკავშირების პოლიტიკას, სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს, საქართველოს წარმომადგენელი განსაზღვრავს. როგორ მივიდა საქართველო და ირაკლი პეტრიაშვილი PERC-ამდე? რა პროცესები უძღოდა წინ ამ გამარჯვებას?
– თუ როგორ მოვედით აქამდე, ამას ყველაფერს ერთად ვაბრალებ, მათ შორის ჩემს ხასიათსაც, იმას, თუ როგორ ვმართავდი წლების განმავლობაში ჩემს თანამებრძოლებთან ერთად ამ ორგანიზაციას, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებას. ცოტა უფრო უკან რომ გავიხედოთ, ეს ალბათ ჩემი ოჯახის დამსახურებაცაა, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულად მგრძნობიარე იყო გაჭირვებული ადამიანებისადმი, ასევე, რა თქმა უნდა ჩემი მოადგილეების, მეგობრების, პროფკავშირების თითოეული წევრის და მათი, ვისაც ჰქონია რაიმე შეხება ჩვენს საქმიანობასთან. შესაბამისად, ეს არ არის მხოლოდ ჩემი წარმატება, ეს კოლექტიური და გუნდური წარმატებაა. ეს არის იმ გუნდის აღიარება, რომელიც ყოველთვის ადეკვატური იყო იმ პროცესებთან მიმართებაში, რაც ქვეყანაში ხდებოდა. თუ რა უძღოდა წინ ამ აღიარებას, ამისთვის აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რა ხდებოდა ქვეყანაში, როდესაც მე და ჩემი გუნდი მოვედით პროფკავშირებში. არ დამავიწყდება გულანთებული ახალგაზრდები, რომლებსაც უნდოდათ შეეცვალათ მაშინდელი პროფკავშირები და ეს ორგანიზაცია ყოფილიყო ქვეყნის აღმშენებლობის, დემოკრატიის განვითარების ავანგარდში. არა მხოლოდ იდეები გვაწუხებდა, არამედ პროფესიონალურ დონეზე გვქონდა გათავისებული, თუ რა და როგორ უნდა გაგვეკეთებინა დემოკრატიისა და სამოქალაქო თვითშეგნების განვითარებისთვის, სამოქალაქო სოლიდარობის გაძლიერებისთვის და გვსურდა ამაში ჩვენი წვლილი შეგვეტანა. როდესაც ჩვენ მოვედით პროფკავშირებში, ეს ემთხვევა იმ პერიოდს, როცა იცვლება ხელისუფლება 2003 წელს. რა თქმა უნდა, მაშინ გვეგონა, რომ ამ პროცესებით იწყებოდა დემოკრატიის განვითარება, თუმცა ფაქტია, რომ წლების განმავლობაში მთავრობისგან შანტაჟისა და დევნის მეტი არაფერი მოგვიღია. ძალიან მძიმე პირობებში გვიწევდა მუშაობა და ამის გახსენება ემოციების გარეშე ძალიან რთულია.
