27 იანვარს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში შედგა შეხვედრა პროფესიული კავშირების საერთაშორისო კონფედერაციის წარმომადგენელთან გრიგორი გრადევთან. ამ შეხვედრაზე ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ: საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, გაერთიანების აპარატის უფროსი ლაშა ბლიაძე, საქართველოს მეტალურგიის, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირი – თავმჯდომარე თამაზ დოლაბერიძე, საქართველოს რკინიგზის მუშაკთა ახალი პროფკავშირი – თავმჯდომარე ვიტალი გიორგაძე, თავმჯდომარის მოადგილე ილია ლეჟავა, კავშირის გამგეობის წევრი თეიმურაზ ბერიძე, საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირი – გიორგი დიასამიძე, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირი – სპარტაკ ვარძელაშვილი, საქართველოს ვაჭრობის მუშაკთა და თვითდასაქმებულთა პროფკავშირი – თავმჯდომარე მირანდა მანდარია, საქართველოს მედიცინის მუშაკთა პროფკავშირი – რუსუდან ქარქაშაძე, თბილისის მეტროპოლიტენის პროფკავშირი – ზურაბ აფციაური, პროფკავშირების გაერთიანების აპარატის მუშაკები და მოწვეული ქართველი სტუდენტი-ახალგაზრდობა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა შრომის ამერიკული ფედერაციის-სამრეწველო პროფკავშირების კონგრესის სოლიდარობის ცენტრის წარმომადგენელი საქართველოში სტანისლავ ჩენიუხი.
გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი მიესალმა პროფკავშირელთა საქმიან შეხვედრას და გამოთქვა სურვილი, რომ ამ ძალისხმევამ მოიტანოს ძლიერი პროფკავშირული სოლიდარობა ქართველ და ევროპელ პროფკავშირელებს შორის, რათა ქართული სოციალურ-ეკონომიკური ნორმატივები იყოს ანალოგიური ევროპული ნორმატივებისა, რომ დასაქმებულები საქართველოში ევროპული სტანდარტების შესაბამის უსაფრთხო და ღირსეული სამუშაო ადგილებით სარგებლობდნენ და დასაქმების მაძიებლებს გზა ხსნილი ჰქონდეთ ახალი სამუშაო ადგილებისკენ. ასოცირებამ ევროპასთან პირველ რიგში უნდა მოიტანოს ევროპული ტიპის სოციალური დიალოგი და სოციალური პარტნიორობა, რათა სოციალური პროგრესი და სასიკეთო გარდაქმნები ხალხის ცხოვრებაზე უშუალოდ აისახებოდეს.
პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის წარმომადგენელმა გრიგორი გრადევმა მისასალმებელ სიტყვაში განაცხადა რომ ასეთი შეხვედრებით ქართული პროფკავშირები მიიღებენ სათანადო ინფორმაციას თუ ევროპის კავშირთან ასოცირების პროცესის შედეგად რა კონკრეტული სარგებელი იქნება მიღწეული საქართველოს მშრომელებისთვის. მან აღნიშნა რომ ევროპის კავშირმა კრიტიკულად გადააფასა წარსული და უარი განაცხადა მკაცრ მონეტარულ პოლიტიკაზე, რადგან ”ქამრების შემოჭერის” პოლიტიკამ სრული კრახი განიცადა. ამ ცვლილებების ფონზე იმედია რომ საქართველოც ევროპის მსგავსად, სინქრონულად დაიწყებს ცვლილებებს, რათა სოციალური პარტნიორობის პრინციპების შესატყვისი გახადოს საქართველოს შრომის კანონდებლობაც და შრომითი ურთიერთობებიც. ამ გზაზე კი ევროპელი პროფკავშირელები მტკიცედ იდგებიან ქართველი პროფკავშირელების გვერდით.
გრიგორი გრადევმა მიმართა დამსწრეებს გამოეთქვათ მათი მოსაზრებები და კითხვები საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის ასოცირებული ურთიეთობების თაობაზე.
საქართველოს ვაჭრობის მუშაკთა და თვითდასაქმებულთა პროფკავშირის თავმჯდომარემ მირანდა მანდარიამ გამოთქვა დაინტერესება დაზუსტებული ყოფილიყო ის კონკრეტული სარგებელი და შეღავათები, რასაც საქართველოს მშრომელები ევროპის კავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით რომ მიიღებენ?
