მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

საქართველოს პროფკავშირული მოძრაობის გამოცდილებიდან

საქართველოს პროფკავშირული მოძრაობას მდიდარი გამოცდილება გააჩნია და ამ გამოცდილებიდან საჭირო დასკვნების გამოტანა მხოლოდ გააძლიერებს მის მნიშვნელობას ჩვენი საზოგადოების როგორც სოციალურ, ასევე ეკონომიკურ ცხოვრებაში.

1921 წლის თებერვალი საქართველოს სახელმწიფოებრიობის, მისი საზოგადოების დიდი გამოცდის საწყისი გახდა.თბილისმა 1921 წლის 5 თებერვალს ანკარიდან ულტიმატუმი, ხოლო 16 თებერვლიდან მოსკოვიდან სამხედრო ინტერვენცია მიიღო. რევოლუციის ექსპორტის შემცველ ამ სამხედრო ინტერვენციას,  20 თებერვლიდან ანკარის ტერიტორიების რევიზინისტული სამხედრო ინტერვენცია დაემატა. 1921 წლის 25 თებერვალს თბილისში რევკომმა საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადა.

საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1919 წლის 11-16 აპრილის პირველ ყრილობაზე დაფუძნებული ქართული პროფკავშირები, მისი ცენტრალური საბჭო ქვეყანაში სამხედრო ინტერვენციით განხორციელებული რევოლუციის ექსპორტის გამო  გზაგასაყარზე აღმოჩნდა.

ახალ რეჟიმს ჰაერივით ესაჭიროებოდა ფართო სოციალური ბაზა და ახალი რესპუბლიკის გამოცხადების მეორევე დღესვე, 26 თებერვალს  მისმა მხარდამჭერებმა თბილისში პროფაქტივის კრება გამართეს. ამ კრებაზე მიღებულ იქნა რეზოლუცია რომელმაც პროფკავშირების მთავარ ამოცანად კლასობრივი დიქტატურის დედაბოძად ქცევა დასახა. კრებამ ახალი რეჟიმის წარმმართველი პოლიტიკური პარტია თავის ხელმძღვანელად სცნო, მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს პროფკავშირების პირველ ყრილობაზე არჩეული ცენტრალური საბჭოს გადარჩევისა და პროფკავშირების დროებითი საორგანიზაციო კომიტეტის არჩევის შესახებ. 27 თებერვალს ამ კომიტეტმა თავის მდივნად გ. დ. ყურულაშვილი ( 1937 წლის იგი რეპრესირებულ იქნა) აირჩია. 12 მარტს დროებითი საორგანიზაციო კომიტეტი საქართველოს პროფკავშირების აღმასრულებელ კომიტეტად გარდაიქმნა.  14 მარტს გ. დ. ყურულაშვილი ამ კომიტეტის პრეზიდიუმის თავმჯდომარედ აირჩიეს.

საქართველოში ფუნდამენტურად შეცვლილი პოლიტიკური სისტემისა და მისი თანმდევი ახალი ეკონომიკური პოლიტიკის (нэп) პირობებში გ. დ. ყურულაშვილსა და მის აღმასრულებელ კომიტეტს რა თქმა უნდა უწევდათ ისეთ საკითხებზე ზრუნვა როგორიც იყო: სურსათი, ტარიფები, მომარაგება, მუშათა კოოპერატივები, მშრომელთა საბინაო პირობები, მათი სოციალური დაზღვევა, შრომის დაცვა, კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობა, საწარმოო ნიშნით პროფორგანიზაციების მოწყობა, პროფკავშირების ახალი ყრილობის მომზადება. მაგრამ ყველა ეს აქტივობა მხოლოდ ახალი რეჟიმის დოქტრინის და არ პროფკავშირების დამოუკიდებელი პოზიციის საფუძველზე ხორციელდებოდა.

მომხდარი ცვლილებებიდან გამომდინარე 1921 წლის 5-6 მაისს თბილისში პროფკავშირელთა წარმომადგენლობითი თათბირი გაიმართა. თათბირზე მიღებულ    გადაწყვეტილებით 1921 წლის 12-18 ივნისს თბილისში  საქართველოს პროფკავშირების პირველი კონფერენცა გაიმართა. მას 214 გადამწყვეტი ხმის და 20 სათათბირო ხმის მქონე დელეგატი დაესწრო. კონფერენციამ აირჩია რესპუბლიკური საბჭო. პროფკავშირების რესპუბლიკურმა საბჭომ 18 ივნიის აირჩია 7 კაციანი პრეზიდიუმი, პრეზიდიუმის თავმჯდომარედ ლ. ე. დუმბაძე( 1937 წელს იგი რეპრესირებულ იქნა ), ხოლო პრეზიდიუმის მდივნად გ. დ. ყურულაშვილი აირჩია.