როცა საქართველო საერთაშორისო მედიაში იყო „დემოკრატიის შუქურა“, ჩვენგან და მეტი არავისგან იღებდა ევროპა და ამერიკა რეალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში, როცა ისმენდნენ იმ კრიმინალური ზეწოლების შესახებ, რაც ხორციელდებოდა ჩვენს წევრებზე და ჩვენზე ჩვენზე. ეს იყო ნგრევა პროფკავშირული ორგანიზაციების, ადამიანების დაბარება და იძულება, დაეტოვებინათ ეს ორგანიზაცია; ეს იყო სოციალური დიალოგისა და მთლიანად იმ ევროპული ღირებულებების უგულვებელყოფა, საითაც დეკლარირებულად მივისწრაფოდით. ყველა კარი, ფაქტობრივად, იყო დახურული. პედაგოგს ჩვენთან შეხება უჯდებოდა სამსახურის დატოვებად, ასეთივე პირობები იყო შექმნილი რკინიგზელებისთვის, სხვადასხვა საწარმოების მუშებისთვის, სხვა დასაქმებულებისთვის. როდესაც კოლექტიურ ხელშეკრულებაზე ვიწყებდით საუბარს, გვპასუხობდნენ, რომ „კოლექტივი“ და „კომუნიზმი“ დიდიხანია დაამთავრეს, ასე ასოცირებდნენ ჩვენს ორგანიზაციას საბჭოთა კავშირთან. ტერმინოლოგიის გამოც კი მარგინალიზებულები ვიყავით, როდესაც „მუშათა მოძრაობას“ ან სიტყვა „მუშას“ ვიყენებდით. მოკლედ, სიმწარე – უამრავი გვახსოვს, თუმცა, რაც ყველაზე მთავარია და რამაც მიგვიყვანა ევროპის პროფკავშირებამდე, სწორედ ისაა, რომ ჩვენ ყოველთვის ვამხელდით ხელისუფლების ასეთ რიტორიკას, მათ საქციელს, მათ თითოეულ ნაბიჯს. ჩვენ ახლაც იგივეს ვაკეთებთ და მომავალშიც იგივეს გავაგრძელებთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საზოგადოება არ არის მზად სამოქალაქო თვითშეგნების დონეზე და არ გვაქვს სოლიდარობის ის ხარისხი, რომ გაჭირვებულ ადამიანებს გვერდში დავუდგეთ. ამიტომაც არსებობს ცივილიზებული დასავლეთი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ პროცესებზე გავლენის მოხდენა შეგვიძლია და რასაც ვცდილობდით. ეს იყო ის, რაც მათ დააფასეს ჩვენში.
ამ წლებში, არ გვქონდა პროფკავშირების აპარატის წევრებისთვის გასასტუმრებელი სახელფასო თანხებიც კი, ბიუჯეტი თითქმის არ არსებობდა სწორედ პროფკავშირული ორგანიზაციების ნგრევიდან გამომდინარე და მხოლოდ ენთუზიაზმის ხარჯზე ვარხერხებდით სტრუქტურის რეფორმირებას, გაფიცვებსაც კი, რომლებსაც სოლიდარობის ფონდი ჭირდება, რისთვისაც თანხები არ იყო, თუმცა არასოდეს დავნებებულვართ და ნასესხები საწვავით წავსულვართ გაფიცვაზე. ასეთი ფაქტები უამრავია, რაც ევროპელმა კოლეგებმა ჩვენგან ყოველთვის იცოდნენ. რეგულარულად ვამზადებდით ანგარიშებს, ვაწყობდით შეხვედრებს, სადაც ევროკომისრებთან, ევროპარლამენტარებთან ერთად განვიხილავდით ამ მძიმე მდგომარეობას და ხელთ გვქონდა სხვადასხვა დოკუმენტური მასალები, რაზე საუბარიც აკრძალული იყო ქვეყნის შიგნით და ცხადია, ამის გამო გვექმნებოდა სხვადასხვა პრობლემა.
სწორედ ეს გახდა მიზეზი, რატომაც 2011 წელს, ფებე ელიზაბეტ ველასკესის ჯილდო გადმომეცა, როგორც საუკეთესო პროფკავშირულ ლიდერს. ეს იყო პირველი აღიარება, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ 2006-2007 წლებში ვწინასწარმეტყველებდით რა მოხდებოდა ქვეყანაში, რა პროცესებთან გვექნებოდა საქმე, რეგულარულად ვსაუბრობდით ინტერვიუებში, თუ რა ელოდებოდა ქვეყანას ასეთი მართვის პირობებში. 2006 წლიდან, ეს უკვე ცნობილი იყო ჩვენთვის და როგორც შეგვეძლო საზოგადოებისთვის ხმის მიწვდენა, ვაწვდიდით – იქნებოდა ეს აქციების მეშვეობით თუ სხვა, და თქვენ გახსოვთ, როგორ ისჯებოდა ყველანაირი აქცია ამ პერიოდში და ასეთი „ხმამაღალი“ ინტერვიუებიც. რაც შეეხება ტელეეთერს, როგორც მაშინ იყო ის დახურული პროფკავშირებისთვის, ახლაც ისეა დახურული. ამით იმის თქმა მინდა, რომ ცხადია, არც ახლა ვართ კომფორტში.
– რა შეგიძლიათ გამოყოთ იმ ძირითადი მიღწევებიდან, რომელიც პროფკავშირებში მოსულმა ახალმა გუნდმა შეძლო თქვენი მეთაურობით?