საქართველოს რკინიგზის მუშაკთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარის ვიტალი გიორგაძის შეკითხვა ეხებოდა იმ ცვლილებებს, რომელსაც ასოცირების შეთანხმება შეიტანს საქართველოში არსებულ შრომით ურთიერთობებში: ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება, შრომის სამართლებრივი და ტექნიკური უსაფრთხოების დაცვა, სოციალური პარტნიორობის განვითარება. ეს ცვლილებები რამდენად ღრმა და ყოვლის მომცველი იქნება?
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების აპარატის უფროსი ლაშა ბლიაძე დაინტერესდა საკითხით, სავარაუდოდ 2016 წლიდან ევროპის კავშირში შესასვლელად საქართველოს მოქალაქეთათვის ვიზების საჭიროების მოხსნის შემდეგ, როგორ შეძლებდა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ევროპაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების შრომითი უფლებების დაცვას და ინტერესების წარმომადგენლობას?
საქართველოს მეტალურგიის, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარემ თამაზ დოლაბერიძემ აღნიშნა რომ ევროპის კავშირის რეკომენდაციები და ინიციატივები მიმართული საქართველოში შრომითი და სოციალური კანონმდებლობისა და პრაქტიკის ჰუმანიზაციისკენ პრაქტიკულად არ სრულდება. მაგალითისთვის შეიძლება ითქვას რომ შრომის უსაფრთხოების საკითხის მოსაგვარებლად შემოტანილი მოკრძალებული ცვლილებაც კი მინდობილია დამსაქმებლის სუბიექტურ ნებაზე. პროფკავშირის ლიდერი დაინტერესდა თუ რა მეთოდიკისა და ტაქტიკის გამოყენებით შეუძლია ევროპის კავშირს ხელი შეუწყოს საქართველოს მშრომელთათვის ასე აუცილებელი ცვლილებების განხორციელებას?
საქართველოს რკინიგზის მუშაკთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილე ილია ლეჟავა დაინტერესდა ევროპის კავშირის მხრიდან საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური და უფლებადაცვითი მდგომარეობის მონიტორინგის ფორმითა და სისტემით?
გრიგორი გრადევმა განმარტა, რომ ევროპის კავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმება 243 თავისაგან შედგება, რომლის 30-ე თავი პირდაპირ ეძღვნება შრომით საკითხებს. ევროპის კავშირის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმება დამოკიდებულია ასოცირების შეთანხმებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, რაც უფრო სწრაფად შესრულდება ეს ვალდებულებები მით უფრო სწრაფად მოხდება სავიზო რეჟიმის გაუქმება. ევროპის კავშირის წევრ თითოეულ ქვეყანას აქვს დასაქმების საკუთარი რეგულაციები. ევროპაში მზარდი უმუშევრობაა, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში, ანტიმიგრაციული განწყობებიც სულ უფრო და უფრო მატულობს და ამ ფაქტორს საარჩევნო ბატალიებში აქტიურად იყენებენ პოლიტიკური ძალები. დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში ბულგარელობა და რუმინელობა თითქმის არასაურველ ფაქტორად განიხილება.
დღეს ევროპის კავშირში სამუშაო ადგილი შეიძლება მოიძიონ მხოლოდ განსაკუთრებით მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებმა, ხოლო არალეგალურ შრომით მიგრაციას ევროპაში გამალებით ებრძვიან. ქართულმა პროფკავშირებმა შრომითი მიგრაციის მსურველებს უნდა გააცნონ ევროპის კავშირის შრომის ბაზარზე რეალურად არსებული ვითარება, თორემ შეიძლება განმეორდეს ის, რაც მოხდა ბალტიის რესპუბლიკების, პოლონეთის, რუმინეთისა და ბულგარეთის შრომითი მიგრანტების მიერ დასავლეთ ევროპაში ჩასვლის დროს, როცა მაღალი კვალიფიკაციის სპეციალიტები დამხმარე მუშაკებად საქმდებოდნენ. ქართულმა პროფკავშირებმა უნდა ითანამშრომლონ ევროპელ კოლეგებთან, მათთან ერთად უნდა დაგეგმონ საქართველოდან ჩასული შრომითი მიგრანტების სოციალური და შრომითი ინტერესების დაცვის ღონისძიებები.
