მიმდინარეობს საიტის განახლება

საქართველოს პროფკავშირების წარმომადგენელი დუბლინში გამართულ BWI-ის კონფერენციაზე

2014 წლის 14–18 ოქტომბერს საერთაშორისო გლობალური პროფკავშირების – BWI-ის მოწვევით, საქართველოს მშენებელთა და ტყის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე, ქალბატონი მარინა კურტანიძე იმყოფებოდა ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში გამართულ ევროპულ რეგიონალურ კონფერენციაზე,  რომლის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ BWI-ის წევრი ორგანიზაციები სხვადასხვა ქვეყნებიდან. კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ წარმომადგენლები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციიდან და ფრიდრიხ ებერტის სახელობის ფონდიდან.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ BWI-ის გენერალური მდივანი ამბეტ იუსონი და ევროპის გენერალური მდივანი მარიონ ჰელმანი.

“ღონისძიება მეტად საინტერესოდ წარიმართა. მოვისმინეთ  სხვადასხვა ქვეყნების მშენებელთა და მეტყევეთა საქმიანობის შესახებ, ვისაუბრეთ დასაქმებულთა პრობლემებზე, არსებული პრობლემების დაძლევის გზებზე, პროფკავშირების მიღწევებზე.  ჩავატარეთ ფლეშმობი  ლოზუნგით “წითელი ბარათი ფიფას“ , რაც მიზნად ისახავს მშენებელთა შრომისა და უსაფრთხოების  პირობების მხარდაჭერას სპორტული კომპლექსების მშენებლობებზე.  დავსახეთ სამომავლო მოქმედების პერსპექტივები.  ამას გარდა, მონაწილეობა მივიღე ევროპის ქალთა კომიტეტის მუშაობაში, რომლის წევრადაც ამირჩიეს“ – ამბობს მარინა კურტანიძე.

კონფერენციაზე მიღებულ იქნა რეზოლუცია, მოხდა  ევროპის კომიტეტის ახალი კანდიდატურების რეკომენდაციების განხილვა, რომელის დამტკიცდება მოხდება შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში მიმდინარე წლის ნოემბერში.

მარინა კურტანიძის განცხადებით, ირლანდიაში გამართულმა კონფერენციამ განსაკუთრბეულად თბილ და საქმიან ვითარებაში ჩაიარა.1