– პირველ რიგში, ეს იყო პროფკავშირების რეფორმირება, რომელიც განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენდა პოსტ-საბჭოთა სივრცეში. მიზანი იყო აბსოლუტურად განსხვავებული პროფკავშირის ჩამოყალიბება, როგორც ორგანიზაციის, ისე შიდა სტრუქტურის დონეზე. დავიწყეთ მაქსიმალურად ლიბერალური მმართველობა იმ თვალსაზრისით, რომ ყველა თანამშრომელს ვაძლევდით და ვაძლევთ საშუალებას, მაქსიმალურად გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი, რადგან სწორედ გუნდი აღწევს წარმატებებს და არა ერთი პიროვნება. ჩვენთვის ღირებულია კადრები, რომლებიც სოციალური შეგნებით და იდეოლოგიურად უდგებიან ამ საქმიანობას, ყოფნით განცდა იმისა, რომ მიზნებს ერთობლივად უნდა მიაღწიონ.რა თქმა უნდა, აზრთა სხვადასხვაობა სულ არის, მაგრამ მთავარია ვიცით ვინ არის მოყვარე, ვინ არის მტერი ამ შემთხვევაში. რომელია ჩვენი ინტერესი, ანუ ხალხის ინტერესი, და რომელი არა. არის საკითხები, სადაც უნდა ვიკამათოთ ბუნებრივია და ეს უფრო პროდუქტიულს ხდის სამუშაო პროცესს, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა – პლურალიზმი, გამჭვირვალობა.
ასევე სხვადასხვა კანონპროექტები, რომლებსაც ვამზადებდით – მსოფლიო ბანკიდან დაწყებული, ამერიკელი რესპუბლიკელებით დამთავრებული, ყველას წინააღმდეგ მხოლოდ ჩვენ გავწიეთ ოპონირება. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი სიცოცხლის ნიშანწყალი მაშინ ჩვენს ორგანიზაციას აღარ ჰქონდა, ოფისიც კი, მაინც მოვახერხეთ, რომ უბრალოდ არსებობა გავაგრძელეთ, ესეც მიღწევაა. გარდა ამისა, შევქმენით ახალი დარგები. არაფორმალურ ეკონომიკაში, ვერავინ შექმნა პროფკავშირები. გავაჯანსაღეთ პროფკავშირული ურთიერთობები, დამოკიდებულებები. ორგანიზება შევძელით, ესაა მთავარი. და ის, რაც დღეს ხდება, რომ იქმნებიან ახალი პროფკავშირული ორგანიზაციები, სწორედ იმ წლების დამსახურებაა, როცა სოფელ-სოფელ, ქარხანა-ქარხანა დავდიოდით და ადამიანებს ვესაუბრებოდით პროფკავშირული ბრძოლის, მათი უფლებების შესახებ, მათი ცხოვრების უკეთესად ქცევის შესახებ. სხვა საკითხია, ჰქონდათ თუ არა მათ საშუალება, ეს ცოდნა ადგილზე გამოევლინათ იმ პოლიციური რეჟიმის პირობებში, სადაც ვცხროვრობდით, თუმცა ფაქტია, რომ როგორც კი მათ მიეცათ თავისუფლება, დაიწყეს ბრძოლა საკუთარი უფლებებისათვის. ჩვენ ეს მოვახერხეთ მიუხედავად იმისა, რომ იოტისოდენა ხელშეწყობა არ გვიგვრძვნია მთავრობისაგან. საუბარი არც კი ეხება სახელმწიფოსაგან დაფინანსებას, უბრალოდ ხელშეწყობა იყო საჭირო. ყური მაინც რომ დაეგდოთ ჩვენთვის, დღეს, ბუნებრივია, ბევრად უფრო წინ ვიქნებოდით დემოკრატიისა და ჩვენი მისწრაფებების კუთხით.