ევროპის კავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აწესებს მინიმალურ სტანდარტებს, რომლის ქვემოთაც ასოცირების მსურველი ქვეყანა ვერ დაუშვებს სოციალურ-შრომით სტანდარტებს, ეს განსაკუთრებით ეხება საქართველოსთვის ასე მნიშვნელოვან შრომის უსაფრთხოების სტანდარტებს.
სოციალური დიალოგის მუშაობა დამოკიდებულია ქართული პროფკავშირების აქტიურ პოზიციაზე, ქაღალდზე დატანილი რაიმე გარანტია არ არსებობს, სოციალური დიალოგი ევროპიდან შემოთავზებული რეკომენდაციაა, რომელიც საქართველოში უნდა შეივსოს რეალური შინაარსით. ევროპის კავშირში 28 ქვეყანაა და თითოეულ მათგანში სოციალური დიალოგის თავისებური მოდელია, ერთადერთი ევროპული მოდელი არ არსებობს. ქართულმა პროფკავშირებმა უნდა შეიმუშავონ სტრატეგია ქართულ სოციალურ დიალოგთან დაკავშირებით. სოციალური დიალოგი ნებაყოფლობითია, მაგრამ ორგანიზებულ და კოორდინირებულ პროფკავშირებს ანგარიშის უწევენ, მათთან სოციალურ პარტნიორობას ანხორციელებენ.
ისტორიული პროცესების შედეგად ევროპაში ზოგადად სოციალური დიალოგის ორი ფორმატი განვითარდა: ორმხრივი (ბიზნესი და პროფკავშირები) და სამმხრივი (ბიზნესი, პროფკავშირები და მთავრობა). ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში არსებობენ საწარმოო, სატარიფო, საინფორმაციო-საკონსულტაციო საბჭოები, მოქმედებენ შრომის პალატებიც. ევროპის კავშირის სტანდარტების შესაბამისად მათ არ შეუძლიათ ჩაანაცვლონ პროფკავშირები თავის ფუნქციებშიც, მეტიც ისინი არ დებენ კოლექტიურ შრომით ხელშეკრულებებს და არც გაფიცვის მოწყობის უფლებამოსილება არ გააჩნიათ, საერთაშორისო ასპარეზზეც მხოლოდ პროფკავშირებს შეუძლიათ მშრომელთა წარმომადგენლობა.ამ ორგანოების არჩევნებში პროფკავშირებს შეუძლიათ და უნდა მიიღონ კიდეც აქტიური მონაწილეობა და ეს ორგანოები რეალურად უნდა აქციონ მშრომელთა ინტერესების სასარგებლოდ მომუშავე ორგანოებად.
შრომის უსაფრთხოება ევროპის კავშირისთვის არა მხოლოდ სოციალური, არამედ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხიც არის და ეკონომიკურიც, რადგან ევროპული პოზიციაა – ყველა ეკონომიკურ სუბიექტს საერთო ბაზარზე საერთო პირობები და სტანდარტები უნდა ჰქონდეთ. ევროპის კავშირი მონიტორინგსა და საჭიროებისას სანქციებს მხოლოდ იმისთვის იყენებს რომ სამუშაო ადგილებზე ადამიანებია არ სახიჩრდებოდნენ და არ იღუპებოდნენ. ქართულმა პროფკავშირებმა აქ განსაკუთრებული ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ, რადგან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები უკვე რამდენიმე წელიწადში უნდა ამოქმედნენ.
ევროპის კავშირის კომისია არის საქართველოში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური და უფლებადაცვითი მდგომარეობის მონიტორინგის მთავარი განმახორციელებელი, საქართველოსთან მიმართებაში აღმოსავლეთის პარტნიორობის პროცესის ფარგლებში შეიქმნება სათანადო კომიტეტი, რომლის მუშაობაშიც ჩაერთვებიან ქართველი პროფკავშირელებიც, რომელთაც მხარს დაუჭერენ ევროპელი პროფკავშირელები.
შეხვედრის დასასრულს პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის წარმომადგენელს გრიგორი გრადევს სამახსოვროდ გადაეცა საქართველოს რეგიონების ისტორიულ-კულტურული ძეგლების ამსახველი რუკები.