მიმდინარეობს საიტის განახლება

საქართველოს პროფკავშირების დელეგაცია ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის კონგრესზე

ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის კონგრესი 29 სექტემბერს, პარიზში გაიხსნა. კონგრესში საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ლიდერები, ირაკლი პეტრიაშვილი და გოჩა ალექსანდრია დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობენ. გლობალურ პროფკავშირულ შეხვედრაზე სიტყვა წარმოთქვეს საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა და პარიზის მერმა, სოციალისტმა ანა იდალგომ. გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს ევროპის სოციალური მოდელის განვითარებისა და კიდევ უფრო განმტკიცების აუცილებლობას, ასევე, სოციალური დიალოგის მნიშვნელობას მთავრობებს, პროფკავშირებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის.

საკუთარ გამოსვლაში, ფრანსუა ოლანდმა აღნიშნა, რომ ეკონომიკური განვითარება აუცილებლად შეფერხდება, თუ მის პარალელურად სამუშაო ადგილებზე სოციალური დიალოგი არ განვითარდა. მისი თქმით, აუცილებელია საერთო კეთილდღეობის პრინციპების ერთგულება და ქვეყნებში შექმნილი დოვლათის სამართლიანად გადანაწილება, რადგან ბიზნესის თუ ქვეყნების საერთო წარმატებაში ყველა მოქალაქეს, და მათ შორის უმთავრესად – მშრომელებს, განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ. ოლანდმა, ასევე ხაზი გაუსვა ევროპის პროფკავშირების კონფედერაციასა და ევროკავშირის მთავრობას შორის სოციალური დიალოგის ახალ, უფრო მაღალ ეტაპზე გადატანის საჭიროებას, რადგან, მისი განცხადებით “დამტკიცებული ფაქტია, რომ კრიზისთან გამკლავება მშრომელების უფლებების შემცირებით და მკაცრი ეკონომიკური ზომებით კი არა მათი წარმომადგენლობით ორგანიზაციებთან კიდევ უფრო ინტენსიური სოციალური დიალოგით და კოლექტიური მოლაპარაკებების ხელშეწყობითაა შესაძლებელი”. საფრანგეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ახალი ევროდირექტივის მიღება ერთი და იგივე სამუშაოს შესრულებისთვის, ან თანაბარი ღირებულების სამუშაოს შესრულებისთვის- თანაბარი ანაზღაურების გარანტიების შესახებ – განურჩევლად იმისა, თუ ევროკავშირის რომელ ქვეყანაში ცხოვრობს და მუშაობს ესა თუ ის მშრომელი.

ევროკომიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა, ოლანდის მსგავსად, საკუთარ გამოსვლაში ასევე გაამახვილა ყურადღება სოციალურ დიალოგზე, რომელიც, მისი თქმით, ყოველთვის იყო და უნდა დარჩეს მთავარ საკითხად ევროპის პოლიტიკურ-ეკონომიკური ცხოვრებაში. მისი განცხადებით, მოკლევადიანი კონტრაქტების პარაქტიკისა და დაუცველი შრომის გავრცელების წინააღმდეგ განსაკუთრებული ბრძოლაა საჭირო. იუნკერის თქმით, ის ვერ იდგებოდა ახლა ასეთ ტრიბუნაზე, ვერ მიიღებდა განათლებას და ვერაფერს მიაღწევდა ცხოვრებაში, მის მეტალურგ მამას მოკლევადიანი კონტრაქტი ან არასტაბილური სამუშაო რომ ჰქონოდა.
იუნკერი მიგრანტების ევროპაში გადინებასაც შეეხო და განაცხადა, რომ ამ პროცესს ევროპა კი არ უნდა ებრძოლოს, არამედ უნდა უხაროდეს, რადგან მიგრანტებს ევროპა (და არა რუსეთი ან აზია) გადარჩენის, მშვიდობიანი ცხოვრების და განვითარების ადგილად მიაჩნიათ.

ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი, შეხვედრაზე პროფკავშირებთან თანამშრომლობის საკითხებს შეეხო და განაცხადა, რომ ევროპარლამენტის კარი, რომელიც პროფკავშირებისთვის მუდამ ღიაა, კიდევ უფრო ფართოდ გაიღება. მან ასევე ხაზი გაუსვა ევროპის სოციალური მოდელის შენარჩუნება-გაძლიერების საჭიროებას და კოლექტიური მოლაპარაკებები, სოციალურ დიალოგთან ერთად, ევროკავშირის წარმატების ღერძად წარმოაჩინა. ასევე, აღნიშნა, რომ ევროკავშირი აქტიურად უნდა უჭერდეს მხარს მშრომელთა ინტერესებს, იცავდეს მათ სოციალურ უფლებებს, შრომით უფლებებს – რომელიც არ უნდა იზღუდებოდეს და რომელსაც ხელი უნდა შეუწყონ ხელისუფლებებმა. შულცის აზრით, სწორედ ეს არის დემოკრატიის განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობა.

რაც შეეხება პარიზის მერის, ანა იდალგოს გამოსვლას, მან ისაუბრა იმაზე, რომ წარსულში იყო შრომის სახელმწიფო ინსპექტორი, ფრანგული პროფკავშირების სერიოზული აქტივისტი შრომითი უფლებებისთვის ბრძოლაში. იდალგო შეეხო სოციალური დიალოგის მნიშვნელობასაც, შრომითი უფლებების კიდევ უფრო დახვეწას და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებას.

გთავაზობთ ფოტოებს ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის კონგრესიდან

21261328223_afcfc84117_z
21697748809_c2d575c4f1_z
21872653962_7634f690e1_z
21261340743_89e832eb33_z
21856262576_32942320cc_z
21892072861_6e3b566731_z