10 000-იანი და 8 000-იანი აქციების ჩატარება მოვახერხეთ პირველივე წლებში, ასეთმა დისკრედიტებულმა ორგანიზაციამ, მაშინ ახალი შრომის კოდექსი შედიოდა ძალაში. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ძნელია წარმოიდგინო იმაზე უარესი შრომის კოდექსი, რაც 2013 წლამდე გვქონდა, ჩვენ მისი პირველი ვერსია ყველგან და ყველა დონეზე ვამხილეთ და შევძელით კიდეც გარკვეული ცვლილებების შეტანა მასში.
– ისიც საინტერესოა, რომ ამ პერიოდში არათუ სახელმწიფოს არ ჰქონდა არავითარი სოციალური მგრძნობელობა, არამედ არ არსებობდა არც ერთი ძლიერი ორგანიზაცია, რომელიც მუშაობდა თუ არა, დაინტერესებული მაინც იქნებოდა სოციალური თემებით…
– ჩვენ შეგვიძლია ბევრი ვისაუბროთ პროფკავშირის სისუსტეებზეც, თუმცა რეალობა ისაა, რომ ასეთ პირობებში ჩვენ აქ ცალკე „სამოთხეს“ ნამდვილად ვერ შევქმნიდით. პროფკავშირების მიმართ ან იყო საბჭოთა ნოსტალგია – „სად არის საგზურები“, ან გვაბრალებდნენ, რომ ვიყავით ხელისუფლების დანამატი – ხან ვინ გვაკონტროლებდა, ხან ვინ. საბოლოო ჯამში, სწორედ ამ მხილებებმა თუ ანგარიშებმა აჩვენა, რომ პროფკავშირი, თავისი წევრების გარდა, არავიზე დამოკიდებული არასდროს ყოფილა და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახოს ეს მასალები.
ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების კულტურაც მთავრობა ხომ, გარკვეულწილად, საზოგადოების ნაწილია. თუ რამდენად მოდის რეალურად შესაბამისობაში სახელმწიფო უწყებებზე მოფრიალე ევროკავშირის დროშები ევროპულ ღირებულებებთან სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე, ესმით რა არის სოციალური დიალოგი და ა.შ. საზოგადოებას,რომელიც ჯერ კიდევ მატერიალურ სარგებელს ელის პროფკავშირისგან, რთულია აუხსნა, რომ მათ პროფკავშირმა სოციალური დიალოგი მოუტანა, ან შრომის ინსპექცია, კოდექსში შეტანილი ცვილებები და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა ეს პირდაპირ არ ავსებს თითოეული ოჯახის ჯიბეს, მაგრმა პროფკავშირის გარეშე, მთლიანად სამყაროში და არა მარტო საქართველოში, ბევრად უფრო რთული იქნებოდა დასაქმებულთა მდგომარეობა დღესდღეობით.
– რას მოუტანს საქართველოს თქვენი გამარჯვება? კონკრეტულად რა სარგებელს მიიღებს ჩვენი ქვეყანა ამ პროცესებში როგორც შიდა, ისე საერთაშორისო დონეზე?
– როგორც თქვენთვის ცნობილია, მე ვთანამშრომლობ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით არა მხოლოდ ევროპელ პროფკავშირებთან, არამედ პოლიტიკოსებთან, ევროსტრუქტურებში მომუშავე ადამიანებთან. ნებისმიერი საკითხი, ნებისმიერი კერძო შემთხვევა თუ ინიციატივა, რომელიც საქართველოს პროფკავშირებს ექნებათ, უკვე აღარ იქნება მხოლოდ მათი ინიციატივა, არამედ ეს იქნება ევროპის პროფკავშირების პრეზიდენტის სახელით გაჟღერებული საკითხები, რაც, იმედი მაქვს, მნიშვნელოვნად წაგვწევს წინ მიზნების მიღწევისკენ როგორც ევროპაში, ისე საქართველოში.
აუცილებლად მეტი ინტერესი იქნება ევროპისგან საქართველოს მიმართ, ქართველი დასაქმებულების, მათი ყოფის მიმართ. იმ ნაკლოვანებებზე, რაც სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის კუთხით, სოლიდარობის კუთხით გვაქვს, პირდაპირ პირველ პირებთან შემიძლია ვისაუბრო და ვიმუშაო. ამ კუთხით ძალიან ბევრია გასაკეთებელი და იმედი მაქვს, რომ ევროპელების ყურადღებას ამ საკითხებზე მაქსიმალურად გავამახვილებ, რადგან ჩემი სოციალური პარტნიორია ევროპის საბჭო, საპარლამენტო ასამბლეა და ასე შემდეგ. ეს საშუალებას მომცემს უკეთესად მოვახდინო მობილიზება ქართველი პარლამენტარების ჩართვისა ევროკომისრების მუშაობაში, ევროსაბჭოში.