სამხედრო ინტერვენციითა და რევოლუციის ექსპორტით პროფკავშირების სათავეში აღმოჩენილ ადამიანებს ახლი რეჟიმის პოლიტიკური სტაბილურობის მსახურება მოუწიათ. ამ რეჟიმის ახალმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ (нэп) და მისმა თანმდევმა სატარიფო პოლიტიკამ საქართველოს მუშათა კლასში ის შედეგი გამოიღო, რომ ნოემბრის დამდეგისთვის დაიწყო მზადება მუშათა საყოველთაო გაფიცვისთვის. აქ  კი პროფკავშირების რესპუბლიკურმა საბჭომ მუშათა კლასის ეკონომიკურ და სოციალურ ინტერესებზე მაღლა ახალი რეჟიმის პოლიტიკური სტაბილურობა და ამ რეჟიმის ახალი ეკონომიკური პოლიტიკის (нэп) განხორციელება დააყენა.  საყოველთაო გაფიცვას მათ პოლიტიკური პროვოკაცია უწოდეს. ამ ფაქტმა ნათლად აჩვენა რომ პროფკავშირების რესპუბლიკური საბჭო მუშების როგორც კლასის ეკონომიკური და სოციალური ინტერესების გამოხატვას უმორჩილებდა არსებულ პოლიტიკურ კონიუნქტურას.

1922 წლის 5-9 თებერვალს 193 დელეგატის მონაწილეობით საქართველოს პროფკავშირების მეორე ყრილობაც  გაიმართა, მაგრამ ამ ყრილობამ ნათელი გახადა, რომ მომხდარმა ცვლილებებმა ისტორიულად უმოკლეს ხანში საქართველოს პროფკავშირები დამოუკიდებელი საზოგადოებრივი გაერთიანებიდან, სამხედრო ინტერვენციისა და რევოლუციის ექსპორტის შედეგად წარმოშობილი პოლიტიკური სისტემის სოციალური სტრატეგიის განმახორციელებელ ერთ-ერთ ორგანოდ გარდაქმნა. ყრილობაზე ბევრი საკითხი ამ სტრატეგიის შესაბამისად  განიხილეს  (საერთაშორისო და საშინაო მდგომარეობა, პროფსაბჭოს პრეზიდიუმის, სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოსა და  შრომის სახალხო კომისარიატის მუშაობა, ახალი ეკონომიკური პოლიტიკის (нэп) პირობებში გადასაწყვეტი ამოცანები, სატარიფო პოლიტიკა, ორგანიზაციული მშენებლობა, შრომის დაცვა და მუშათა სოციალური დაზღვევა, კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობა, ამიერკავკასიის პროფკავშირების გაერთიანება, პროფინტერნი, ვლგისპირეთის მოშიმშილეთა დახმარება, ორგანიზაციული საკითხები).

მეორე ყრილობაზე არჩეული  პროფკავშირების რესპუბლიკური საბჭო მხრიდან ახალი რეჟიმისადმი მსახურება იქამდე მივიდა რომ 1922 წლის 6 ივნისს თავის პლენუმზე მან დაგმო 1922 წლის 24, 25 და 26 მაისს ოთხნახევარი საუკუნის შედეგ აღდგენილი, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დასაცავად გამართული საპროტესტო აქციები.

1921 წლის გაკვეთილები ბევრ რამეს გვეუბნება: სამხედრო ინტერვენცია, თუნდაც ის რევოლუციის ექსპორტს ემსახურებოდეს ანგრევს პროფკავშირების, როგორც დამოუკიდებელი საზოგადოებრივი გაერთიანების სტატუსს,  ართმევს მას  პროფკავშირის ჭეშმარიტი როლის, განსაკუთრებით კი მშრომელთა სოციალური, შრომითი და მატერიალური ინტერესების სრულყოფილად წარმომადგენლობის ფუნქციას. ეროვნული დამოუკიდებლობის ხელმყოფ ინტერვენტს, თუნდაც ის რევოლუციის ექსპორტიორი იყოს, არ აინტერესებს სოციალური სამართლიანობა. მან ვინც არაფრად არ მიიჩნია სხვა ხალხის სახელმწიფოებრიობა, არ შეჩედება მხოლოდ სახელმწიფოს დააკნინებაზე, ის აუცილებლად ფიქციად აქცევს ამ ხალხის სამოქალაქო და სოციალურ ორგანიზაციებს, საკუთარ სტრატეგიას დაუმორჩილებს ამ  ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებას, ეკონომიკას, მის შრომით პოტენციალს.

დამოუკიდებლობა, სოცალური სამართლიანობა და მოქალაქეთა ურთიერთ თანადგომა საზოგადოების ყველა წევრს აძლევს განვითარების მყარ საფუძველს. ეს უცილობელი ფაქტია. 1921 წლის გაკვეთილები კი გვეუბნება „ ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნეს“, როგორც ქვეყანას, შრომით მცხოვრებ ადამიანებს, მათი სამართლიანი ინტერესების დამცველ დამოუკიდებელ საზოგადოებრივ ერთობას – პროფკავშირებს.

დავით  არაბიძე