საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სესიაზე სიტყვით გამოვიდა. ირაკლი პეტრიაშვილმა 172 ქვეყნის ხელისუფლების და პროფკავშირების ლიდერს მიმართა და ყურადღება გაამახვილა საქართველოში არსებულ ვითარებაზე და ადამიანისა და შრომითი უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე. პეტრიაშვილს წელს განსხვავებული და მოკლე გამოსვლა ჰქონდა. გასული წლებისგან განსხვავებით- მან აღნიშნა, რომ პროფკავშირები ახალი ხელისუფლების პირობებში ახალ რეალიაში და სხვა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. პეტრიაშვილმა იმ დადებით ტენდენციებზე ისაუბრა, რომელიც პროფკავშირების საქმიანობას უკავშირდება. განმარტა, რომ ახალი ხელისუფლების მხრიდან – პროფკავშირული ორგანიზაციების ნგრევა, თავად მისი და სხვა პროფკავშირული ლიდერების დაშანტაჟება და მათზე ზეწოლა აღარ მიმდინარეობს. პროფკავშირებს ნორმალური და თავისუფალი მოქმედების უფლებას არავინ უზღუდავს, აღარ ხდება პროფკავშირების საქმიანობაში სახელმწიფო სტრუქტურების თუ ძალოვანების ჩარევა.
გამოსვლა იმითაც განსხვავდებოდა, რომ პეტრიაშვილს აღარ დასჭირვებია იმ გრძელი სიის და მუხლების ჩამოთვლა, რომელიც ფეხქვეშ თელავდა და ეწინააღმდეგებოდა ადამიანის უფლებების გაეროს და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციების კონვენციებს, საყოველთაოდ აღიარებულ სტანდარტებს. პეტრიაშვილმა გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ მთავრობის მხრიდან- პროფკავშირების მიმართ, აღარ გამოიყენება სიძულვილის ენა, თუმცა აქვე ისაუბრა ახალი შრომის კოდექსის დადებით და უარყოფით მხარეებზე და ადამიანის უფლებების ახალ საფრთხეებზე. თქვა, რომ შრომის კანონმდებლობა არ არის სრულყოფილი და მასში კვლავ რჩება ასოციაციის დ მასში მონაწილეობის გამო სამსახურის დაკარგვის საფრთხე, დისკრიმინაციულია სამუშაო კვირის დრო და კვლავ არ მუშაობს სოციალური დიალოგის სახელმწიფო კომისია. პეტრიაშვილის გამოსვლას ისმენდნენ ევროკავშირის და გაეროს მაღალი თანამდებობის პირები. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 106 -ე სესია ჟენევაში იმართება. შვეიცარია შსო-ს მასშტაბურ კონფერენციას ყოველწლიურად მასპინძლობს და მასზე მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში არსებულ ეკონომიკურ და დასაქმების სფეროში არსებულ მდგომარეობას განიხილვენ