ერთადერთი მიზეზი, რატომაც ვრჩები საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარედ, ეს არის ის, რომ შევძლო სარგებლის მოტანა იმ ხალხისთვის, რომელთა დამსახურებითაც გავხდი ევროპის პროფკავშირების პრეზიდენტი. ამ თანამდებობებზე ერთდროულად ყოფნის საშუალებას მაძლევს როგორც ევროპის პროფკავშირების წესდება, ისე საქართველოს პროფკავშირების წესდება. წარმატებული ქართველები ხშირად ივიწყებენ საკუთარ ქვეყანას. მე მინდა, რომ ეს სტერეოტიპი დავამსხვრიო. ვნახოთ, რამდენად მომცემს ამის საშუალებას ორგანიზაციის სტრუქტურა და ეს თანამდებობა, მაგრამ ჩემი სურვილია ამ თანამდებობით ამ ქვეყანას გამოვადგე. ესაა სარგებელი, რომელიც შეიძლება მიიღოს ჩვენმა საზოგადოებამ ამ პროცესებისგან.
– ბრიუსელში, საარჩევნო გამოსვლისას, თქვენ წარადგინეთ თქვენს მიერ შემუშავებული 4 წლიანი სამოქმედო გეგმა ევროპის პროფკავშირების რეგიონული საბჭოსთვის. კონკრეტულად რას მოიცავს ეს პროგრამა?
– წლების განმავლობაში, ჩემსა და ევროპის პროფკავშირის წევრებს შორის, ხშირად იყო აზრთა სხვადასხვაობა მრავალ საკითხზე. ჩემდა გასაკვირად, ოთხწლიან პროგრამას, რომელიც მე PERC-ს შევთავაზე საარჩევნო გამოსვლისას, მოწინააღმდეგე არ ჰყოლია. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არიყო წინასაარჩევნოდ დაწერილი ტექსტი, რომელსაც ვინმე უნდა მოეხიბლა. გარკვეულწილად თავშეკავბულიც კი იყო და აქ იყო დასმული ისეთი საკითხები, რომლებსაც შესაძლოა უკურეაქცია გამოეწვია და ჩემი კანდიდატურის წინააღმდეგ მიეცათ ხმა. თუმცა, ჩემდა გასაოცრად არც ერთი მოწინააღმდეგე არ ჰყოლია ამ პროგრამას.
ძირითადი საკითხი ისაა, რომ პროფკავშირები ნელ-ნელა კარგავს თავის პოზიციებს მთელ მსოფლიოში და ამის გამომწვევ სხვადასხვა მიზეზებს ასახელებენ. ჩემთვის, როგორც პროფკავშირის ერთი წევრისთვის, აღქმა ცოტა სხვანაირია. ჩვენ რაც გვაქვს დღეს – იქნება ეს 8 საათიანი სამუშაო დღე, გაფიცვის უფლება, კონვენციები, შვებულება, პენსია, ბიულეტინი – საავადმყოფო ფურცელი და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი ჩვენი პროფკავშირელი წინაპრების შრომით არის მოპოვებული. დღეს ამ მიღწევებიდან ხან რას გვართმევენ, ხან რას. სწორედ იმიტომ, რომ პირადად ჩვენი ნაოფლარი არ არის ეს მიღწევები, მეტ-ნაკლებად მარტივად ვეგუებით მათ დათმობას. ვფიქრობ, სანამ ჩვენ ჩვენსას არ მოვიპოვებთ და არ ვნახავთ, თუ რამხელა შრომა სჭირდება პროფკავშირული ისტორიის წიგნში ჩვენი გაკეთებული საქმის ჩაწერასაც, მანამდე ვერ დავაფასებთ პროფკავშირების ისტორიულ მიღწევებს.
აქედან გამომდინარე, ჩემი შეთავაზება ევროპელების მიმართ იყო ის, რომ პრობლემას ბრძოლა უნდა იქ, სადაც ეს პრობლემა წარმოიქმნება და არა პოსტ-ფაქტუმ, რადგან თუ ჩვენ ვებრძვით შედეგებს და არა მიზეზებს, შედეგები ისე ჩააღწევს ევროპამდე, როგორც ჩააღწია ლიტვამდე და საფრანგეთამდე ჩვენმა შრომის კოდექსმა მას შემდეგ, რაც ლაბორატორიულად გამოგვცადა მსოფლიო ბანკმა და სხვა ორგანიზაციებმა. როცა მიგრაციას ევროპის შუაგულში ებრძვი და ზოგჯერ საკმაოდ არაცივილიზებული მეთოდებით, ეს შედეგებთან ბრძოლაა. როცა საქართველოს პროფკავშირები ამბობს, რომ ჯანდაცვა უნდა იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი და განათლება უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი, თუ ასეთი საკითხებისთვის ევროპელები ყველა ქვეყანაში დაიწყებენ ბრძოლას, მაშინ რეალურად შეიძლება მივაღწიოთ შედეგებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მიაღწევენ იმას, რომ თავისი ფეხით ჩაუვათ ეს პრობლემა.
ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ევროპაში დღეს ისაა, რომ ელექტრონული სამუშაო ადგილები შთანთქავს ფიზიკურ სამუშაო ადგილებს, თუმცა მათ უნდა გააცნობიერონ, რომ ჩვენნაირ ქვეყნებში ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება. რომ მაგალითად, ფოსტაში დამსაქმებელი გვყავს, რომელმაც შრომითი ერთიერთობები საერთოდ არ იცის, რას ნიშნავს, არ იცის როგორ უნდა მართოს საქართველოს ფოსტა, სახელმწიფო კომპანიას, რომ ქვეყანას თავი არ მოეჭრას და დასაქმებულები არ ფიქრობდნენ იმას, როდის წავიდოდა ხელისუფლება და როდის ამოისუნთქებდნენ შვებით. ევროპელებს სხვა კონტექსტი აქვთ, მაგრამ თუ ისინი ჩვენთან ერთად აქ არ შეებრძოლებიან ფოსტას, რკინიგზას, სხვა ექსპლუატატორულ საწარმოებს, შემდგომ მოუხდებათ ბრძოლა ამ პრობლემებთნ საკუთარ სახლში.
სამყარო იმდენად გლობალურია და ეკონომიკა განსაკუთრებით, რომ პრობლემები, რომლებიც ჩვენს წინაშე დგას, არაა ცალკეული და ამას ერთობლივად, სოლიდარულად უნდა ვებრძოლოთ. გერმანელმა შეიძლება მიაღწიოს მინიმალური ხელფასის მაღალ ზღვარს, მაგრამ ხვალ აუცილებლად ჩავა იქ ემიგრანტი მესამე სამყაროს ქვეყნიდან და იმ ზღვარის დაწევას მოახდენს იმით, რომ არალეგალურ შრომით უერთიერთობაში შევა დასაქმებულთან და როგორც იაფი მუშახელი, კონკურენტი იქნება იმ გერმანელი მოქალაქისთვის. რისი მაგალითებიც არის ევროპაში და ეს პრობლემები საკმაოდ მწვავედ დგას. რა თქმა უნდა, ამისგან მოგებას მხოლოდ დამსაქმებელი ნახავს. ფაქტია, რომ ეს არ კონტროლდება რეპრესიული მექანიზმებით. როცა ადამიანს შია და სწყურია, პოლიცია ამას ვერ შველის. თუ ბიზნესს, ამხელა კორპორაციებს გლობალიზაცია აძლევს საშუალებას გადაადგილდნენ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, სადაც მოგებას ნახავენ, ასე მარტივად, წარმოვიდგინოთ, რომ დასაქმებულ ადმიანებსაც უჩნდებათ სურვილი უკეთეს გარემოში ცხოვრებისა და წასვლის იქ, სადაც ღირსეულად მოეპყრობიან და არა მონურად.
სწორედ ეს შევთავაზე მე მათ, რომ ამ თემებზე ვისაუბროთ და გამოვიყენოთ ევროსაბჭო ამ კუთხით. მე გავხდი პრეზიდენტი, რაც პირველი წინაპირობაა იმისა, რომ მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ამ საკითხებზე მუშაობა რეალურია ევროპის დონეზე.
თუნდაც ერთი ანტიპროფკავშირული, ანტიჰუმანური კორპორაცია რომ დავამარცხოთ, იმ მხრივ რომ მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიოთ მასთან ბრძოლაში, გავაგებინოთ ჩვენი ძალა – ერთის მხრივ მოიტანს იმას, რომ საერთო წარმატებას გავუგებთ გემოს და მეორეს მხრივ, სხვები გააცნობიერებენ ჩვენს ძალას. ასეთი ქსელური კომპანიები ბევრია : „ფასტ-ფუდები“, ტექსტილის ფაბრიკები, სასტუმროების ქსელები. პერკის სტრუქტურა ლისაბონიდან ვლადივასტოკამდეა გადაჭიმული და ქსელურ კომპანიებს შეგვიძლია დავანახოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია. ამის მიღმა კი საერთო ძალისხმევით შეგვიძლია ვიმუშაოთ ევროპარლამენტთან ევროსტრუქტურებთან, რომ ცხოვრების, დემოკრატიის დონე ქვეყნებში გასაუმჯობესებელია. სწორედ ამას ვგულისმხობ როცა ვამბობ, რომ პრობლემა არ უნდა გადაადგილდეს. ის სათავეშივე იქნება ლოკალიზებული და მოგვარებული.
– რამდენად დიდი გავლენა აქვს პროფკავშირების პან-ევროპულ საბჭოს ევროკავშირის პოლიტიკაზე?
– აბსოლუტური უმრავლესობა PERC-ის ქვეყნებიდან არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების პროფკავშირები – არც რთი სხდომა, შეხვედრა, პროფკავშირებთან კონსულტაციის გარეშე არ მიმდინარეობს, ასეთია ევროპული კულტურა და ბუნებრივია, ევროკავშირი ითვალისწინებს იმ საკითხებს, რასაც პროფკავშირები სვამენ. როცა საბჭოს 80 მილიონამდე წევრი ჰყავს და 90-მდე ორგანიზაციას აერთიანებს, ასეთი მასშტაბის ორგანიზაციის გავლენა, ვფიქრობ, საკმარისია ჩვენი ქვეყნის ინტერესების გატარებისათვის ევროპაში.
– რა აერთიანებს ქართველ დასაქმებულებს ევროპელ დასაქმებულებთან?
– საერთო პრობლემები მშრომელებს აქვთ იმდენად, რამდენადაც ნეოლიბერალიზმის ტენდენცია ყველგანაა. პრობლემა შეიძლება იქ იყოს ელექტრონული სამუშაო ადგილები, ჩვენთან შრომის ინსპექცია, თუმცა საერთო ისაა, რომ დასაქმებულ ადამიანს უჭირს დღეს და ის ითვლება გაჭირვებულად, მაშინ, როცა ის არ უნდა ითვლებოდეს გაჭირვებულად. ვფიქრობ კანონზომიერია, რომ ცხოვრებამ ისეთ ორგანიზაციაში მომიყვანა, სადაც დასაქმებული ადამიანების ინტერესები უნდა იყოს დაცული და სამწუხაროა, რომ დასაქმებულებს ძალიან უჭირთ არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ ზოგადად. დასაქმებულთა სოციალური მდგომარეობა, კეთილდღეობა გლობალურად უფრო და უფრო უკან მიდის. ტენდენციაა, რომ სოციალური სტანდარტები, შრომითი სტანდარტები ნებისმიერ ქვეყანაში უფრო და უფრო დაბლა იწევს. ესაა სწორედ საერთო, რომ მშრომელ ხალხს საერთო ინტერესები და მიზნები გვაქვს და ვართ ერთმანეთის დები და ძმები, მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რადგან ჩვენ ან ერთად მივაღწევთ იმას რომ ვიცხოვროთ ღირსეულად, სამართლიანად, თანასწორად, ან ერთად გავაგრძელებთ ამ უსამართლო სისტემაში ცხოვრებას.